top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ქართველი პოლიტიკოსები პაპის გარდაცვალებას ეხმაურებიან

2025 წლის 21 აპრილს, ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, იტალიის დროით 07:35 საათზე გარდაიცვალა პაპი ფრანცისკე. მის გარდაცვალებას არაერთი მსოფლიო ლიდერი და ქართველი პოლიტიკოსი გამოეხმაურა.


„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე პაპის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელ X–ზე დაწერა:

 

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მისი უწმინდესობის, პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო. მშვიდობის, თანაგრძნობისა და ერთიანობის მისეული მემკვიდრეობა სიცოცხლეს განაგრძობს. საქართველოს ხალხის სახელით ვუსამძიმრებ კათოლიკურ საზოგადოებას მთელს მსოფლიოში“, - წერს იგი.



პაპის გარდაცვალების ამბავს ეხმაურება „ქართული ოცნების“ მიერ მეექვსე პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილი. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ უწმინდესის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო.


„ქართველი ხალხის სახელით, გულწრფელად ვუსამძიმრებ წმიდა საყდარს, კათოლიკე ეკლესიასა და მილიონობით მორწმუნეს, მთელს მსოფლიოში.

„პაპი ფრანცისკე დაამახსოვრდებათ, როგორც სულიერი ლიდერი, რომელსაც ღრმა თავმდაბლობა, თანაგრძნობა გამბედაობა ახასიათებდა და იყო მშვიდობის, ადამიანური ღირსებისა და ერებსა და სარწმუნოებათა შორის ერთიანობის მტკიცე დამცველი“.

მისი მორალური სიცხადე და ურყევი ვალდებულება უფრო სამართლიანი და თანამგრძნობი სამყაროს ხელშეწყობისკენ გააგრძელებს თაობების შთაგონებას.

საუკუნო მშვიდობა ჰქონდეს მის სულს“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.




პაპის გარდაცვალებას გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ადიგენის, ახალციხის, ასპინძისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში, ანტონ ობოლაშვილი:

 

„გულითადი თანაგრძნობა ჩვენს კათოლიკე დებსა და ძმებს — საქართველოში და მთელ მსოფლიოში — რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალების გამო.


პაპი ფრანცისკე იყო სინათლის და მშვიდობის მატარებელი, მისი სიტყვები ყოველთვის რწმენას, იმედს და სიყვარულს აღვივებდა, მისი ცხოვრება კი თავად იყო მაგალითი თანაგრძნობისა და სიკეთის.

 

დღეს მთელი მსოფლიო გლოვობს არა მხოლოდ კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლს, არამედ ადამიანის სახეს, რომელიც სიყვარულით მიუყვებოდა ყველას — დაუზოგავად და უანგაროდ.


ვუსამძიმრებთ ყველას, ვინც გრძნობს ამ დანაკარგის ტკივილს. მისი მემკვიდრეობა კიდევ დიდხანს გაგრძელებს გზის გაკვალვას სინათლისკენ“, – წერს ობოლაშვილი.

 



"ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პაპ ფრაცისკეს გარდაცვალებაზე:

 

 „თანაგრძნობას ვუცხადებთ კათოლიკეებს საქართველოსა და მთელს მსოფლიოში რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალების გამო.


პაპი ფრანცისკე ყოველთვის მოწოდებული იყო მშვიდობისა და სიკეთის გავრცელებისკენ.


როგორც იმედის, თანაგრძნობის, მშვიდობისა და ერთიანობის სიმბოლო, პაპი ფრანცისკე კვლავ მაგალითი იქნება მილიონობით ადამიანისთვის.

 

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ყველას, ვინც გლოვობს ამ დიდ დანაკარგს”.

 



საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას ასე ეხაურება:

 

"ჩემი ფიქრები მილიონობით კათოლიკე ადამიანთანაა, რომლებიც დიდ ორშაბათს გლოვობენ პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას.  

 

პატივი მქონდა, ოფიციალური ვიზიტით, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ვწვეოდი ვატიკანს, სადაც შევთანხმდით მნიშვნელოვან ნაბიჯებზე ჩვენს სახელმწიფოებსა და კულტურებს შორის კავშირების გასაძლიერებლად.

 

პაპი ფრანცისკე იყო შთაგონება, როგორც კათოლიკეებისთვის, ასევე მართლმადიდებელი მორწმუნეებისთვის. ყველას, ვინც ღირსებისა და თავისუფლებისთვის იბრძვის, ემახსოვრებათ მისი იმედისა და აღდგომის გზავნილი.

 

ქრისტე აღსდგა!" – წერს სალომე ზურაბიშვილი. იგი საქართველოს პრეზიდენტის სტატუსით, 2021 წლის ივნისში, პაპ ფრანცისკეს ოფიციალური ვიზიტით ვატიკანში შეხვდა.


პაპის გარდაცვალების გამო, მწუხარება გამოთქვა პოლიტიკურმა პარტიამ "ფედერალისტები".


"ფედერალისტები სამძიმარს ვუცხადებთ კათოლიკე ქრისტიანებს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების გამო" – წერია მათ სოციალურ გვერდზე.




ცნობისთვის, 2016 წლის სექტემბერში, პაპი ფრანცისკე საქრათველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია. მან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე წმ. წირვა აღავლინა.


 

Comentários


bottom of page