რედაქტორის გვერდის დასაწერად რომ ვემზადებოდი, ჯერ კიდევ არ ვიცოდი, როგორ წარიმართებოდა 26 ოქტომბრის არჩევნები საქართველოში.
სწორედ ამ დროს მოულოდნელად შევიტყვე, რომ ბათუმში ერთი თვის განმავლობაში ათასი აბორტი გაკეთდა; სახტად დავრჩი, მერე დავფიქრდი, მაინც რამდენი აბორტი კეთდება წელიწადში, არა მარტო ამ ქალაქში, არამედ მთელ საქართველოში და, არა ცნობისმოყვარეობის გამო, - მთელ მსოფლიოშიც?
ციფრები საგანგაშოა; საუბარია 2023 წელს საქართველოში 14 884 აბორტზე და 44 მილიონზე მსოფლიოში; ეს ნამდვილი ომია უთანასწორო იარაღით: მათ შორის, ვისაც ყველაფერი ძალუძს და ვისაც არაფერი შეუძლია, ვინც უხმოდ ყვირის და მისი ხმა არავის ესმის! ომი, რომელიც არავინ იცის როდის დასრულდება... მაგრამ ბევრისთვის ეს პრობლემა კი არა, არამედ მრავალი საკითხის გადაწყვეტაა. თითქოს ეს საკმარისი არ არის, სულ უფრო ხშირად საუბრობენ აბორტის უფლებაზე (გავიხსენოთ საფრანგეთი, სადაც ეიფელის კოშკი გაანათეს გასული წლის 4 მარტს, როდესაც კონგრესმა მხარი დაუჭირა კონსტიტუციაში შეტანილ შესწორებას, რომელიც ქალებს აბორტის გაკეთების თავისუფლებასა და უფლებას ანიჭებს. ფრანგმა ლიდერებმა აღწერეს კიდეც ეს ისტორიული ცვლილება, რომლის მეშვეობითაც „საფრანგეთი განაახლებს თავის მოწოდებას - იყოს შუქურა ადამიანის უფლებების საკითხში“), თავისუფალ და უსაფრთხო აბორტზე, ამასთან დაკავშირებით, საერთაშორისო დღეც კი არსებობს (28 სექტემბერი), მათ დასჯაზე, ვინც აბორტის წინააღმდეგია (იხ. კანონი ინგლისში, რომელიც ძალაში შევიდა 2024 წლის 31 ოქტომბერს). და ეს არის ადამიანური სამართალი!
წინასაარჩევნო კამპანიის ამ პერიოდში ქართველი პოლიტიკური ლიდერები ტრადიციულ ღირებულებათა დასაცავად გამოდიოდნენ; საქართველოს პარლამენტმა, ასევე, მიიღო კანონი (27. 06. 2024) ტრადიციული ოჯახის დაცვის შესახებ, თუმცა, სამწუხაროდ, სარკასტულად რომ ვთქვათ, აბორტიც ტრადიციული ოჯახის ,,ღირებულებებს“ შორისაა, ქართული კულტურის ნაწილი ხდება. გამოდის, რომ როდესაც ტრადიციულ ღირებულებებზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ მასზე, როგორც ახალ იდეოლოგიზე, რომელიც უნდა შეეწინააღმდეგოს სხვა იდეოლოგიას, როგორიცაა ე.წ. ,,გენდერი“, ,,ტრანსგენდერი“...? ან თუნდაც ახალი ქართული კანონი აბორტამდე ხუთდღიანი მოსაფიქრებელი პერიოდის შესახებ (ძალაშია 01. 01. 2024 წლიდან, რომლის მიხედვით ქალმა უნდა გაიაროს სავალდებულო კონსულტაცია ფსიქოლოგთან და სოც. მუშაკთან), რომელიც აბორტის გადაფიქრებას უნდა ემსახურებოდეს, სინამდვილეში, პრობლემის ხელშემწყობ იარაღად გვევლინება?
