top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

სახარების სიხარული ყვავილების მეშვეობით ლიტურგიაში



"თქვი, მეტი ყვავილებით“ - ამ ლამაზ გამოთქმას ოდესღაც სარეკლამოდ იყენებდნენ. როდესაც გვიყვარს, როდესაც მადლობას ვუხდით და მაშინაც, როდესაც ვგლოვობთ, ყოველთვის ყვავილებს ვუძღვნით. ყვავილების ენა ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტების მეგზურია და ამიტომაც, შეუძლებელია ეს ენა აკლდეს საეკლესიო დღესასწაულებს, წირვებს, რადგანაც ის შეუცვლელი გარემოა რწმენის განახლების, დამოწმებისა და განმტკიცებისათვის.


ყვავილი, ბალახი, დიდებული რამ არის, მაგრამ ის ძალიან მყიფეა: საკმარისია მცხუნვარე მზე და ბალახი ხმება, საკმარისია კოკისპირული წვიმა და ყვავილი მიწას სწყდება. ჩვენი ცხოვრებაც მშვენიერია, და რა ცოტა კმარა მის გასანადგურებლად! ხატოვნად შენიშნა ესაია წინასწარმეტყველმა, რომ ყვავილები და ბალახი ადამიანის მყიფე და ხანმოკლე ცხოვრების სიმბოლოა: „ყველა ხორციელი ბალახია და ყოველი მისი მადლი მინდვრის ყვავილივითაა“ (ეს. 40,6). თუმცა, ამან სასოწარკვეთამდე არ უნდა მიიყვანოს ადამიანი, რადგან ადამიანური უძლურების წინაშე დგას ღმერთის ერთგულება: „ხმება ბალახი, ჭკნება ყვავილი, ჩვენი ღმერთის სიტყვა კი საუკუნოდ დგას“ (ეს. 40, 8). ლუკა მახარებელი შეგვახსენებს, რომ თუკი ღმერთი ასე ზრუნავს სუსტ, უმწეო ყვავილებზე, რომლებიც დღეს არსებობენ და ხვალ კი ხმებიან, განა უფრო მეტად არ იზრუნებს ჩვენზე, თავის შვილებზე (შდრ. ლუკა 12, 22-34).


უძველესი, კონსტანტინეს შემდგომდროინდელი ტაძრების მოზაიკაში დიდ ადგილს იკავებს ბუნების სურათები. ხშირად მიმართავენ ბალახისა და მცენარეთა მრავალფეროვან ელემენტებს, როგორც მაგალითად რომში, წმ. კლემენტეს ბაზილიკის აფსიდაზე გამოსახულ ჯვრის ხეზე, საიდანაც აკანტუსის (მცენარე) სპირალები გამოდის და ცის ფრინველებს თავშესაფარს სთავაზობს. პირველი ყვავილი, რომელმაც თავისი ფურცლები გაშალა, მარიამის წიაღია; ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ ხალხურ საგალობლებში მას შროშანს უწოდებენ. სამყარო ყვავილების გარეშე არის ბოროტებისა და ცოდვის ადგილი, სადაც ღმერთი არ იმყოფება.


ნებისმიერი ეკლესიის ზღურბლზე გადაბიჯება არის მოწვევა, რათა შევიგრძნოთ უფლის ცოცხალი მყოფობა და დავტკბეთ მით. ზოგჯერ გვეჩვენება, რომ ჩვენს ეკლესიებში უქნარობა და ცუდი გემოვნება გაბატონებულა; ხშირად ყვავილებსაც ეტყობა მოუვლელობა, ისე უსახურად გამოიყურებიან.


