top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

სახარების სიხარული ზარების რეკვით


მალე, თბილისის ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების ტაძარში, კურთხევიდან 25 წლისთავთან დაკავშირებით, პოლონეთის მიერ შემოწირული ახალი ზარი განთავსდება, პრეზიდენტ ლეჰ კაჩინსკის (1949–2010) ხსოვნის პატივსაცემად. ამასთან დაკავშირებით, გთავაზობთ ზარის შესახებ მოკლე მიმოხილვას, რადგან მიმაჩნია, რომ ზარი ასევე არის სახარების სიხარულის მაუწყებელი.      


მსოფლიოს ქალაქებსა და სოფლებში სამოქალაქო კოშკები და ეკლესიის სამრეკლოები ადგილობრივი ისტორიისა და კულტურის მდუმარე მოწმენი არიან. მათი მონუმენტური სახის მიღმა იმალება სასიცოცხლო ელემენტები: ზარები (და საათები). ეს ბრინჯაოს გიგანტები მხოლოდ მუსიკალური ინსტრუმენტები როდი არიან: ისინი ინახავენ ტრადიციის სუნთქვასა და რწმენის სულიერებას, როგორც დრო-ჟამისა და საეკლესიო მსახურების მცველები, ერთ-ერთ ბგერას, ყველაზე მეტად რომ ვართ მიჩვეულები. მათი შექმნისა და ფუნქციონირების უკან ყოველთვის დგანან ხელოსნები, თავიანთი ოსტატობით, რომლებიც თავს არ ზოგავენ ხელოვნების დასახვეწად და უძველესი და უნიკალური ხმოვანი მემკვიდრეობის დროში შესანარჩუნებლად, რომლის ფართო მასშტაბით გავრცელება VIII-IX საუკუნეებში დაიწყო.


ყოველდღე, ზუსტად დილის ექვს საათსა და საღამოს ცხრა საათზე, ისევე, როგორც მრავალ უძველეს ქრისტიანულ ქვეყანაში, თბილისის ქუჩებსაც ეფინება სამების დიდი ზარის ხმა; შესაძლოა, უგულისყუროდ ან ყურადღებით აღვიქვამთ მის ნელ და საზეიმო ხმიანობას.


ლეონარდო და ვინჩი თავის ნაშრომში „ტრაქტატი ფერწერის შესახებ“ წერდა, რომ ზარების ხმაში შეიძლება მოიძებნოს ყოველი სიტყვა, რომლის წარმოდგენაც შეგვიძლია.


თითქოს ზარი სცნობდეს საკუთარ ხმას, როგორც ზარზე წარწერაშია ნათქვამი: „Laudo Deum verum, plebem voco, congrego clerum, defunctos ploro, pestem fugo, festa decoro“ (ვადიდებ ღმერთს, ვუხმობ ხალხს, მოვუწოდებ სამღვდელოებას, ვლოცულობ მიცვალებულთათვის, განვარიდებ ჭირს, ვალამაზებ დღესასწაულებს).


ასე იქცა ზარების ხმა აკუსტიკურ ფენომენად და ემოციების წყაროდ, რომლებიც ერთმანეთს მისდევენ, ერწყმიან ზეცას, სახურავებზე ქადაგებენ, დროს აღნიშნავენ, უწყებას უგზავნიან იმათ, ვინც ჯერ კიდევ ამჩნევს მათ და სურთ მათი ხმის მოსმენა.


ყოველი ზარის მიღმა არის სახელი, ისტორია, შეუდარებელი ჟღერადობის ნაჭდევი ფსიქიკის ღრმა წიაღში. დიდი და ღია სივრცისთვის შექმნილი მუსიკა შორ მანძილზე გზავნილების გადასაცემად წარმოიშვა, ძირითადად რელიგიური ხასიათის გზავნილის, არცთუ იშვიათად, სამოქალაქო გზავნილისაც; ყოველი მოვლენისთვის ზარი აჟღერებდა თავის სიტყვას, რომელსაც წარსული ყოველდღე აწვდიდა აწმყოს, აყალიბებდა ჟღერადობის ძლიერ ტრადიციას. ამჟამად არსებული აურზაური, რელიგიური გულგრილობა, ცხოვრების შეცვლილი წესები აკნინებს ზარების ჟღერადობას აზრსმოკლებულ ხმიანობამდე, ხოლო სამრეკლოს - აკუსტიკურ შუქურამდე, თითქმის სულ რომ ჩამქრალია.


