30 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეთლემში კათოლიკური საკრებულოს დღესასწაული აღინიშნა. ტაძარი წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელზეა ნაკურთხი, თარიღი კი წმინდანის მოხსენიების დღეა.
საზეიმო ლიტურგია ბეთლემის ტაძარში მამა ბექა ჩილინგარაშვილმა აღავლინა, რომელიც ამჟამად ადიგენის მუნიციპალიტეტის კათოლიკურ თემში დამხმარე მღვდელია.
წირვაზე ასევე იმყოფებოდნენ მესხეთის დეკანოზი მამა ანდრეი გრაჩიკი, კამილიელი მამა პავლე დილი დიაკვნები და გორისა და ბეთლემის ახლადდანიშნული მოძღვარი მამა დარიუშ კომადოვსკი.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ბეთლემი, რომელსაც 2019 წლამდე ახალხიზა ერქვა, კათოლიკეებმა დააარსეს. 1907 წელს ამ ადგილზე 13 ოჯახი დასახლდა. ისინი სამცხე-ჯავახეთიდან, ხიზაბავრადან გადავიდნენ გორში. მიწა პადრე დომინიკე პაწაძე-მუღაშაშვილმა, ეკლესიისთვის შეწირული თანხით შეისყიდა. ჯერ კიდევ მაშინ ახალმოსახლეებმა სოფელს ბეთლემი დაარქვეს, თუმცა, კომუნისტების პერიოდში ამ სახელის გამოყენება აუკრძალეს, რის გამოც, იძულებული გახდნენ ახალხიზა დაერქმიათ.
ჩამოსახლებულ ოჯახებს შორის არიან ჭონიშვილები, მამუკაშვილები, მურადაშვილები და სხვ. 1920 წლის მიწისძვრის დროს ძველი სახლები დაინგრა. შემდეგ მოსახლეობა ოდნავ ქვემოთ, ამჟამინდელ სოფლის ადგილას ჩავიდა. თანამედროვე სოფელი ძირითადად მენშევიკური მთავრობის პერიოდში გაშენდა, აშენდა სკოლა, საბავშვო ბაღი და ეკლესია, რომელიც საბჭოთა პერიოდში დაანგრიეს.
2019 წელს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, სოფელს დაუბრუნდა თავდაპირველი სახელი — ბეთლემი.
თაკო ფეიქრიშვილი
გიორგი ლომიძე
Comments