2022 წლის 30 სექტემბრიდან საქართველოში ფატიმის ღვთისმშობლის ქანდაკებით მომლოცველობა დაიწყო. კათოლიკე ეკლესიის გადაწყვეტილებით, ღვთისმშობელი ქვეყნის მასშტაბით ყველა კათოლიკურ სამრევლოში, ტაძარში და ორგანიზაციაში მიაბრძანეს.
ეკლესიის დიდი სურვილი იყო ფატიმის ღვთისმშობელი მიებრძანებინა იმ ტაძრებშიც, რომლებიც კათოლიკურ ეკლესიას ეკუთვნის, თუმცა კომუნისტური პერიოდის შემდეგ, მართლმადიდებლებს გადაეცათ და დღეს ამ ნაგებობებით ისინი სარგებლობენ. მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა კათოლიკეების სურვილი გააპროტესტეს და კათოლიკეებისათვის ტაძრებში შესვლა აკრძალეს. უკვე წლებია, კათოლიკე ეკლესია ამ ტაძრების დაბრუნებას ითხოვს, თუმცა უშედეგოდ.
ფატიმას ღვთისმშობლის მიმლოცველობისას, ქუთაისში მომხდარმა ინციდენტმა (ქუთაისის კათოლიკურ ტაძარში, კათოლიკეებს რამდენიმეწუთიან შესვლასა და ღვთისმშობლის მიმლოცველობაზე უარი უთხრეს და ეზოს ლენტი შემოავლეს. მიმლოცველობაში იმყოფებოდა ვატიკანის ელჩიც), ბევრს გაახსენა უცხოეთში, კათოლიკე ეკლესიის მხრიდან მართლმადიდებლებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული ტაძრები.
დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ კათოლიკე ეკლესიას მოუწოდა გაასაჯაროოს იმ ტაძრების სია, რომლებითაც უცხოეთში მყოფი ქართველი მართლმადიდებლები სარგებლობენ...
იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი ტაძრები ევროპის არაერთ ქვეყანაშია, მათ შორის: იტალიაში, ბელგიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ჰოლანდიაში და ა.შ. ყველას მოძიება რთულდება. თუმცა გთავაზობთ, რამდენიმე ტაძრის სიას, რომლებიც თავად დეკანოზმა გაასაჯაროვა და სხვა ტაძრებსაც, რომლებიც სხვადასხვა წყაროებში იძებნება.
ევროპაში არსებული კათოლიკური ტაძრების სია, რომელიც კათოლიკურმა ეკლესიამ უფასოდ, დროებით ან მრავალწლიანი ვადით დაუთმო ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას.
1. ფლორენცია, იტალია
2010 წლის ნოემბერში, ქართული საკრებულოს წარმომადგენლებმაც ითხოვეს საკულტო ნაგებობის გამოყოფა, მილტონის ხეივანში მყოფი რუსებისაგან დამოუკიდებლად. თავდაპირველად, მათ დროებით გადაეცათ ორი ადგილობრივი შენობა, ერთი ქალაქ ემპოლში და ერთიც ქალაქ ფლორენციაში, სტუდიოს ქუჩაზე, სადაც წირვას რომიდან ჩამოსული ქართველი მღვდელი უძღვებოდა. 2011 წლის იანვარში კი, კავკასიის ამ ქვეყნიდან ჩამოსული მამა ანდრიას წყალობით, მათ გადაეცათ ქ. ფლორენციის გულში მდებარე წმ. ელისაბედის სახელობის შუასაუკუნეობრივი ეკლესია. ასევე ფლორენციის ეპარქიამ შეუზღუდავი დროით და უანგაროდ გადასცა ემიგრანტების ახალ ქრისტიანულ საკრებულოებს წმიდა გიორგის, წმიდა ელისაბედის, წმიდა იაკობისა და წმიდა ბართოლომეოს ოთხი კათოლიკური ეკლესია (იხ. ჟურნ. „საბა“, #6, 2011).