მართალია, დღეს ზარების ჟღერადობა ტრანსპორტის დაუნდობელ ხმაურსა და ორომტრიალშია ჩაძირული, მაინც ინარჩუნებს განსაცვიფრებელ სიდიადესა და ელეგანტურობას და არემარეში ჰარმონიულ ხიბლს ავრცელებს.

დაღუპულთა საერთაშორისო ზარი როვერეტოში (იტალია)

ისტორიაში იყო ეპიზოდები, როდესაც ზარებმა დაკარგეს თავიანთი ფუნქცია: ისინი გაიტანეს ეკლესიებიდან და მონასტრებიდან სამხედრო მიზნებით, გავიხსენოთ მუსოლინის კანონი იტალიაში 1942 წელს, ან 1930 წლის კანონები, როდესაც ზარების რეკვა აკრძალული იყო მთელ საბჭოთა კავშირში. სამრეკლოდან ჩამოაგდეს კიდეც ზარები. არად დაგიდევდნენ მის ისტორიულ- მხატვრულ ღირებულებას. ბევრი ზარი გადაადნეს და სამშენებლო თუ  სხვა მიზნებისათვის გამოიყენეს. 1932 წელს მოსკოვში 100 ტონა ზარი გადაადნეს ლენინის სახელობის ბიბლიოთეკის ახალი შენობის გორელიეფების (მაღალი რელიეფების) გასაკეთებლად.


დამუშავება

ზარი ჩამოსხმულია ბრინჯაოსაგან (78% სპილენძია, 22% კალა, ვერცხლის მცირე შემცვლელობით), ფორმით ჰგავს თავდაყირა ვაზას, საყრდენად აქვს სახელურები. ზარის დამუშავების პირველ ეტაპზე იქმნება ყალიბი, რომელიც შედგება სამი ნაწილისაგან: ბირთვი, ცრუ ზარი და გარე საფარი, ე.წ. მანტია (ან პერანგი). ბირთვი წარმოადგენს ზარის ფორმას და მის შესაქმნელად პირველად იგება აგურის კონსტრუქცია, რომლის ცენტრში იკიდება მბრუნავი ღერძი, რაზედაც ხის ზარის ფორმის შაბლონი თავსდება.


ცრუ ზარი შემდეგნაირად მიიღება: შაბლონი, რომელიც შიგნით ღრუა და აქვს ნახვრეტი ზედა ნაწილში, შემდგომ, გლუვი ზედაპირის მიღებამდე, იფარება სპეციალური თიხის ფენებით, რომელიც მდგრადია ლითონის კოროზიის მიმართ. თიხის სხვადასხვა ფენას აშრობენ ცხელი ნახშირით, რომელსაც აგურის ბირთვის შიგნით ათავსებენ, ფუძეში გაკეთებული სავენტილაციო ღიობებით. შაბლონის ამოღების შემდეგ მიიღება ცრუ ზარი, რომელიც ნამდვილი ზარის ზუსტი ასლია. მასზე იკვეთება გამოსახულებები და ფრიზები, რითაც უნდა გაფორმდეს ზარი. ცრუ ზარს უკეთდება სპეციალურად მომზადებული ცვილის ფრიზების აპლიკაცია და ასოები წარწერებისათვის.

