top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘ღმერთი ისეთებს გვიღებს, როგორებიც ვართ’ - პაპი ფრანცისკე


ლგბტქ პირები და მათ მიმართ დამოკიდებულება, კრიტიკა ეპისკოპოსების მხრიდან და ურთიერთობა ემერიტუს პაპთან – საკითხები, რომლებზეც პაპმა ფრანცისკემ Associated Press–თან ისაუბრა.


“ყველაზე სასტიკი მკვლელიც კი, ყველაზე დიდი ცოდვილი, არ უნდა გახდეს დისკრიმინაციის მსხვერპლი. ყოველი კაცის, ყოველი ქალის ცხოვრებაში უნდა იყოს “ფანჯარა”, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება იმედისა და ღვთის მიერ მიმადლებული ღირსების დანახვა”, – ამის შესახებ პაპმა ფრანცისკემ ამერიკულ საინფორმაციო სააგენტო “Associated Press”–თან ისაუბრა. ბევრ სხვა საკითხთან ერთად, მან უპასუხა შეკითხვას ჰომოსექსუალ ადამიანებთან დამოკიდებულებაზე.


პაპმა გააკრიტიკა ის კანონები, რომლებიც ლგბტქ პირების კრიმინალიზებას ახდენს, და ამ კანონებს „უსამართლო“ უწოდა. მისივე თქმით, ღმერთს ისეთი უყვარს ყველა თავისი შვილი, როგორებიც ისინი არიან და იმ კათოლიკე ეპისკოპოსებს, რომლებიც კანონებს მხარს უჭერენ მოუწოდა, რომ ლგბტქ ადამიანები ეკლესიაში მიიღონ.


“ჩვენ, ყველანი ღვთის შვილები ვართ და ღმერთი ისეთებს გვიღებს, როგორებიც ვართ, იმ ძალით, რომლითაც ყოველი ჩვენგანი იბრძვის საკუთარი ღირსებისათვის“.


პაპის თქმით, იყო ჰომოსექსუალი – ცოდვაა, მაგრამ არა დანაშაული, ამიტომ კანონით არ უნდა იდევნებოდეს. პაპი მოუწოდებს საზოგადოებას, ცოდვასა და დანაშაულს შორის განსხვავება იპოვონ. მისივე თქმით, საეკლესიო სწავლება ამბობს, რომ ჰომოსექსუალური ქმედებები ცოდვაა ან „შინაგანად მოუწესრიგებლობის“ მაჩვენებელი, მაგრამ გეი ადამიანებს ღირსეულად და პატივისცემით უნდა მოვეპყროთ.


”ეს არ არის დანაშაული. დიახ, მაგრამ ეს ცოდვაა. ჯერ განვასხვაოთ ცოდვა და დანაშაული“.


”ასევე ცოდვაა ერთმანეთის მიმართ ქველმოქმედების ნაკლებობა”, - დასძინა მან.

მოგვიანებით პაპი კვლავ დაუბრუნდა ამ თემას და თავის ბოლო კომენტარზე ჰომოსექსუალობისა და ცოდვის შესახებ, განმარტა, რომ ის მხოლოდ ოფიციალურ კათოლიკურ მორალურ სწავლებას გულისხმობდა, რომელიც გვასწავლის, რომ ქორწინების გარეთ ნებისმიერი სექსუალური აქტი ცოდვაა.


ინტერვიუში წმინდა მამამ ასევე ისაუბრა ემერიტუსი პაპის, ბენედიქტე XVI - ეს შესახებ: “ჩემთვის იგი საყრდენი იყო. ნებისმიერი ეჭვისას ვჯდებოდი ავტომობილში, მივდიოდი მონასტერში და მას რჩევას ვეკითხებოდი ”.


რაც შეეხება პაპის მიმართ გავრცელებულ კრიტიკას, რომელიც სხვადასხვა ანონიმური პირისგან მოდის, პაპმა უპასუხა: “ეს წააგავს ჭინჭარს, ცოტა გამაღიზიანებელია, მაგრამ მომწონს, ვინაიდან ეს ნიშნავს სიტყვის თავისუფლებას”. აქვე წმინდა მამამ დასძინა, რომ ამჯობინებს პირისპირ გააკრიტიკონ. მისივე თქმით, ზოგიერთ მის კრიტიკოსს პირადად შეხვედრია და როგორც ზრდასრულ ადამიანებს ისე უსაუბრიათ:


“არავისთან მიჩხუბია, მე ვამბობდი ჩემს აზრს, ისინი – თავისას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე გვექნებოდა, როგორც მე მას ვუწოდებ - “დისტანციურ დიქტატურასთან”, როცა ვერავინ ეწინააღმდეგება იმპერატორს. ასე, რომ დაე, ილაპარაკონ! კრიტიკას შეუძლია დაგვეხმაროს ზრდაში და მოგვიტანოს სარგებელი”.


წყარო: apnews.com


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page