იქნებ დაგვესვა საკუთარი თავისთვის ეს კითხვები: უსარგებლო ნარჩენებია ყვავილები, ან უბრალო საქებარი ლოცვა შემოქმედისადმი? რატომ ვიყენებთ ყვავილებს ეკლესიაში ლიტურგიისას? თუნდაც უბრალო ყვავილის მიძღვნაც კი მხოლოდ იმიტომ, რომ ის ღვთის საჩუქარია, არასოდეს იქნება უსარგებლო ნარჩენი, ზედმეტი ხარჯი. მოძღვრის ცხოვრება და სწავლება იყო და რჩება უსასრულო, უანგარო მსხვერპლად, ღმრთისა და სხვების მიმართ მზრუნველი ყურადღების მაგალითად; იმის სტიმულად, რომ ყველაზე სანუკვარ რეალობას სურნელოვანი ნარდი აპკუროს. თუკი ვიპოვით მის კვალს, ვინც პირველმა გულით შეგვიყვარა, მაშინვე გაცხადდება ქრისტიანის თვისება - უანგარო მიძღვნა. სწორედ ეს არის ლიტურგიის აზრიც, მიზანიც, ღმრთაებრივ-ადამიანური ქმედება, ღმერთისა და მისი ხალხის შეხვედრა, გასაოცარი გაცვლა შემოქმედსა და ქმნილებას შორის. ლიტურგიის ერთადერთი მიზანია ღმერთის განდიდება და ჩვენი მადლცხებულება, განღმრთობა. მას არ სჭირდება ჩვენი ქება, როგორც ნათქვამია რიგითი ჟამის X კვირის შესავალში: „შენ ჩვენგან არ ითხოვ ქებას, არამედ შენი ძვირფასი ძღვენის გამო მოგვიხმობ მადლშეწირვისთვის; ჩვენი კურთხევის საგალობლები შენს სიდიადეს როდი განადიდებენ, არამედ მაცხოვნებელ მადლს მოგვიპოვებენ“. ამრიგად, წირვის სილამაზეზე ზრუნვა პასუხობს მიზანს, რომ უფრო მეტად ავამაღლოთ უფლისადმი სრულყოფილი ქება-დიდება; თითოეული ქრისტიანული თემი და, შესაბამისად, ყოველი მორწმუნე უნდა ზრუნავდეს, რომ გამოიყენოს ყველანაირი ენა, რასაც კი უსასრულო ღმრთაებრივი სილამაზის გამოხატვა შეუძლია: ყვავილის უბრალო სრულყოფილება თავისთავად გალობაა შემოქმედისადმი, სიხარულნარევი განცდა დაკარგული ედემის ბაღსა და იმ დიდების ბაღს შორის, რომელიც აღდგომით მოვიპოვეთ. მრავალფეროვანი და მრავალგვარი ყვავილები ასევე შეგვახსენებს, რომ ეკლესია საყოველთაოა და ის არ უნდა გახდეს ერთფეროვანი, ყოველთვის აჩვენებდეს ყოველი მორწმუნისა და ეკლესიის ძღვენთა სილამაზის ერთიანობას. სწორედ ამიტომ ყვავილების გამოყენება ლიტურგიაში ბიბლიურ-თეოლოგიურ ჭრილში უნდა იყოს განხილული; არა უბრალოდ ავეჯის, გაფორმების, აპარატურის დანამატად, არამედ გამოხატვა, ყურადღების მიქცევა იმაზე, რაც აღინიშნება, იმ ადგილსა და დროზე, როდესაც აღინიშნება.



საკურთხეველი ქრისტეს სიმბოლური სახეა. ის არის სამსხვერპლოსა და შესაწირავის ცენტრალური ადგილი. ამიტომაც, ყვავილებით გაფორმებისას, დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, რათა საკურთხეველი არ გადაიქცეს რაიმე საგნის სადგამ ადგილად, თუნდაც დროებით. ამ ადგილის ღირსება და მისდამი მოწიწება მოითხოვს, რომ მასზე მხოლოდ ის ნივთები განლაგდეს, რაც მოცემულ დროს წირვის აღსავლენად არის საჭირო. სჯობს, ყვავილებიც განთავსდეს არა საკურთხევლის მაგიდაზე, არამედ მის გარშემო. ნებისმიერ შემთხვევაში, ყოველთვის გულისყურით უნდა შევარჩიოთ რაოდენობა და ზომა (რომაული წირვის ზოგადი დებულება, OGMR 306). თუკი წესები კრძალავს საკურთხევლის მაგიდაზე მათ განთავსებას, ეს იმისთვისაა, რომ საკურთხეველი არ იქცეს ,,სადღესასწაულო ფურშეტად“.


ამბიონი არის განსაკუთრებული ადგილი, განკუთვნილი ღმრთის სიტყვის წარმოსათქმელად (ნებისმიერი სხვა სახის კომუნიკაცია უნდა გაცხადდეს სხვა ადგილიდან). ისევე, როგორც საკურთხევლის შემთხვევაში, აქაც მისი ყვავილებით მორთვა ადგილის სიდიდით უნდა შეფასდეს. ყვავილების დიდი თაიგული, რომელიც ხელს უშლის ამბიონის ხილვადობას, სრულიად უადგილოა (შდრ. OGMR 309).


ემბაზი ქრისტეში ახალი სიცოცხლის ძღვენზე მიუთითებს. ამიტომაც, ყველა სადღესასწაულო წირვისას, ის შესაბამისი ყვავილებით უნდა გაფორმდეს, განსაკუთრებით ნათლობისა და ჯვრისწერის საიდუმლოს დროს აღვლენილ წირვებზე.