2011 წლის 29 მაისს ქართულ მართლმადიდებლურ სათვისტომოს ფლორენციაში, სერალის ქუჩაზე მდებარე უძველესი ტაძარი გადასცეს, რომლის ხელმეორე კურთხევაც მიტროპოლიტმა აბრაამ გარმელიამ აღასრულა. რომაული წესით აგებული ეს ტაძარი წმინდა ელისაბედის სახელობისა იყო. ამ დღიდან კი ის წმინდა ნინოს სახელობისაა, რომელშიც ქართულ ენაზე აღესრულება ღვთისმსახურება. პირველივე საზეიმო წირვას ესწრებოდა ფლორენციის საკათედრო ტაძრის დიაკონი, მამა ალესანდრო ბიკი, კურსიის ეკუმენური კომისიის წევრი და ქართულ საკრებულოსთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი პირი. ქართველებისთვის ნაჩუქარ ხსენებულ ტაძარში მამა ანდრია ლაცაბიძე მსახურობს (ჟურნ. „საბა“ #7, 2011; ინფორმაცია იტალიურიდან თარგმნა ბესიკ ანდრიაძემ).
2. რომი, იტალია
რომში, კასიოს ქუჩის მე-16 კილომეტრზე, ეგნატე ლოიოლას სახელობის ტაძარში ყოველ სამშაბათს მართლმადიდებლურ სამრევლოს კათოლიკური ეკლესია საშუალებას აძლევს აღასრულოს საკუთარი ღვთისმსახურება.
ჩეზანოს ქუჩაზე, წმინდა სებასტიანეს სახელობის კათოლიკურ ტაძარში ოთხშაბათობით მართლმადიდებლური სამრევლო იკრიბება.
3. ბელგია, ბრიუსელი
2017 წელს, კათოლიკე ეკლესიამ, საქართველოს საპატრიარქოსა და ქართული ეპარქიას, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში საკათედრო ტაძარი უსასყიდლოდ გადასცა. აქ ქართველი მორწმუნეებისთვის წირვა-ლოცვა აღევლინება.
"ჩვენ მივმართეთ კათოლიკურ ეკლესიას, მათ აქვთ ეკლესიები, რომლებიც მრევლის ნაკლებობას განიცდის, იყო საეკლესიო საბჭო, მაგრამ უკვე ძალიან ხანდაზმული. ვთხოვეთ, ხომ არ შეიძლებოდა ქართულ საზოგადოებას გადასცემოდა, ვესაუბრეთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, გვჭირდებოდა მისი ლოცვა-კურთხევა. ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ საქმეში კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ, აქაურმა მიტროპოლიტმა მეუფე ათენაგორამ", - თქვა ეპისკოპოსმა დოსითეოსმა "იმედის კვირასთან" ინტერვიუში.
ტაძარი მე-19 საუკუნის ნაგებობაა და ბელგიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.
4. რომი, იტალია
2021 წელს, რომის კათოლიკე ეკლესიამ საქართველოს საპატრიარქოსა და ქართველ მართლმადიდებელ მრევლს ქალაქ რომში 70 წლის ვადით, უსასყიდლოდ გადასცა ეკლესია: chiesa di San Salvatore ai Monti.
ვატიკანის გადაწყვეტილებით, ეკლესია კათოლიკეებმა დასავლეთ ევროპის ეპარქიას დაუთმეს. აქ მსახურებას აღავლენენ რომის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულენოვანი სამრევლოს სასულიერო პირები.
"უპირველეს ყოვლისა, ჩვენი სამრევლოს სახელით მადლიერებას გამოვხატავთ მისი უწმიდესობის, რომის პაპის ფრანცისკეს მიმართ. ასევე მადლიერებას გამოვხატავთ, რომის პაპის ვიკარის რომის ეპარქიაში, მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობის კარდინალ ანჯელო დედონატის მიმართ, რომლის უდიდესი თანადგომითა და კეთილი ნებით მოხდა ტაძრის გადმოცემა. დიდ მადლობას ვუხდით, საქართველოს საელჩოს წმიდა საყდართან (ვატიკანი) და პირადად ელჩს, ქალბატონ ქეთევან ბაგრატიონ - მუხრანელს გაწეული დახმარებისთვის. ვულოცავ ჩვენი ეპარქიის მმართველს, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამს (გარმელი) და ყველა ჩვენი სამრევლოს წევრს ამ ისტორიულ და სასიხარულო მოვლენას", - წერს რომის სამრევლოს გვერდზე არქიმანდრიტი იოანე ხელაია.
