top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ღვთისმშობლის 5 სახე – გამოცხადებისა და სასწაულების მოკლე ისტორიები


კათოლიკე ეკლესიაში ღვთისმშობელ მარიამის უამრავი ქანდაკება და ხატი არსებობს. მათი გამოსახულებები ხშირად ერთმანეთისგან განსხვავებულია და თითოეულს თავისი ისტორია აქვს. ზოგს საფუძვლად გამოცხადება უდევს, ზოგს სასწაული, ზოგს კი ხალხში გავრცელებული ლეგენდა.


გთავაზობთ ღვთისმშობლის რამდენიმე გამოსახულების ისტორიას.


1. ფატიმას ღვთისმშობელი – პორტუგალია



2021 წლის სექტემბრის ბოლოს, ფატიმას ღვთისმშობლის ქანდაკებას კავკასიის რეგიონში ჩამოაბრძანებენ. ამ ქანდაკებით დაგეგმილია მომლოცველობა საქართველოს ყველა კათოლიკე სამრევლოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.


პოტუგალიაში, სამ პატარა მწყემსს ღვთისმშობელი გამოეცხადა, რომელიც ეკლესიის ისტორიაში დღემდე ცნობილია"ფატიმას სამი საიდუმლოს" სახელით.


1917 წლის 13 მაისს, კვირა დღეს, სამი პატარა: 10 წლის ლუსია, 9 წლის ფრანციშკუ და მისი და, 7 წლის ჟასიტა სოფელ ფატიმადან ცხვრებს კოვა-და-ირიას ველზე მწყემსავდა. უეცრად, ცამ გაიელვა და გასხივოსნდა, ბავშვებმა დაინახეს უმშვენიერესი ქალი, რომელიც ღრუბელზე იდგა და ოდნავ ხის კენწეროსაც ეხებოდა.


ქალმა ბავშვებს აღუთქვა, რომ ყოველი თვის 13 რიცხვში მათ ამ ადგილას გამოეცხადებოდა. ბავშვები თავიდან მალავდნენ ნანახს, თუმცა მათგან ყველაზე პატარას დედასთან წამოსცდა. ხალხში მალე გავრცელდა ეს ამბავი, თუმცა არ ეჯერათ.


ბავშვების მონაყოლის მიხედვით, უფროსები მიხვდნენ, რომ მათ წმინდა მარიამი გამოეცხადათ.


მესამე გამოცხადების დროს, 1917 წლის 13 ივლისს ბავშვებს წმინდა მარიამმა განუცხადა, რომ 13 ოქტომბერს მათ უკანასკნელად გამოეცხადებოდა და თან დიდ სასწაულს მოახდენდა. ეს ამბავი სწრაფად გავრცელდა.


მიუხედავად იმისა, რომ წვიმიანი ამინდი იყო, დაახლოებით 70 ათასი ადამიანი მაინც შეიკრიბა ველზე, ზოგს სჯეროდა, ზოგი ირონიულად იყო განწყობილი. მარიამი ბავშვებს გამოეცხადა, თუმცა მათ გარდა ვერავინ ხედავდა. როდესაც მარიამი საუბარს მორჩა ბავშვებთან და წამოიმართა, აი მაშინ დატრიალდა ნამდვილი სასწაული.


ღრუბელები გაიხსნა და მზე გამოჩნდა, ისე როგორც ვერცხლისფერი დისკო, იგი წარმოუდგენელი ძალით ასხივებდა, შემდეგ ამ დისკმა დაიწყო "ცეკვა", შემდეგ კი ბრზიალი, როგორც გიგანტურმა ცეცხლოვანმა ბორბალმა.


ამ მოვლენას არა მარტო იქ მომსწრე 70 ათასი კაცი უყურებდა, არამედ 10 კილომეტრის მანძილიდანაც დაინახეს.


ამის შემდეგ "მზე" ისევ თავის ადგილს "დაუბრუნდა", საიდანაც ეს უცნაური მოვლენა დაიწყო. გამოცხადებაში მთავარი ის იყო, რომ მარიამმა ბავშვებს სამი საიდუმლო დაუტოვა.


2. ლურდის ღვთისმშობელი - საფრანგეთი



საფრანგეთში, ქალაქ ლურდში ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი მდებარეობს. იგი ღვთისმშობლის გამოცხადების შემდეგ აშენდა, წმინდა ბერნარდეტას გამოქვაბულში.

1858 წლის 11 თებერვალს, ბერნარდეტა სუბირუ და მისი და ტუანეტი, თავიანთ მეგობარ ჟანა აბადისთან ერთად, წავიდნენ შეშის მოსაგროვებლად. ისინი გაემართნენ იმ ადგილისკენ, სადაც მდინარე გავს ერთი ნაკადული უერთდებოდა და აღმოჩდნენ მასაბელის მღვიმესთან. ტუანეტმა და ჟანამ გადაკვეთეს ცივი ნაკადული, ხოლო ქრონიკული ასთმით დაავადებული ბერნარდეტა შეჩერდა.


