შეხვედრა სამცხის კათოლიკური სამრევლოების ლექტორებისთვის
- catholic.ge
- Apr 5
- 1 min read
5 აპრილს, ვალის კათოლიკურ სამრევლოში იმ პირთა შეხვედრა გაიმართა, რომლებიც სამხრეთის დეკანატის სამრევლოებში, წმ. წირვებზე, ძველი და ახალი აღთქმებიდან საკითხავებს კითხულობენ.

შეხვედრას ორგანიზება კათოლიკე ეკლესიის სამხრეთის დეკანატმა გაუწია. მასში მონაწილეობას იღებდა 22 მკითხველი, იგივე ლექტორი: უდის, არლისა და ვალის კათოლიკური სამრევლოებიდან.
შეხვედრის ძირითადად ნაწილს მამა პაატა ქომოშვილი გაუძღვა, ხოლო ლოჯისტიკურ ნაწილს მამა ბექა ჩილინგარაშვილი.
საუბრის პირველ ეტაპზე მამა პაატა ქომოშვილი რამდენიმე საკვანძო საკითხს შეეხო:
– რა არის ლიტურგია;
– ვინ არის მთავარი მოქმედი პირი ლიტურგიისას – კითხვის, გალობის ან რომელიმე საიდუმლოების აღსრულების დროს;
– როგორია სულიწმინდის როლი ლიტურგიაში;
– ვინ არიან მკითხველები, იგივე ლექტორები და როდიდან განისაზღვრა მათი სტატუსი ოფიციალურად...
ამ და სხვა საინტერესო საკითხების შემდეგ, საუბარი კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა.
შეხვედრის მეორე ნაწილი კი, პრაქტიკულ სავარჯიშოებს დაეთმო და ტაძარში გაგრძელდა. ლექტორებმა კონკრეტული რჩევები მიიღეს წირვაზე ამბიონისკენ გადაადგილების, ამბიონთან დგომის, მიკროფონთან ურთიერთობის, საკითხავების კითხვისა და მრევლთან თვალით კონტაქტის შესახებ.
შეხვედრის ბოლო ნაწილში, ლექტორებმა ჯგუფურად შეასრულეს სავარჯიშოები და ვიქტორინის სახით მომზადებულ ლიტურგიულ კითხვებს გასცეს პასუხები.
დასასრულს, ყველა მონაწილეს გადაეცა „ლექტორების დამხმარე მასალა“ და წიგნი, სახელწოდებით „წმიდა შვიდეული და აღდგომის მსგეფსი (რომაული წესით)“.
მსგავსი, ლიტურგიულ საკითხებთან დაკავშირებული შეხვედრები კათოლიკე ეკლესიის სამრევლოებში ეტაპობრივად იმართება. მათი მიზანია მონაწილეებმა უფრო მეტი შეიტყონ, როგორც ლიტურგიის სულიერი მნიშვნელობის, ასევე მისი ესთეტიკური მხარის შესახებ.
თაკო ფეიქრიშვილი
Comentarios