top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ღვთისმშობლის ქანდაკება საქართველოში – მნიშვნელობა და ისტორია

27 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოში პორტუგალიიდან ღვთისმშობლის ქანდაკებას ჩამოაბრძანებენ.


ქანდაკებას, რომელსაც საქართველოში მცხოვრები კათოლიკეები ელოდებიან, ასახავს მარიამის სახეს, რომელიც „ფატიმის ღვთისმშობლის“ სახელით არის ცნობილი.

ფატიმა პორტუგალიის ქალაქია, სადაც 1917 წელს, სამ მწყემს ბავშვს ღვთისმშობელი გამოეცხადა. მათგან ერთ–ერთი ბავშვის, ლუსიას (შემდგომში იგი მონაზონი გახდა) მონათხრობის მიხედვით, რომელმაც აღწერა თუ როგორი სახე ჰქონდა ღვთისმშობელს გამოცხადებისას, შეიქმნა ქანდაკება. ქანდაკების ავტორი ხოსე ფერეირა თედიმია.


რა მოხდა 1917 წელს


1917 წელს მოხდა „მზის სასწაულის“ სახელით ცნობილი მოვლენა, პორტუგალიის ქალაქ ფატიმას ერთ-ერთ უბანში, კოვა და ირიაში. სასწაულს 70.000 ადამიანი შეესწრო.

ზოგიერთი მათგანი მორწმუნე იყო, ზოგი - ცნობისმოყვარე, დანარჩენები კი სრულიად ურწმუნო.


ამბავი ასე დაიწყო:


1917 წლის 13 მაისს, კვირა დღეს, სამი პატარა: 10 წლის ლუსია, 9 წლის ფრანციშკუ და მისი და, 7 წლის ჟასიტა სოფელ ფატიმადან ცხვრებს კოვა და ირიას ველზე მწყემსავდნენ. უეცრად, ცამ გაიელვა და გასხივოსნდა, ბავშვებმა დაინახეს უმშვენიერესი ქალი, რომელიც ღრუბელზე იდგა და ოდნავ ხის კენწეროსაც ეხებოდა.


ქალმა ბავშვებს აღუთქვა, რომ ყოველი თვის 13 რიცხვში მათ ამ ადგილას გამოეცხადებოდა. ბავშვები თავიდან მალავდნენ ნანახს, თუმცა მათგან ყველაზე პატარას დედასთან წამოსცდა. ხალხში მალე გავრცელდა ეს ამბავი, თუმცა არ სჯეროდათ.

ბავშვების მონაყოლის მიხედვით, უფროსები მიხვდნენ, რომ მათ წმინდა მარიამი გამოეცხადათ. მესამე გამოცხადების დროს, 1917 წლის 13 ივლისს ბავშვებს წმინდა მარიამმა განუცხადა, რომ 13 ოქტომბერს მათ უკანასკნელად გამოეცხადებოდა და თან დიდ სასწაულს მოახდენდა. ეს ამბავი სწრაფად გავრცელდა.


მიუხედავად იმისა, რომ წვიმიანი ამინდი იყო, დაახლოებით 70 000 ადამიანი მაინც შეიკრიბა ველზე, ზოგს სჯეროდა, ზოგი ირონიულად იყო განწყობილი. მარიამი ბავშვებს გამოეცხადა, თუმცა მათ გარდა ვერავინ ხედავდა. როდესაც მარიამი საუბარს მორჩა ბავშვებთან და წამოიმართა, მაშინ დატრიალდა ნამდვილი სასწაული.


ღრუბელები გაიხსნა და მზე გამოჩნდა, ისე როგორც ვერცხლისფერი დისკო, იგი წარმოუდგენელი ძალით ასხივებდა, შემდეგ ამ დისკომ დაიწყო "ცეკვა", შემდეგ კი ბზრიალი, როგორც გიგანტურმა ცეცხლოვანმა ბორბალმა.