სწორედ ამ დროს, მას ქარის შხუილის მსგავსი ხმა მოესმა, მაგრამ ხის არცერთი ტოტი არ ირხეოდა. გოგონამ თავი ასწია და კლდის ღრმულში იხილა სინათლით მოცული ახალგაზრდა ქალი, რომელიც უყურებდა და უღიმოდა მას. ეს იყო ღვთისმშობლის პირველი გამოცხადება.

წმინდანმა დატოვა წერილობითი მტკიცებულება იმისა, თუ რა მოხდა ლურდში, გამოცხადებების დროს. ამ მოწმობაში წმინდა ბერნარდეტამ დაწერა:


„ერთხელ, მე და ჩემი ორი მეგობარი გოგონა შეშის შესაგროვებლად მდინარე გავის ნაპირზე წავედით. უეცრად მომესმა ხმაური. შევტრიალდი, მაგრამ ვერავინ დავინახე. მაშინ, ავწიე თავი მაღლა, შევხედე გამოქვაბულს და დავინახე თეთრებში შემოსილი ქალი. თეთრი კაბა ეცვა და ხელზე ცისფერი სარტყელი ერტყა, მის ფეხრთით ოქროფერი ვარდები იყო.


ქალი მხოლოდ მესამე გამოცხადებისას დამელაპარაკა და მკითხა, ხომ არ მსურდა ორი კვირის განმავლობაში იქ მევლო? მე იმ ადგილზე თხუთმეტი დღე დავდიოდი და ქალი ორშაბათისა და პარასკევის გარდა, ყოველდღე მეცხადებოდა. მან არაერთხელ მთხოვა გადამეცა მღვდელბისთვის, რომ მისთვის სამლოცველო აეშენებინათ. მიმითითა წყაროსაკენ, სადაც უნდა წავსულიყავი, გავბანილიყავი და მელოცა ცოდვილთა მოქცევისთვის. მე არაერთხელ ვკითხე ვინ იყო იგი, მაგრამ მხოლოდ სიყვარულით მიღიმოდა. ბოლოს, როცა მზერა ზეცას მივაყოლე, მან მითხრა, რომ უმანკოდ ჩასახება იყო“.


გამოცხადებიდიან ოთხი წლის შემდეგ, ეკლესიამ უმანკოდ ჩასახების დოგმატი მიიღო. ლურდში ღვთისმშობლის გამოცხადება ასხივოსნებს ზეციდან ნიშნებს, სასწაულებს, რომლებიც ხდებოდა და ხდება აქ, ამ ადგილზედ დღემდე.


3. მეჯუგორიეს ღვთისმშობელი – ბოსნია



მეჯუგორიე ბოსნიაში პატარა ხორვატული სოფელია, რომელიც ორი მთის, კრჟივაცასა და პოდბრდოს ძირში მდებარეობს. სწორედ ამიტომ ეწოდება ამ ადგილს მეჯუგორიე (მთებს შუა).


ადგილობრივი ახალგაზრდების მტკიცებით, 1981 წლის 24 ივნისს, იოანე ნათლისმცემლის დღესასწაულზე, სეირნობისას მათ ზეცაში დაინახეს გასხივოსნებული ქალის გამოსახულება, რომელსაც ხელში ყრმა ეჭირა.


მათივე მონაყოლის მიხედვით, მეორე დღეს, ამ ადგილზე ექვსი მოზარდი შეიკრიბა და ქალმა მათ ვინაობა განუცხადა: „მე ვარ კურთხეული დედა ღვთისა, ქალწული მარიამი“.


მას შემდეგაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდები ღვთისმშობლის ხილვებს შემდეგ წლებშიც ხედავდნენ.


კათოლიკური ეკლესიას აღნიშნული ისტორია, როგორც ზებუნებრივი ან ჭეშმარიტი ფაქტი ასე არ უღიარებია, თუმცა 2017 წლის 13 მაისს პაპმა ფრენცისკემ განაცხადა, რომ თინეიჯერების მიერ გადმოცემული პირველი ხილვების ღრმად შესწავლა ღირს, ხოლო მომდევნო წლების ამბავი საეჭვოა. მისივე განმარტებით, არსებობს ხალხი, ვინც ამ ადგილზე მოიქცა, ღმერთი იპოვნა და მათი ცხოვრება შეიცვალა. „ეს არის სულიერი და პასტორალური ფაქტი, რომლის უარყოფა შეუძლებელია“.


არსებობს „მეჯუგორიის ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც „მშვიდობის დედოფლადაც“ მოიხსენიებენ.


