top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ქართველი კათოლიკეები პოლონეთში გამართულ ოჯახების კონგრესზე

2023 წლის 15-17 სექტემბერს, პოლონეთის ქალაქ გდანსკში გაიმართა პოლონელი ოჯახების VI საერთაშორისო კონგრესი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა მამა ზურაბ კაკაჩიშვილმა და ამავე სამრევლოდან ჩილინგარაშვილების კათოლიკე ოჯახმა.

ქართველი კათოლიკეების ოჯახს: პაატა და ირინე ჩილინგარაშვილებს, შვილებთან – ლაშასთან და ანასთან ერთად, საშუალება ჰქონდათ კათოლიკე ოჯახების გამოწვევებს, სირთულეებსა და მათი გადაჭრის გზებს გასცნობოდნენ. პოლონეთში სამდღიან კონგრესზე ისინი თბილისის საკათედრო ტაძრის წინამძღვართან, მამა ზურაბ კაკაჩიშვილთან ერთად გაემგზავრნენ.


პოლონეთის საზღვრებს გარეთ მცხოვრები პოლონელიოჯახების რიგით მე-6 საერთაშორისო კონგრესში საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა.


კონგრესის ფარგლებში, საქართველოს გარდა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მიწვეული იყვნენ საერო და სასულიერო პირები, ეპისკოპოსები, მონაზვნები და მინისტრები, ასევე პროფესორები, ფსიქოლოგები და თეოლოგები.


ამ კონგრესის ძირითადი მიზანი იყო გაგვეგო და გაგვეაზრებინა რელიგიისა და ქრისტიანობის ძალა ოჯახის სიმტკიცესა და ერთიანობაში. ასევე განხილული იყო ემიგრანტი პოლონელი ოჯახების მდგომარეობები სხვადასხვა ქვეყანაში. ასეთმა ოჯახებმა გაგვიზიარეს თავიანთი გამოცდილება: როგორია კათოლიკური ეკლესიის როლი მათ ოჯახში; როგორ ახერხებენ ურთიერთობას ერთმანეთთან; რა როლი უკავია მათ ცხოვრებაში რწმენას და სხვა...


კონგრესი მოიცავდა სამდღიან სესიებს.

პირველი დღე დაიწყო წმინდა წირვით, პოლონეთის საეპისკოპოსო კონფერენციის თავმჯდომარის არქიეპისკოპოსის სტანისლავ გონდეცკის ხელმძღვანელობით.

წირვის შემდეგ, ოფიციალურად გაიხსნა კონგრესი, სადაც დამსწრეთა წინაშე ჯერ სიტყვით წარსდგა პოლონეთის საეპისკოპოსო კონფერენციასთან არსებული საოჯახო საბჭოს თავმჯდომარე გრაჟინა კოშალკა. იგი ორგანიზატორების სახელით მიესალმა კონგრესის მონაწილეებს. შემდეგ კი ქალაქ გდანსკის მიტროპოლიტი, არქიეპისკოპოსი მეუფე თადეუშ ვოიდა და პოლონეთის საეპისკოპოსო კონფერენციის დელეგატი, პოლონური ემიგრაციის საკითხებზე პასუხისმგებელი, ეპისკოპოსი მეუფე პიოტრ ტუჟინსკი.


პირველ დღეს მოვისმინეთ თემები ქორწინებასა და ოჯახზე, ემიგრაციაში მყოფ პოლონელებზე, ბავშვებთან ურთიერთობაზე და მათ როლზე ოჯახში.

შემდეგ გამოვიდნენ დელეგატები და ისაუბრეს თემებზე, როგორიცაა: ემოციურობა ოჯახურ ურთიერთობებში, ბალანსი სამსახურსა და ოჯახში, ბავშვების დამოკიდებულება ვირტუალურ ქსელზე, ალკოჰოლიზმზე, უშვილობადა ა.შ.


სურვილისამებრ, გადავნაწილდით სხვადასხვა ქვეჯგუფში, სადაც საშუალება მოგვეცა სპეციალისტებთან ერთად, დიალოგის რეჟიმში, გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის საკუთარი პრობლემები და ერთიანად მოგვეძებნა მათი გადაჭრის გზები.

იმავე დღეს, მოვისმინეთ რუანდაში, ქალაქ კიბეჰოში, ღვთისმშობელი მარიამის გამოცხადების შესახებ, რომელიც გამოეცხადა სამ ადგილობრივ გოგონას. კიბეჰოს ღვთისმშობლის გზავნილის ფონზე მოვისმინეთ საკითხები ოჯახში სულიერი ფორმირების, ოჯახების გადარჩენის და მათი ახალი შანსის, მადლისა და ლოცვის შესახებ წმინდა მარიამთან ერთად.

მეორე დღეს, წმინდა წირვის შემდეგ, ვისაუბრეთ კრიზისული ოჯახების ნარატივებზე, ასევე თანამედროვე ოჯახში ცვლილების ძირითად ასპექტებზე. შემდეგ პოლონურმა ოჯახმა ბელგიიდან გაგვიზიარა თავისი გამოცდილება თუ როგორ შეძლეს ღმერთისა და წმ. მარიამის დახმარებით, მიუხედავად ბევრი პრობლემებისა, ოჯახის შენარჩუნებადა ძლიერი, ბედნიერი ოჯახის ჩამოყალიბება.


სესიების შემდეგ, დელეგაცია დაგვპატიჟეს კონცერტზე, სადაც მოვისმინეთ ახალგაზრდა პოლონელების ორკესტრის შესრულება.

კონგრესის ბოლო დღე დაიწყო მიმლოცველობით ორსული ღვთისმშობლის სანქტუარიუმში (სადაც გავიარეთ 7 კმ.) და დასრულდა წმინდა წირვით, რომელსაც უძღვებოდა ქალაქ გდანსკის არქიეპარქიის დამხმარე ეპისკოპოსი ვესლავ შლახეტა. შემდეგ კი მოვინახულეთ ქალაქ გდანსკის ოლივიას საკათედრო ტაძარი, წმ. მარიამის სახელობის ბაზილიკა და ქალაქის სხვა ღირსშესანიშნაობები.


კონგრესის სამი დღე იყო საინტერესო, შემეცნებითი და სასიამოვნოდ დატვირთული.


დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს ეპისკოპოსს, რომ მოგვეცა საშუალება ასეთ კონგრესში მონაწილეობისა. ასევე პოლონეთის სხვადასხვა ორგანიზაციებს, რომლებმაც სხვადასხვა სახის, დიდი დახმარება გაგვიწიეს ამ კონგრესში მონაწილეობისთვის.


მამა ზურაბ კაკაჩიშვილი
თბილისის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი

Comments


bottom of page