5. პიზა, იტალია
იტალიაში ქალაქ პიზის წმ. გიორგის სახელობის ქართული სამრევლოსათვის კათოლიკური ეკლესიის მიერ დათმობილი მოქმედი კათოლიკური ეკლესია.
6. პადერბონია, გერმიანია
„სამ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც პადერბორნის ადგილობრივი კათოლიკური ეკლესიის გადაწყვეტილებით, სრულიად უანგაროდ დაგვითმეს ქალაქის ცენტრში არსებული ულამაზესი და ისტორიული მნიშვნელობის ტაძარი. ამ ხნის მანძილზე ამ ტაძარში არაერთი ღვთისმსახურება თუ კულტურული ხასიათის შეკრება ჩატარდა. ამ ტაძარმა მრავალი ქართული ოჯახი დააკავშირა და დაამეგობრა ერთმანეთს. მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის იმ ხალხის მიმართ, ვინც ამის შესაძლებლობა მოგვცა და დღესაც შეგვიძლია პატარა ქართული გარემოს შექმნა და შენარჩუნება ამ ტაძრის მეშვეობით.
ამით მინდა გამოვეხმაურო ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, იოანე გამრეკელი ყოვლად მიუღებელ და არაქრისტიანულ გადაწყვეტილებას, ქუთაისში, კათოლიკურ ტაძარში კათოლიკეთა არ შეშვების გამო. ეს არის ყოვლად მიუღებელი ქმედება და ჩემი აზრით ეს ვერ განხორციელდებოდა ოფიციალური საპატრიარქოს ნებართვის გარეშე.
წარმოიდგინეთ, რა დღეში აღმოვჩნდებით ქართველი ემიგრანტები, თუ ჩვენთვის დროებით სარგებლობაში არსებული ტაძრებიდან გამოგვყრიან სამართლიანად“, – წერს სოციალურ ქსელში თეოლოგი ზვიად ცაბაძე.
გარდა ქართველი მართლმადიდებლებისთვის გადაცემული ტაძრებისა, კათოლიკე ეკლესია ლიტურგიების ჩასატარებლად ტაძრებს უთმობს: კოლტ, რუმინელ, ბერძენ და მოლდოველ მართლმადიდებლებსაც.
მაგალითად, რომში, კასიოს ქუჩის მე-16 კილომეტრზე, ეგნატე ლოიოლას სახელობის ტაძარში ყოველ სამშაბათს მართლმადიდებლურ სამრევლოს კათოლიკური ეკლესია საშუალებას აძლევს აღასრულოს საკუთარი ღვთისმსახურება.
ასევე რომში, ჩეზანოს ქუჩაზე, წმინდა სებასტიანეს სახელობის კათოლიკურ ტაძარში ოთხშაბათობით მართლმადიდებლური სამრევლო იკრიბება.
ქალაქ ბოლონიაში კი მართლმადიდებელ მრევლს ექსკლუზიური სარგებლობის უფლებით დაეთმო შემდეგი ეკლესიები:
1) სანტა მარია ინკორონატა კაპრარაში, დეი გრიფონის ქუჩაზე ტაძარი კონსტანტინოპოლის ეკუმენური საპატრიარქოს ბერძენ მართლმადიდებლებს;
2) პრატელოს ქუჩაზე სან როკოს ეკლესია რუმინელ მართლმადიდებლებს;
3) ასევე პორეტა თერმეში მდებარე ალბერგატის კოლეჯის ეკლესია – რუმინელ მართლმადიდებლებს.