4. ჩენსტოხოვას ღვთისმშობელი – პოლონეთი



ჩენსტოხოვას ღვთისმშობლის ხატი, ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ხატია. მისი ისტორია თითქმის 600 წელია პოლონეთს უკავშირდება. ხატი ასევე ცნობილია როგორც “Czarna Madonna” ანუ „შავგვრემანი ღვთისმშობელი“, რადგან ხატზე თითქოს ისე ჩანს, რომ ღვთისმშობელს მუქი კანი აქვს.


ჩესტოხოვას ღვთისმშობლის ხატის შესახებ ცნობები XIV საუკუნემდე არ მოიპოვება. თუმცა ლეგენდების მიხედვით, იგი მეთოთხმეტე საუკუნის კი არა, არამედ ადრეული ქრისტიანული პერიოდის უნდა იყოს, რომელიც წმინდა ლუკა მახარებელმა დახატა, იესუსალიმში, მარიმმის სახლში არსებულ მაგიდაზე.

სანამ ხატი პოლონეთში აღმოჩნდებოდა, იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა იგი კონსტანტინოპოლში წააბრძანა, შემდგომ კი იგი თავად ლევ ჰალიცკის თხოვნით, კიევის რუსეთში აღმოჩნდა. 1384 წლის 31 აგვისტოს კი, პოლონეთის თავადის, ვლადისლავ ოპოლჩიკის დამსახურებით, ხატი სასწაულებრივი გზით მოხვდა ჩენსტოხოვაში (პოლონეთი).


ამბობენ, რომ „შავგვრემანმა მარიამმა“, პოლონეთში მდებარე იასნა გორას მონასტერი შვედების შემოჭრისგან სასწაულებრივად გადაარჩინა. 1655 წლის ზამთარში, შვედეთი შეიჭრა პოლონურ-ლიტვურ თანამეგობრობაში, ალყა შემოარტყა იასნა გორას მონასტერს და ცდილობდნენ მის აღებას.


70–მა ბერმა და 180–მა ადგილობრივმა მოხალისემ, ძირითადად სლახტას (პოლონელი აზნაური) წარმომადგენლებმა, 40 დღის განმავლობაში 4000 შვედი შეაჩერეს, გადაარჩინეს თავიანთი წმინდა ხატი და, ზოგიერთი გადმოცემით, ომის მსვლელობა შეცვალეს.


ამ მოვლენის შემდეგ, მეფე იოანე II კაზიმირ ვასამ 1656 წლის 1 აპრილს პოლონეთის თანამეგობრობა წარადგინა „შავგვრემანი ღვთისმშობლის“ მფარველობით და ლვოვის საკათედრო ტაძარში, იგი პოლონეთის მფარველად გამოაცხადა.


ხატზე გამოსახულ ღვთისმშობელს მარჯვენა ლოყაზე ორი ნაწიბური აქვს. ლეგენდის მიხედვით, 1430 წელს ჰუსიტები (შიიტი-ზეიდიტების გასამხედროებული დაჯგუფება) მონასტერში შეიჭრნენ და საკურთხეველი გაძარცვეს, მოპარულ ნივთებს შორის იყო ხატიც.


ნაქურდალის ფურგუნში მოთავსების შემდეგ, ჰუსიტებმა გაქცევა სცადეს, მაგრამ ცხენებმა გადაადგილებაზე უარი თქვეს და ღვთისმშობლის გამოსახულება მიწაზე გადააგდეს. ერთ-ერთმა მძარცველმა ხატს ორჯერ დაჰკრა ხმალი, მესამე მცდელობისას კი, მიწაზე დავარდა და ტანჯვით მოკვდა.

მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ხატს ნაწიბურები ვერ წაუშალეს.


5. გვადალუპეს ღვთისმშობლი – მექსიკა


გადმოცემის თანახმად, 1531 წლის 12 დეკემბერს, ინდიელთა ტომის წარმომადგენელს, ხუან დიეგოს ღვთისმშობელი მარიამი გამოეცხადა და ნაჰუატის ენაზე (ინდილეთა ტომის ენა) ელაპარაკა.


მარიამი ვარდისფერ სამოსელსა და ცისფერ მოსასხამში იყო გამოწყობილი და წელზე შავი სარტყელი ერტყა, რაც აცტეკთა ტომისათვის (მექსიკელ ინდიელთა ყველაზე მრავალრიცხოვანი ხალხი) ორსულობის ნიშანი იყო.