ძღვენთა შესანახი ადგილი (ტაბერნაკულუმი), რომელიც უდიდესი მოწიწების ადგილია, მუდმივადაა განთებული, თუ არ არის ლამაზი და მოვლილი ყვავილებით დამშვენებული, მაშინ უბრალო ვარდიც კი საკმარისი იქნება! კათოლიკური ტრადიციის მიხედვით, ყოვლადწმიდა ევქარისტიის თაყვანისცემა პროცესიის ფორმითაც გამოიხატება; გავიხსენოთ უფლის ხორცისა და სისხლის დღესასწაულზე ყვავილების მიმობნევა ან ყვავილების ხალიჩა.


ეკლესიის მთავარი კარი მორწმუნეთა საკრებულოში შესვლაზე მიანიშნებს, შესაბამისად, შეგვახსენებს, რომ ის მათი კუთვნილებაა. სადღესასწაულო წირვებზე, მაგალითად, როდესაც აღესრულება წმიდა საიდუმლოებები, ფართოდ გაღებული კარი სიხარულისა და მისალმების ნიშანია. ამ დროს საჭიროა ყვავილებით მისი გალამაზება და სადღესასწაულოდ მორთვა.


გამოსახულებები (ჯვარი, ქანდაკებები, ხატები...) შეიძლება დამშვენდეს ყვავილების დეკორაციებით, ოღონდ საკურთხეველს, ამბიონსა და ემბაზს არ უნდა გაუწიონ მეტოქეობა.


სამგლოვიარო ცერემონიალზე სასახლე ირთვება ყვავილებით, მაგრამ ზომიერად; თუკი ბევრი თაიგული დაგროვდება, ეკლესიის კარებთან უნდა განთავსდეს და არა პრესბიტერიუმში; სასახლის გვერდით უნდა დაინთოს კანდელი.

ჯვრისწერის ადგილი ელეგანტურად უნდა მოირთოს ყვავილებით, მოერიდეთ პომპეზურობას, ზედმეტ სიჭრელესა და სცენურობას.


ლიტურგიული დროები: ლიტურგიული წელიწადი იხსნება, როგორც წყალობის ჟამი, რადგან ის საშუალებას გვაძლევს განვიხილოთ ქრისტეს ცხოვრების საიდუმლოებები როგორც ხსნის მოვლენები დღეს. ყვავილებით მორთვის ხელოვნება უნდა შეესაბამებოდეს ლიტურგიული დროის, დიდდღესასწაულებისა და დღესასწაულების რიტმს, მათთვის დამახასიათებელ თავისებურებებს.


ადვენტის ჟამს ეკლესია იესოს მოლოდინში ცხოვრობს. ეს სიხარულის მოლოდინის ჟამია, რომელიც, მართალია, სინანულის მკაცრ ელფერს არ ატარებს, მაგრამ მაინც ითხოვს, რომ ფრთხილად შეირჩეს ლიტურგიის ენა, მისი გამომხატველი ფორმები. საკურთხეველი უნდა გაფორმდეს ამ დროისათვის შესაფერისი ყვავილებით (შდრ. OGMR, 305). თუ ადვენტის გვირგვინი დაიდება, მაშინ საჭირო არ არის პრესბიტერიუმის გაფორმება ყვავილებით.


წმიდა ღამის ცისკრიდან მთელი საშობაო პერიოდის მანძილზე (ნათლისღების დღესასწაულამდე) ლიტურგია აღვსილია ღვთის ძის შობის სიხარულით. ყოველი ეკლესიის პრესბიტერიუმში იდგმება ყრმა იესოს ფიგურა, ხოლო დარბაზში, რომელიმე ადგილზე ეწყობა საშობაო ბაგა. ამ დროს ლამაზად გაფორმებული ყვავილები სიხარულის ნიშანია. თუმცა, საჭიროა ყველაფერი ჰარმონიულად და გემოვნებით იყოს მოწყობილი, განსაკუთრებით საშობაო ნაძვის ხე და განათება. ეკლესია არასდროს არ უნდა დაემსგავსოს საშობაო მაღაზიას!


დიდმარხვის ჟამს ეკლესია მონანიებით ემზადება აღდგომის სამდღეულის აღსანიშნავად. ამ პერიოდში აკრძალულია როგორც საკურთხევლის, ასევე დარბაზის შიდა ნაწილის ყვავილებით მორთვა. თუმცა გამონაკლისია სიხარულის კვირა - la domenica Laetare, (დიდმარხვის IV კვირადღე), დიდდღესასწაულები და დღესასწაულები.