მაგრამ ამ გზით დაიკარგება მხოლოდ ოჯახი და მისი ყველაზე წმინდა ნიშანი, როგორიც არის ადამიანის სიცოცხლე, ყველაზე უმწეო სახით, მთელ ჩვენს ყურადღებასა და სიყვარულს რომ საჭიროებს. მალე ახალი თაობები უთუოდ დაუსვამენ საკუთარ თავს კითხვას: რატომ გავჩნდი? ამ ომს გადავურჩი; ისევე როგორც ომებს, საკონცენტრაციო ბანაკებს, თავდასხმებს გადარჩენილი ვეტერანები... ასე რომ, მსოფლიოს მრავალ მხარეში, სულ უფრო მეტნი იქნებიან გადარჩენილები, ამ უსამართლო ბრძოლის ვეტერანები... აღიარების, მედლების, ძეგლების გარეშე.
პირიქით, სულ უფრო მეტ ადამიანს ექნება შვილის ყოლის სურვილი და ამ სურვილს განახორციელებს ყველაფრის ფასად, ყველანაირი საშუალებით, ხოლო როდესაც ბავშვი გაჩნდება, ყველაფერს უმართებულოდ გააკეთებს ამ ერთადერთი შვილისთვის. როგორი შეუსაბამობაა! მას შემდეგ კი, რაც კანონპროექტი, რომელსაც უნდა აეკრძალა სუროგაციის პრაქტიკა ადგილობრივი და უცხოელი წყვილებისათვის, მაგრამ 2024 წლის 1-ლი იანვრიდან საბოლოოდ ჩავარდა, ჩვენი ქვეყანა უფრო მეტად გადაიქცა სუროგატული დედობის სავანედ.
შემთხვევით როდი ვსაუბრობდი ომზე: სწორედ მაშინ, როდესაც დღეს, სამწუხაროდ, „ომმა მოიპოვა მისთვის აქამდე არნახული ღირსება“; ზოგიერთი გამწარებით საუბრობს თვით „ომის რეაბილიტაციაზე“. მიუხედავად ამისა, ნებისმიერი ომის ფონზე, იქნება ეს უკრაინასა თუ პალესტინაში, ჩვენ მაინც ვცდილობთ მოვძებნოთ სიტყვები, რითაც გავამართლებთ ან დავგმობთ მას, მაშინ როდესაც სწორედ ომის საშინელებათა წინაშე სიტყვა უძლურია და არასაკმარისი. 1945 წელს, ომის დამთავრებისთანავე, მისი საშინელი შედეგების განცდის შემდეგ, პოლონელმა პოეტმა ანა შიმბორსკამ (1923–2012; ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში, 1996 წ.) გამოაქვეყნა თავისი პირველი ლექსი ,,ვეძებ სიტყვას“: ,,ვეძებ სიტყვას... არცერთი არ შეესაბამება. ყველაზე გაბედული - მხდალია, ყველაზე საზიზღრები - მაინც წმიდანები, ყველაზე სასტიკი - ძალზე ლმობიერი, ყველაზე საძულველი - მცირედ მოძალადე. ეს სიტყვა უნდა ჰგავდეს ვულკანს, რომელიც ამოიფრქვევა, მიედინება და თავს დაატყდება, ვით ღვთის საშინელი რისხვა, ვით მდუღარე სიძულვილი. მსურს, რომ ეს სიტყვა ერთიანად სისხლით იყოს გაჟღენთილი... ჩვენი ენა უძლურია, სიტყვა - ღარიბი. გონების დაძაბვით ვეძებ ამ სიტყვას - მაგრამ ვერ ვპოულობ. არ შემიძლია“.
პაპმა ფრანცისკემ, ლუქსემბურგსა და ბელგიაში ვიზიტისას (26-29 სექტემბერი), მოძებნა სიტყვები, რათა კიდევ ერთხელ ესაუბრა ამ ომზე: ,,აბორტი ადამიანის მოკვლაა. არ მოგწონს ეს სიტყვა? მაგრამ ეს არის მკვლელობა... ეკლესია კრძალავს აბორტს, რადგან მოკვლა - ეს მკვლელობაა“, ხოლო ექიმი, რომელიც აბორტს აკეთებს, „დაქირავებული მკვლელია“, ამ სიტყვებით მან სახელმწიფოთა მთავრობების - და არა მხოლოდ მათი - რისხვა გამოიწვია. ვინ იცის, რატომ!
მამა გაბრიელე ბრაგანტინი
ჟურნალი "საბა"/ ოქტომბერი, 2024
Comentários