გამოცხადებისას, ღვთისმშობელმა წმინდა ხუან დიეგოს უთხრა: „საყვარელო შვილო, მიყვარხარ. მე ვარ მარად ქალწული მარიამი, ჭეშმარიტი ღვთის დედა, რომელიც იძლევა სიცოცხლეს და იცავს მას. იგი არის ყოვლისშემძლე და ყოველივეს შემქმნელი. არის ცისა და მიწის უფალი. მსურს იმ ადგილზე მქონდეს საწმინდარი, სადაც შენს ხალხს და ყველა ადამიანს ვანუგეშებ, რომლებიც გულწრფელად მთხოვენ დახმარებას თავიანთ საქმეებსა და მუწხარების ჟამს. აქ ვიხილავ მათ ცრემლებს, მაგრამ თან ვანუგეშებ მათ. ახლა კი წადი და ყველაფერი, რაც იხილე და მოისმინე მოუყევი ეპისკოპოსს“.


მექსიკის ეპისკოპოსმა ხუანის ნათქვამი არ დაიჯერა, ამიტომ წმინდა ხუან დიეგომ ქალწულ მარიამს ნიშნანი სთხოვა, რითაც ეპისკოპოს დაარწმუნებდა.


შემდგომი გამოცხადებისას, მარიამმა წმინდა ხუანს უთხრა ასულიყო იმ მთაზე, სადაც ულამაზესი ყვავილები იზრდებოდა, დაეკრიფა და დაემალა ისინი თავისი მოსასხამის ქვეშ (ინდიელების მოსასხამს ბოლოში ჰქონდა ტომრის ფორმა, სადაც შეიძლებოდა ნივთების შენახვა). წმინდანმა მყისვე შეასრულა მარიამის ნათქვამი, ეპისკოპოსთან წარდგომის შემდეგ კი, მოსასხამიდან კასტილიური ვარდები გადმოცვივდა, რის შემდეგაც ეპისკოპოსმა და იქ შეკრებილებმა ირწმუნეს ხუანის და მუხლი მოიდრიკეს.

გვადალუპეს ღვთისმშობლის ყველაზე დიდ სასწაულად მექსიკელი ინდიელების მშვიდობიანი გაქრისტიანება მიიჩნევა. იმ პერიოდში, მიმდებარე ტერიტორიების ევანგელიზაცია საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენდა.


აცკეტების პირველი მოქცევა 1524 წელს მოხდა, თუმცა იმ დროს ძალიან ცოტა ადამიანი მოინათლა. ტომი თაყვანს სცემდა მზეს და სხვადასხვა ღმერთს. მათ შორის, ბუმბულით შემოსილ გველს და სჯეროდათ, რომ ღმერთები უნდა ეკვებათ მსხვერპლად შეწირული ადამიანების სისხლითა და გულით.


გამოცხადებისას, მარიამმა წმინდა ხუან დიეგოს მისსავე ენაზე სთხოვა დაეწერა ხატი, რომელიც შემდგომ „გვადალუპეს ღვთისმშობლის ხატად“ იწოდა.


ესპანური ენიდან Coatlallope ნიშნავს – „ის, ვინც გველს თავს უჭეჭყავს“.

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––



„აჰა მხევალი ვარ უფლისა, მეყოს მე შენი სიტყვისამებრ“. ეს სიტყვები ღვთისმშობელმა მარიამმა მთავარანგელოზ გაბრიელის წინაშე ხარებისას წარმოსთქვა, როცა მას ამცნო, რომ უფლის დედა გახდებოდა.


მარიამის შესახებ სახარება გვიყვება, რომ იგი მუდამ იესოს გვერდით იყო, ეხმარებოდა ყველაფერში და მათ შორის, გალილეის კანაში სასწაულების მოხდენისას. მან შვილთან ერთად გაიარა გოლგოთის გზა და ჯვრის ქვეშ ბოლომდე იდგა.


მარიამმა უდიდესი ტკივილი განიცადა მაშინ, როცა მის თვალწინ უკლავდნენ შვილს, მაგრამ იგი ბოლომდე მდუმარებით, იმედითა და ძლიერი დედობრივი ხასიათით შესცქეროდა თავის გარდაცვილ შვილს და ახსოვდა, რომ იგი აღდგებოდა.


მარიამი ავტომატურად მონაწილეობდა პირველი ეკლესიის ჩამოყალიბებაში. იგი არა მხოლოდ იესოს, არამედ მოციქულების დედაც იყო და სწორედ ისევე ზრუნავდა მათთვის, როგორც თავის შვილზე. ღვთისმშობელს არც თავის ზეცად აღყვანების შემდეგ შეუწყვიტავს ზრუნვა ადამიანებზე, იგი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილზე ეცხადებოდა ადამიანებს და ასწავლიდა ლოცვებს, უცხადებდა იმას, თუ რა ელოდა სამყაროს, უმჟღავნებდა თავისი შვილისა და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სიტყვებს: „აჰა მე თქვენთან ვარ, ვიდრე წუთისოფლის აღსასრულამდე“.




catholic.ge


ความคิดเห็น


bottom of page