ფრანცისკე და და ფრანჩესკა –პაპისა და 94 წლის მონაზვნის მოულოდნელი შეხვედრა
- catholic.ge
- 5 days ago
- 1 min read
6 აპრილს, წმიდა პეტრეს ბაზილიკაში, ნეაპოლიდან ჩამოსულ მომლოცველებს შორის იყო 94 წლის მონაზონი – ფრანჩესკა ბატილორო, რომელიც განმარტოებით ცხოვრობდა ოცდაათ წელზე მეტხანს. იგი ინვალიდის ეტლში იჯდა და პეტრე მოციქულის საფლავის წინ მშვიდად ლოცულობდა, როცა ტაძრის სიჩუმეში, მოულოდნელად, ასეთსავე ეტლში მჯდომი პაპი ფრანცისკე მიუახლოვდა.

მოგვიანებით, ერთ–ერთ ინტერვიუში მონაზონმა თქვა: “ღმერთს ვთხოვე პაპთან შეხვედრა, თუმცა იმედი არ მქონდა, ის კი თავად მოვიდა ჩემთან. როგორც ჩანს, ღმერთი ყოველთვის პასუხობს ჩემს თხოვნებს. ამისრულდა სურვილი, რაც ჩემთვის გასაგები ნიშანია ღმერთის სიდიადისა. მე მხოლოდ პაპს ვუთხარი ამის შესახებ”.
მონაზონი ფრანჩესკა ვიზიტანდელთა ორდენის მონაზონია. მან 8 წლის ასაკში დატოვა სახლი, ხოლო 17 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, სამონაზვნო აღთქმები დადო. ვატიკანის ყოველთვიური გამოცემის, L'Osservatore di Strada-ს მეშვეობით, მონაზონმა გაახმაურა სურვილი მოელოცა რომი სნეულთა და მედ-მუშაკთა დღეზე, რომლის ორგანიზებაშიც მას მალტის სუვერენული ორდენი დაეხმარა.
როდესაც წმიდა პეტრეს მოედანზე 20 000 მომლოცველისთვის წმიდა წირვა მიმდინარეობდა, მონაზონმა გაიარა წმიდა კარის ზღურბლი და დაიწყო განმარტოებით ლოცვა იქამდე, სანამ არ გამოჩნდნენ პიჯაკებში გამოწყობილი კაცები, რომლებიც რომის ეპისკოპოსს წინ მიუძღოდნენ. ის–ის იყო პაპს დაესრულებინა აღსარების საიდუმლო. იგი ღიმილით მიუახლოვდა მონაზონს.
“თქვენ, შემთხვევით ნეაპოლელი მონაზონი ხომ არ ხართ?”, - ჰკითხა მონაზონს წმიდა მამამ და გაიხსენა ათი წლის წინანდელი ეპიზოდი, როდესაც ადგილობრივ ბაზილიკაში მას გარს ეხვეოდნენ მონაზვნები. სწორედ იქ იყო მონაზონი ფრანჩესკა, თუმცა მაშინ მან პაპთან მიახლოება ვერ მოასწრო.
თუმცა ახლა, მას უფალმა არა მხოლოდ პაპთან შეხვედრის, არამედ პირადად საუბრის შესაძლებლობაც არგუნა. წმიდა მამამ ხელი ჩაჰკიდა მონაზონს, რომელმაც უთხრა, რომ გულმოდგინედ ლოცულობდა მისი ჯანმრთელობისთვის.
“მან გამიღიმა. ახლა ვბრუნდები სახლში და ბედნიერი ვარ, რომ შევხვდი პაპს, ეს ძალიან მინდოდა”, - ამბობს მონაზონი.

წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
댓글