გარდა ამისა, არსებობს დროებითი და კათოლიკეებთან ერთობლივი სარგებლობის შესაძლებლობა შემდეგ ეკლესიებში, სადაც მართლმადიდებლური ღვთისმსახურება ტარდება. ესენია:
1) სავენას სან ლაძაროს მრევლის სან მარკოს ორატორია – კვირაობით ალექსანდრიის საპატრიარქოს კოპტი მართლმადიდებლების მსახურება;
2) კაზალეკიო დი რენოში სან მარტინოს მრევლის დარბაზი რუმინელი მართლმადიდებლებისთვის;
3) ოპერა პადრე მარელა მრევლის სან ჯუზეპეს ეკლესია, შრომის ქუჩაზე (ვია დი ლავორო): კვირა დილას მოლდოველი მართლმადიდებლებისთვის.
ბოლონიის ყოფილ კათოლიკურ ეკლესიაში კი, წმ. ესაიას ქუჩაზე განთავსდა წმ. ბასილის სახელობის მოსკოვის საპატრიარქოს მართლმადიდებლური ეკლესია.
პალო ლაციალეში, ლადისპოლიში, პალოს მრევლის ეკლესიის მახლობლად მართლმადიდებელ მრევლს უსასყიდლოდ გადაეცა მოზრდილი ფართი, რომელსაც იყენებენ ღვთისმსახურების ჩასატარებლად და მისი სარგებლობის ექსკლუზიური უფლება აქვთ.
„ევროპაში ასე ხდება. 2000-იანების დასაწყისში, როცა განსაკუთრებით მოიმატა საქართველოდან ევროპაში სამუშაოდ თუ სასწავლებლად წასულთა რიცხვმა, გაჩნდა ევროპაში ქართული ეკლესიის არსებობის საჭიროებაც. მაგრამ ჩვენ, ახლად ჩასულებს, არ გაგვაჩნდა არავითარი მატერიალური სახსარი ეკლესიის შენობების შესაძენად. ვინ გამოგვიწოდა ქართველ მორწმუნეებს ევროპაში დახმარების ხელი? - კათოლიკურმა და ევანგელურმა ეკლესიებმა. პირველად კათოლიკეებმა დაგვითმეს წირვა-ლოცვისთვის ქალაქის ცენტრში საკუთარი ტაძარი, შემდეგ კი ევანგელურმა ეკლესიამ (დღემდე იქ ვართ). საინტერესო ის იყო (დამემოწმებიან ჩვენი მორწმუნეები), რომ მიუნხენში მოღვაწე ერთმა კეთილმა, კათოლიკე მღვდელმა, როცა გაიგო ჩვენი გასაჭირის შესახებ, არ დაიზარა, თავად მოგვიძებნა და გვიშუამდგომლა ევანგელურ ეკლესიასთან, რომ ტაძარი დაეთმოთ ქართული მართლმადიდებელი ღვთისმსახურებისთვის. დაგვითმეს კიდეც. ასეა ევროპაში თითქმის ყველგან; იტალიაში, საფრანგეთში, ბელგიაში, ჰოლანდიაში, შვეიცარიაში, ავსტრიაში, გერმანიაში და ბევრ სხვა ევროპულ ქვეყანაში, სწორედ კათოლიკური და ევანგელური ეკლესიების დახმარებით გაგვაჩნია ქართველ მართლმადიდებლებს სალოცავი ადგილები. ევროპულ ეკლესიებს არ ეშინიათ, რომ ქართველები მათ რწმენას წავართმევთ და არ გვმტრობენ და არც გვავიწროვებენ. პირიქით, იციან, რომ ჩვენც ქრისტიანები ვართ და ყოველნაირად ხელს გვიწყობენ ქრისტიანულ მსახურებაში. ეს არის ქრისტიანობა. ეს არის ევროპა“, – წერდა 2022 წლის 5 ივლისს მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, თამაზ ლომიძე.
კათოლიკე ეკლესია მიიჩნევს, რომ საქართველოში ექვსი კათოლიკური ტაძარი კუთვნილ მეპატრონეებს აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს და ამ საკითხზე მუშაობის დაწყებას მთავრობისა და მართლმადიდებელი ეკლესიისგან უკვე წლებია ელოდება.
catholic.ge
Comments