მონმარტრის წმიდა გულის ბაზილიკა პარიზში

მომზადების ბოლო ეტაპია ზარის მანტია, რომელიც მიიღება ცრუ ზარზე თიხის სხვა თანმიმდევრული ფენების გადაფარვით, რათა წარმოიქმნას გარე ფენა, რომელიც ბრინჯაოს ჩამოსხმამდე კარგად უნდა ხურავდეს ცრუ ზარს. შემდეგ ცეცხლს ანთებენ ბირთვის შიგნით, რათა ცრუ ზარზე მოთავსებული ცვილის ფენა დადნეს, შეიწოვოს თიხამ და ნეგატივით ამოიკვეთოს წარწერები, ფრიზები და გამოსახულებები. მას შემდეგ, რაც მანტია მოიხსნება, ცრუ ზარი ნადგურდება, ვიდრე არ გამოჩნდება ბირთვი. ამდენად, მანტია მთელი სიზუსტით ერგება ბირთვს. სივრცე, რასაც მანამდე ცრუ ზარი იკავებდა, ცარიელი რჩება და ივსება გამდნარი ლითონით. ფორმას ჩაუშვებენ ორმოში და ფარავენ მიწით. ბრინჯაო 1150°-ზე შედის ბირთვსა და მანტიას შორის ზემოდან დარჩენილ ნახვრეტებში. ამ დროს ყალიბს აცლიან, რომ ზარი ამოიღონ. ზარის ჩამოსხმის შემდეგ, შესაძლოა, საჭირო გახდეს ჟღერადობის დახვეწა, რადგან ის შეიძლება იყოს მკვეთრი ან მჭახე, ტონის მეოთხედამდე. ზარის ვიბრაციების რაოდენობა უკუკავშირშია დიამეტრთან: დიამეტრი იზრდება ზარის ტონის კლების პარალელურად. შიდა ნაწილიდან ბრინჯაოს ამოღებით, დიამეტრი იზრდება და ტონი ეცემა, ხოლო გარედან ბრინჯაოს ამოღებით დიამეტრი მცირდება, რაც იწვევს ტონის ზრდას. ტონის კორექტირების ფაზის დასრულების შემდეგ, ზარს გარედან აპრიალებენ.

მოსკოვის ,,მეფე-ზარი“

ამდენად, ზარის ხმა დიდად არის დამოკიდებული სისქის კომპლექსურ ბალანსთან, რომელიც განსაზღვრავს ზარის თვისებას. სისქე, ფუნდამენტურ ნოტთან და ნაწილობრივ ბგერებთან ერთად, ზარის ხმას წარმოქმნის.  თითოეული ზარის ნოტი განისაზღვრება ხმოვანი ჭურჭლის მოცულობით: რაც უფრო დიდია ზარი, მით უფრო მძიმე იქნება ნოტი; რაც უფრო პატარაა ზარი, მით უფრო მჭახე იქნება ნოტი. სისქის, ნოტისა და ფორმის მიხედვით არსებობს სხვადასხვა ტიპის ზარი. ზოგადად, პროპორციულად, მძიმე ზარს უფრო თბილი და სასიამოვნო ხმა აქვს, ხოლო ,,მსუბუქი“ ზარი ზოგჯერ მჭახე და უსიამოვნოა ყურისთვის. კარგ ზარს შეუძლია ორმოცდაათამდე „ნახევარტონი“ გამოსცეს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და, უპირველესად, ყველაზე ცნობადი (ძირითადი ნოტის მიმართ) არის: „პირველი“, „მესამე“ (რომელიც შეიძლება იყოს მაჟორი ან მინორი), ,,მეხუთე“ (რომელიც შეიძლება შემცირდეს), ,,ზედა ოქტავის“ და ,,ქვედა ოქტავის“ ნახევარტონები.


ზარების ამ ვარიაციებით ბევრ ქვეყანაში იმართება ზარების კონცერტები. მას შემდეგ, რაც ამოქმედდება, ზარებმა შეიძლება დარეკონ ,,ზედიზედ“ (შემთხვევითი რხევები) მარტივი რხევით მათი ღერძის მიმართ, ან ,,ჭიქისებრი“ ხმით. ზარის „ჭიქისებრი“ ხმის შეჩერება შესაძლებელია ბერკეტზე მოთავსებული პატარა სამაგრის მეშვეობით, რომელიც ზუსტად ეჯახება არბალეტს. როდესაც მიიღწევა მდგომარეობა, რომელსაც უწოდებენ ,,ჭიქისებრ“ ან ,,დგომის“ პოზიციას (ზარის პირი ზევით და საპირწონე ქვემოთ), მისგან გათავისუფლების შემდეგ ზარი გადაბრუნდება (ამ ეტაპზე დაახლოებით 360°-ით) და ყოველ ჯერზე, როცა ზარის ენა ერტყმება ერთ-ერთ კიდეს, ზარი გამოსცემს ერთ ჟღერადობას.