ამ მოვლენას არა მარტო იქ მომსწრე 70 000 კაცი უყურებდა, არამედ 10 კილომეტრის მანძილიდანაც დაინახეს.


ამის შემდეგ "მზე" ისევ თავის ადგილს "დაუბრუნდა", საიდანაც ეს უცნაური მოვლენა დაიწყო. იმ პერიოდში არაერთმა გაზეთმა გამოაქვეყნა ცნობა აღნიშნულ დღეს მზის არნახული აქტივობისა და უცნაური ატმოსფერული მოვლენების შესახებ.


გამოცხადებაში მთავარი ის იყო, რომ მარიამმა ბავშვებს სამი საიდუმლო დაუტოვა.


ქანდაკებით მომლოცველობა


ფატიმის ღვთისმშობლის მშვენიერი გამოსახულება ცნობილმა მოქანდაკემ ხოსე თედიმმა 1947 წელს შექმნა. მონაზონმა ლუსიამ თავად დაავალა მას ქანდაკების შექმნა, მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ მას არასდროს უნახავს სხვა გამოსახულება, რომელიც ასე ჰგავდა ღვთისმშობლის ნამდვილ სახეს.


1952 წლის 24 ოქტომბერს პაპმა პიუს XII-მ აკურთხა ეს ქანდაკება და განსაკუთრებული კურთხევა მისცა მისი მომლოცველობის განხორციელებისათვის.


ამის შემდეგ, დაიძრა ქანდაკებით მომლოცველობა სხვადასხვა ქვეყანაში. ფატიმას ეპისკოპოსმა მარიამის ეს გამოსახულება ჯონ ჰაფერტს, „ცისფერი არმიის“ თანადამფუძნებელს მიანდო და ლოცულობდა, რომ მარიამი თავად გაჰყოლოდა ქანდაკებას, სადაც მას წაიღებდნენ. ქანდაკების მისიაა „მშვიდობა მიიტანოს“ ყველგან.


ყველაზე ცნობილი სამშვიდობო ტური შედგა 1992 წლის 16 ოქტომბერს, როდესაც ექვსი ეპისკოპოსი ჩავიდა მოსკოვის წითელ მოედანზე ღვთისმშობლის ქანდაკებით.


ღვთისმშობლის ქანდაკებით მომლოცველობის მიზანია ღვთისმშობლის მადლის, იმედის, მშვიდობისა და ხსნის გზავნილი მიიტანოს იმ მილიონობით ადამიანთან, რომლებსაც შესაძლოა არასდროს ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავად წავიდნენ ფატიმაში, სასწაულებრივი ადგილის სანახავად.


დაახლოებით 75 წლის განმავლობაში, ქანდაკებამ მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა. 2022 წელს კი მას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ჩამოაბრძანებენ.


მადლისა და კეთილგანწყობის უწყვეტი ნაკადი დაფიქსირდა ყველგან, სადაც ქანდაკებამ იმოგზაურა, მათ შორის იყო ფიზიკური განკურნება და მრავალი მოქცევა.


პორტუგალიის ქალაქ ფატიმიდან ღვთისმშობლის ქანდაკება სამხრეთ კავკასიაში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) 2021 წლის შემოდგომით უნდა ჩამოებრძანებინათ, რაც კათოლიკეებისათვის ერთ–ერთ მთავარ მოვლენას წარმოადგენდა.


მისი ჩამობრძანება, პანდემიის გამო, საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსის, ჯუზეპე პაზოტოს გადაწყვეტილებით, ერთი წლით გადაიდო და მას 2022 წელს, 27 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე ჩამოაბრძანებენ.


თაკო ფეიქრიშვილი

Catholic.ge - მასალის გამოყენების შემთხვევაში, გთხოვთ, დაიცვათ საავტორო უფლებები


Comments

Couldn’t Load Comments
It looks like there was a technical problem. Try reconnecting or refreshing the page.
bottom of page