სააღდგომო ცისკრიდან აღდგომის ჟამი გრძელდება სულთმოფენობის დღესასწაულამდე, ქრისტიანული სარწმუნოების ცენტრალური საიდუმლოს: უფალ იესოს აღდგომისა და ეკლესიისათვის სულიწმიდის მადლის მინიჭების აღნიშვნით. ყვავილები, თავიანთი სილამაზითა და დიდებულებით, უნდა ამშვენებდნენ ღმრთისმსახურების დარბაზის ყველა ადგილს, დაწყებული პრესბიტერიუმიდან, სადაც საპასექო კანდელია მოთავსებული, სულთმოფენობამდე, რაც ასევე მოითხოვს სათანადო გაფორმებას ყვავილებით.


ლიტურგიული წლის რიგით დროს საჭიროა ყვავილების განთავსება ,,რიგითი“ დროის შესაბამისად, გარდა დიდდღესასწაულებისა (წმ. პეტრე და წმ. პავლე, ღვთისმშობლის მიძინება...), უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტიანული საკრებულოსთვის ყოველი კვირადღე აღდგომის ტოლფასია.


რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმი: ლიტურგიის დროს ეკლესიის ყვავილებით გაფორმებისას, ზემოაღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, საჭიროა კეთილშობილური უბრალოება და არა პომპეზურობა (იხ. OGMR, 292). კომპოზიცია თავისუფალი უნდა იყოს ზეგავლენისაგან. სჯობს თავიდან ავიცილოთ ზედმეტად მორთული დეკორაციები, ვარჩიოთ სისადავე, სილაღე, ელეგანტურობა, ჰარმონია მრავალფეროვნებაში. სივრცე უნდა იყოს დახვეწილი, გავიხსენოთ ნამოქმედარი ღვთის ხელთა, რომლებმაც გამოძერწეს ჩვენი სამყარო. ყვავილები არასოდეს არ უნდა გამოიყურებოდნენ უსახურად; ჩვენ უნდა ვტბებოდეთ მათი ხილვით.


ლიტურგიის გასაფორმებლად განკუთვნილი ყვავილები და, განსაკუთრებით, პრესბიტერიუმში განთავსებული, სჯობს იყოს გადაჭრილი: რადგანაც მსხვერპლად არიან შეწირული და მნახველთ მშვიდობას, სიხარულს, სიცოცხლის ხალისს, სინათლეს, სურნელსა და ფერადოვნებას უძღვნიან. ყვავილი მსხვერპლად შეწირული უფლის ლამაზი მეტაფორაა. შემთხვევითი როდია, რომ მოწამეებს ხშირად ქრისტესთვის მოწყვეტილ ყვავილებად მოიხსენებდნენ. აკრძალულია ნებისმიერი მასალის ხელოვნური ყვავილები, ბაფთის, ქაღალდის, გამჭვირვალე პლასტმასის თუ სხვა... დასაშვებია, უფრო მეტიც, სასურველია ხილის, კენკრის, სურნელოვანი მცენარეებისა და სხვა ყველაფრის გამოყენება, რასაც ბუნება ასე გულუხვად გვთავაზობს.


რა თქმა უნდა, ყვავილებით გაფორმების ტექნიკა მნიშვნელოვანია და ადვილად შეისწავლება, მაგრამ ყველაზე რთული და მთავარი სხვა რამაა: შეუხამო ყვავილების კომპოზიციები ლიტურგიულ დღესასწაულებს, განსაკუთრებულ საზეიმო წირვებს (ნათლობა, პირველი ზიარება, მირონცხება, ჯვრისწერა, დაკრძალვა...), ლოცვებს, არქიტექტურას, ლიტურგიულ სივრცეებს... ამიტომაც, საჭიროა ლიტურგიული, ბიბლიური, მჭვრეტელობითი, ესთეტიკური სული და... საღი გონება! გარდა იმისა, რომ ყვავილებით გაფორმების ხელოვნება წარმოადგენს საეკლესიო მსახურებას, მას მიიჩნევენ ძღვნად და სამსახურად, ყოველთვის კარგია, რომ ამ ხელოვნებას ემსახურებოდეს არა ერთი ადამიანი, არამედ ჯგუფი, რომელიც შეიკრიბება განსახილველად, ერთმანეთის დასახმარებლად, განსაკუთრებით, საკითხავების ერთად მოსასმენად და ერთად ლოცვისთვის.


მამა გაბრიელე ბრაგანტინი

ჟურნალი "საბა"/ 2024, ივლისი


 

Comments


bottom of page