რამდენიმე დიდი და ცნობილი ზარი მსოფლიოში

მსოფლიოში ყველაზე დიდი ზარი, რომელიც ღია სივრცეში ირეკება, არის დაღუპულთა საერთაშორისო ზარი როვერეტოში (იტალია). იგი 1924 წელს ჩამოისხა პირველ მსოფლიო ომში მონაწილე ქვეყნების ქვემეხების ბრინჯაოსაგან და სახელად ეწოდა ,,Maria Dolens“-ი. ზარი ყოველ საღამოს ასჯერ რეკავს ომში დაღუპულთა პატივსაცემად და მთელი მსოფლიოს ხალხთა შორის მშვიდობისა და ძმობის მოსახმობად.


ყველაზე დიდი ზარია მოსკოვის ,,მეფე-ზარი“, რაც კი ოდესმე აუგიათ. მისი სიმაღლე 747 მეტრია, ფუძის დიამეტრი - 682 მ, სისქე - 61 სმ, წონა - დაახლოებით, 198 ტონა. ზარი 1730 წელს რუსეთის იმპერატრიცა ანამ  დაუკვეთა მოსკოველ ოსტატებს. საბოლოოდ დასრულდა მხოლოდ 106 წლის შემდეგ ფრანგი არქიტექტორის მიერ. ამ ზარის შექმნის პროცესს უამრავი პერიპეტია ახლდა თან. მას არასოდეს დაურეკავს. 1836 წლიდან იგი დაიდგა აგურის კვარცხლბეკზე, კრემლის მოედანზე, მოსკოვის საკათედრო ტაძრის გვერდით, იქვე განთავსებულია ფრაგმენტი, რომელიც 11ტონას იწონის. 

1790 წელს მინგუნში, ბირმაში, გიგანტური ზარი ჩამოასხეს უზარმაზარი პაგოდასთვის (Pagoda - ბუდისტური საკულტო ნაგებობის ტიპი). მისი მასა 90 ტონაა და ყველაზე დიდი ზარია მსოფლიოში ჯერ კიდევ მოქმედ ზარებს შორის. სიმაღლე დაახლოებით 4 მ-ია, ხოლო ფუძის დიამეტრი - 5 მ-ზე მეტი.


წმ. სტეფანეს ტაძარი ვენაში (ავსტრია)

ჩინეთის ყველაზე დიდი ზარი პეკინშია. ის ჩამოსხმულია 1415 წელს იმპერატორ იონგ ლის დროს, მასა 46,5 ტ, სიმაღლე 6,75 მ, დიამეტრი 3,3 მ. ზარი მძინარე ბუდას ტაძრის ცენტრში ჰკიდია და მის ზედაპირზე ამოტვიფრულია 230 000 სიმბოლო (16 წარწერა ჩინურ ენაზე და 100 სანსკრიტზე).


მონმარტრის წმიდა გულის ბაზილიკა პარიზის ერთ-ერთი სიმბოლოა. მონმარტრის ბორცვზე მდებარე ტაძარს სამი ქათქათა თეთრი გუმბათი ამშვენებს. მის სამრეკლოში არის ზარი ,,სავოიარდი“, რომლის წონა დაახლოებით 19000 კგ-ია. ზარი 1891 წელს ჩამოასხეს, მასზე ერთხელ შემოკვრის შემდეგ მთელი 9 წუთი ისმის მისი ჟღერადობა 40 კმ-მდე რადიუსზე. დღესდღეობით იგი ყველაზე დიდი ზარია საფრანგეთში.

ავსტრიაში, ვენაში არის წმიდა სტეფანეს ულამაზესი ტაძარი, რომელიც ცნობილია თავისი გოთური სტილით; მისი კოშკის სახურავზე ჰკიდია უზარმაზარი, 21-ტონიანი ზარი ,,პუმერინი“, რომელმაც 1951 წლიდან ჩაანაცვლა XVIII ს-ში თურქული ქვემეხების გადადნობის შედეგად მიღებული ზარი; ეს უკანასკნელი ომის დროს განადგურდა.

დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, ცნობილია ბიგ ბენის ზარი, რომელიც მისივე სახელობის ვესტმინსტერის სასახლის კოშკშია განთავსებულია. ზარი ჩამოისხა 1858 წელს, მასა იწონის 13760 კგ-ს, სიმაღლე - 7,6 ინჩი, ხოლო ფუძის დიამეტრია 9 ინჩი.


ზარის კურთხევა

ძველი რომაული რიტუალის Pontificale Romanum მიხედვით, ზარების კურთხევის რიტუალი, რომელიც საკმაოდ რთული იყო, უნდა აღესრულებინა მხოლოდ ეპისკოპოსს ან მის წარმომადგენელს. რომაული წესის ლიტურგიული რეფორმის შემდეგ ზარების კურთხევა მნიშვნელოვნად გამარტივდა. რიტუალის წინათქმაში ვკითხულობთ: „უძველესი დროიდან მომდინარეობს განსაკუთრებული ნიშნების ან ჟღერადობის გამოყენება ლიტურგიულ მსახურებაზე ქრისტიანთა მოსახმობად, მათთვის ადგილობრივი თემის უმნიშვნელოვანესი მოვლენების საუწყებლად, დღის მანძილზე ლოცვისათვის მოსახმობად, კერძოდ, ღვთისმშობლისადმი სამგზის ლოცვისთვის. მაშასადამე, ზარების რეკვა, გარკვეულწილად, გამოხატავს ღვთის ხალხის გრძნობებს, როდესაც ისინი ხარობენ და ტირიან, როდესაც მადლიერებას გამოხატავენ ან ლოცულობენ, და როდესაც ისინი იკრიბებიან იმავე ადგილას, ავლენენ თავიანთი ერთიანობის საიდუმლოებას ქრისტე უფალში“ (1455), და „იმ მჭიდრო ურთიერთობის გათვალისწინებით, რაც ზარებს აკავშირებს ქრისტიანთა ცხოვრებასთან, გავრცელდა  ჩვეულება, რომელიც დღესაც სათანადოდ არის შენარჩუნებული: ზარების კურთხევა სამრეკლოს კოშკზე დაკიდებამდე (1456)“. ლამაზ ტექსტს გვთავაზობს  ზარების კურთხევის ლოცვა:


„გაკურთხებთ, უფალო, მამაო წმიდაო, რომელმაც წარმოგზავნე ძე შენი წუთისოფელში ცოდვის გამო გაფანტული ადამიანების შესაკრებად და მისი სისხლის ფასად შეკრიბე ისინი ერთ ფარად, ერთი მწყემსის ქვეშ, რათა გამოკვებო და გაუძღვე მათ ცხოვრების საძოვრებზე. მოგვანიჭე, უფალო, რათა შენი მორწმუნენი საზეიმო ხალისით ეშურებოდნენ ეკლესიაში ზარების რეკვისას; და მოციქულთა მოძღვრებაში გულმოდგინენი,  ძმური ერთობით, პურის გატეხასა და ლოცვაში, ერთი გული და ერთი სული იყვნენ, ქებად შენი დიდებისა. ქრისტეს მიერ უფლისა ჩვენისა. ამენ“.

დაე, 2019 წელს ნაკურთხი ახალი ზარის მოხმობაზე ,,შენი ოჯახის წევრებმა გულები მოაქციონ შენკენ;  თავიანთ ძმათა ლხინისა და ჭირის გაზიარებით, შენს სახლში შეიკრიბონ, რომ მასში ქრისტეს ყოფნა შეიგრძნონ, მისი სიტყვა შეისმინონ და შვილობრივი სულით მოგენდონ შენ სულიწმიდის წყალობაში“ (კურთხევის მეორე ფორმულა), ჩვენი კათოლიკური ეკლესიების: არალის, ვალეს, რაბათის, ბათუმის, ახალშენის, ოზურგეთის... და მართლმადიდებლური და პროტესტანტული ეკლესიების ზარებთან ერთად.

მამა გაბრიელე ბრაგანტინი

ჟურნალი "საბა", 2024 წელი, აგვისტო

Comments


bottom of page