top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ქრისტიანთა ერთობისათვის ლოცვის კვირეული 2025

ტრადიციულად, ყოველ წელს, 18–25 იანვარს ქრისტიანთა ერთიანობისათვის ლოცვის კვირეული იმართება. სხვადასხვა ქვეყანაში ქრისტიანული საკრებულოები ერთობლივად აღავლენენ ლოცვას, რათა მათ შორის მშვიდობა და ერთიანობა სუფევდეს.


ფოტო – catholic.ge / 2024

2025 წლის კვირეულის თემა იოანეს სახარების ტექსტს ეფუძნება: „გწამს ეს?“ (იოანე 11:26). ლოცვები და რეფლექსია მოამზადეს ჩრდილოეთ იტალიაში ბოსეს მონასტრების ბერ - მონაზვნებმა.

 

2025 წელს, 1 700 წელი შესრულდება პირველი მსოფლიო საეკლესიო კრებიდან. ეს თარიღი გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას დავფიქრდეთ და ვიზეიმოთ ქრისტიანთა საერთო რწმენა, რომელიც გამოხატულია კრებაზე ჩამოყალიბებულ სარწმუნოების სიმბოლოში.

 

ქრისტიანთა ერთიანობისთვის ლოცვის კვირეული – 2025 მოგვიწოდებს, ვისარგებლოთ ამ საერთო მემკვიდრეობით და ჩავუღრმავდეთ რწმენას, რომელიც აერთიანებს ყველა ქრისტიანს.

 

კვირეულის განმავლობაში, Catholilc.ge ყოველდღიურ მოკლე საკითხავებსა და ლოცვებს შემოგთავაზებთ, რომლებიც „ქრისტიანთა ერთობისათვის ლოცვის“ კვირეულის ორგანიზატორებმა მოამზადეს.


ისტორია


ტრადიციულად, ქრისტიანთა ერთობისათვის ლოცვა იანვრის ბოლო კვირას აღევლინება. კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყანაში ქრისტიანული საკრებულოები ერთობლივად აღავლენენ ლოცვას, რათა მათ შორის მშვიდობა და ერთიანობა სუფევდეს.


ამ ტრადიციას, მთელს მსოფლიოში 100 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს და იგი სათავეს იღებს გასული საუკუნის დასაწყისში, ფრანცისკანელი მღვდლის ინიციატივიდან.


მოგვიანებით მსოფლიო ეკლესიათა საბჭომ (World Council of Churches ) ეს ინიციატივა საყოველთაო გახადა და ყოველ წელს, იანვრის ბოლოს, იმართება ქრისტიანთა ერთობისათვის ლოცვის კვირეული.


კვირეული ერთგვარად ეხმაურება იესოს სურვილს: „რათა ყველანი ერთი იყვნენ“ (იოან.17.21).


კვირეული საქართველოში


ოც წელზე მეტია, რაც ასეთ ეკუმენურ ლოცვას უერთდებიან საქართველოში არსებული ქრისტიანული გაერთიანებები.


კვირეულის განმავლობაში, კონფესიების სასულიერო პირები და მრევლი ერთად ლოცულობს. ასეთ ლოცვას საქართველოში მხოლოდ ოთხი ეკლესია უერთდება: კათოლიკე, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია, ევანგელურ-ლუთერული და ევანგელურ-ბაპტისტური.


ტრადიციის მიხედვით, ყოველ წელს ამ ოთხიდან ერთ-ერთი ეკლესია არის ეკუმენური ლოცვის მასპინძელი.


2021 წელს, ეკუმენური ლოცვის მასპინძელი იყო ევანგელურ-ლუთერული ეკლესია. 2022 წელს – სომხურ სამოციქულო ეკლესია.


2023 წელს კი ლოცვას ასირიულ-ქალდეურ კათოლიკური ეკლესია უმასპინძლებს.


ერთობლივი ლოცვა აღევლინება 20 იანვარს, 16.00 სთ-ზე, წმ. წამებულის მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ–ქალდეური კათოლიკური ეკლესიაში (მის.: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი 34).


"ეკლესიის კარი ღიაა ყველა კონფესიის მიმდევართათვის და თითოეული მსურველისათვის".

 

Comments


bottom of page