'ღმერთმა აცხონოს ძველი და აკურთხოს ახალი პაპი' – მეუფე რუსუდანი
- catholic.ge
- 1 minute ago
- 1 min read
საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას ეხმაურება.

"კათოლიკური ეკლესია და ზოგადად, საქრისტიანო ოჯახი ემშვიდობება პაპ ფრანცისკეს, ერთგულ ღვთისმსახურსა და მოყვასის სიყვარულის მქადაგებელს. ყველას გვახსოვს მისი რევოლუციური განცხადებები - "ჯინსებიან წმიდანებზე", ქალთა ხელდასხმაზე, მისი ნათქვამი - "მე ვინ ვარ, რომ განვსაჯოო!"
ახლა, საზოგადოების მემარჯვენეები ამბობენ - იმედია, ახალი პაპი მემარჯვენე იქნებაო... მემარცხენეები ნატრობენ - ნეტა, შემდეგიც მემარცხენე იყოსო...
ვინც არ უნდა იყოს, ძალიან მძიმე რეალობა და მტკივნეულო გადაწყვეტილებები ელოდება წინ!!!
ღმერთმა აცხონოს ძველი და აკურთხოს ახალი პაპი!!!".
ტექსტთან ერთად, ეპისკოპოსმა თავისი ხელით შესრულებული პაპ ფრანცისკეს გამოსახულება გამოაქვეყნა.

ცნობისთვის, თბილისში, ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკური საკათედრო ტაძრის ჭერზე განთავსებული 24 კესონი (კვადრატული ჩაღრმავება თაღის შიგნითა ზედაპირზე) სწორედ მეუფე რუსუდანმა მოხატა და ზედ ღვთისმშობლის ლიტანიის ფრაზები დაიტანა. ჭერის მოხატვა მას კათოლიკე ეკელსიის ეპისკოპოსმა, მეუფე ჯუზეპე პაზოტომ სთხოვა.
–––––––––––––––––
პაპი ფრანცისკე 2025 წლის 21 აპრილს, ვატიკანში გარდაიცვალა. რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი 88 წლის იყო.
ვატიკანის ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელის დასკვნით, პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა ინსულტით, რომელსაც გულსისხლძარღვთა სისტემის კოლაფსი მოჰყვა. რომის პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებული იყო ორმხრივი პნევმონიის, ჰიპერტონიისა და მეორე ტიპის დიაბეტის გამო.
გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე, 20 აპრილს პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძრის მოედანზე შეკრებილ ათასობით მორწმუნეს ტაძრის აივნიდან აღდგომა მიულოცა. პაპი აივანზე ეტლით გაიყვანეს. ტრადიციული სააღდგომო მიმართვა მის ნაცვლად არქიეპისკოპოსმა დიეგო ჯოვანი რაველიმ წაიკითხა.
არგენტინელი კარდინალი, ერისკაცობაში ხორხე მარიო ბერგოლიო რომის პაპად 2013 წლის მარტში აირჩიეს, მას შემდეგ, რაც ტახტიდან გადადგა პაპი ბენედიქტე XVI.
Comments