11 თებერვალს, ლურდის ღვთისმშობლის ხსენების დღეს, კათოლიკე ეკლესიაში აღინიშნება სნეულთა მსოფლიო დღეც. ამ დღისადმი მიძღვნილ ეპისტოლეში პაპი ფრანცისკე სნეულთა განკურნებასა და მათთან ურთიერთობები გაღრმავების აუცილებლობაზე საუბრობს.
ეპისტოლეს დასაწყისში პაპი წერს, რომ ღმერთმა ადამიანი შექმნა თანაზიარებისთვის, ამიტომ მის ბუნებაში „ჩაწერა“ ურთიერთგაგების ასპექტი. “ჩვენ სრულად ვრეალიზდებით ურთიერთობის, მეგობრობისა და სიყვარულის დინამიკაში. გვაშინებს მარტოობა და მტკივნეულად და არაადამიანურადაც კი გვეჩვენება. ასეთი გარემოება კი რეალობაა მათთვის, ვინც გარიყულია სერიოზული ავადმყოფობის გამო”, – წერს პაპი და მაგალითად მოჰყავს მარტოობისა და იზოლაციის გამოცდილება, რომელიც COVID-19–ს პანდემიისას ბევრმა ადამიანმა განიცადა. მან ასევე ისაუბრა ტკივილის გამოცდილებაზე, რომელიც ომების ტრაგიკული შედეგებით არის გამოწვეული. „ეს არის სოციალური ავადმყოფობა და მის შედეგებზე ყველაზე სუსტები იხდიან ყველაზე ძვირ საფასურს“.
"იმ ქვეყნებში, სადაც სიმშვიდე და კეთილდღეობაა, ხანდაზმულობა ან ავადმყოფობა ხშირად მარტოობისთვის არის განწირული და ამაში ბრალი ინდივიდუალიზმის კულტურას მიუძღვის, რომელიც ამაღლებულია იქამდე, სანამ ადამიანი პროდუქტიულია და უმოწყალოა მათ მიმართ, ვისაც სათანადო ძალა არ შესწევს მიჰყვეს ფეხდაფეხ სხვა დანარჩენებს. მსგავსი კულტურა წარმოშობს ნარჩენების კულტურას, როცა ღარიბები და სნეულები, ჯერ არ დაბადებული ბავშვები უკვე აღარ არიან საჭირონი. ეს ნიშნავს, რომ ხანდაზმულები აღარ წარმოადგენენ პრიორიტეტულ ფასეულობას. ამას კი არც თუ იშვიათად ხელს უწყობს პოლიტიკა, რომელსაც არ ძალუძს ცენტრში დააყენოს ადამიანის ღირსება და მისი მოთხოვნილებები“ - განმარტა წმინდა მამამ.
„იზრუნო სნეულზე, ნიშნავს იზრუნო ყოველგვარ ურთიერთობებზე: ღმერთთან, სხვა ადამიანებთან, ახლობლებთან, მეგობრებთან, სამედიცინო პერსონალთან, ქმნილებასთან, საკუთარ თავთან ურთიერთობაზე. ეს არის მთავარი თერაპია, რომელიც ყოველ ჩვენგანს სჭირდება და ჩვენ საზოგადოება ამ სენისგან უნდა განვკურნოთ“.
უშუალოდ სნეულთათვის მიმართვისას პაპმა თქვა, რომ მათ არ უნდა რცხვენოდეთ საკუთარი სურვილებისა, არ უნდა დამალონ ის და არ უნდა იფიქრონ, რომ თითქოს ტვირთად აწევან დანარჩენ საზოგადოებას.
„სნეულთა მდგომარეობა ჩვენში აღძრავს სურვილს შევანელოთ ტემპი, რომელშიც ასე ვართ ჩაძირულები და კვლავ აღმოვაჩინოთ საკუთარი თავი“.
„ჩვენ, ყველა მოწოდებული ვართ მოვუშუშოთ ადამიანებს მარტოობისა და იზოლირებულობის ჭრილობები, იესოს მიბაძვით და ამ გზით შევებრძოლოთ ინდივიდუალიზმის, გულგრილობისა და ნარჩენების კულტურას“.
„სნეულები, სუსტები და ღარიბები არიან ეკლესიის გულში და უნდა იყვნენ ჩვენი ადამიანური ყურადღებისა და სამწყსო ყურადღების ცენტრში“, - წერს პაპი ფრანცისკე ეპისტოლეს ბოლოს.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comments