სოფელ არლის შესასვლელში, მარჯვენა მხარეს, გორაზე მცირე ტაძარი დგას, რომელიც წმ. პავლე მოციქულის სახელზეა ნაკურთხი. გორას ადგილობრივები "შუა სერს" ეძახიან, სწორედ ამიტომ ტაძარსაც "შუა სერის ეკლესიის" სახელით მოიხსენიებენ. ამ ეკლესიის დღესასწაულს ადგილობრივები ყოველი წლის 25 იანვარს, წმ. პავლე მოციქულის მოქცევის დღეს აღნიშნავენ.
2024 წლის 25 იანვარს, არლელმა კათოლიკეებმა ტრადიციულად „შუა სერის ეკლესიის“ დღესასწაული იზეიმეს. წმინდა წირვა გორისა და ბეთლემის სამრევლოების წინამძღვარმა მამა ანდრეი გრაჩიკმა აღავლინა, მასთან ერთად ლიტურგიაზე იმყოფებოდნენ: ახალციხის სამრევლოდან კაპუცინი ბერები – მამა მარეკ პჟეჩევსკი და მამა იაცეკ სემენიაკი; ხიზაბავრისა და ვარგავის სამრევლოების ვიკარი – მამა მერაბ ტატალაშვილი; არლის სამრევლოს წინამძღვარი – მამა დარიუშ კომადოვსკი და ვიკარი – მამა ბექა ჩილინგარაშვილი; ასევე დიაკვანი სოფელ უდიდან – ჯუმბერ მღებრიშვილი.
საზეიმო წირვას არლელებთან ერთად ახალციხის, უდისა და ვალის სამრევლოს წევრებიც დაესწრნენ.
დღესასწაული დაემთხვა „ქრისტიანთა ერთობისათვის ლოცვის“ კვირეულის ბოლო დღეს, შესაბამისად, ქადაგებისას მამა ანდრეი გრაჩიკმა ისაუბრა, როგორც წმ. პავლეს მოქცევის, ასევე ქრისტიანებს შორის ერთობისა და ძმური კავშირის შესახებ.
წირვის დასასრულს, არლის სამრევლოს მიერ არჩეულმა სოფლის ნათლიამ, სიმონ აფრიამაშვილმა „შუა სერის“ ტერიტორიის შესახებ მოკლე განმარტება გააკეთა. მისი თქმით, ხშირად ამ ადგილს „მეშურნეთს“ ეძახიან, თუმცა სახელწოდებები „შუა სერი“ და „მეშურნეთი“ ერთმანეთისგან ტერიტორიის მიხედვით განსხვავდება:
„ამ სერს, სადაც ჩვენ ვართ ადრე ერქვა „შუა სერი“, ხოლო აქ რომ სოფელი იყო, იმას – მეშურნეთი. 1695 წელს, აღწერეს მოსახლეობა და სოფლები და შემდეგ „ვილაიეთის დიდ დავთარში“ სწორედ ასეა მოხსენიებული: „ზემო ფარეხა, მეშურნეთის სათესები“. ე.ი მაშინ უკვე სოფელი „მეშურნეთი“ აღარ იყო და მის ნაცვლად პატარ–პატარა დასახლებები იყო აქ. ამ სოფლის მიწა–წყალი კი ეკუთვნოდა ზემო ფარეხას. მერე გაჩნდა ქვეო ფარეხა, შუა ფარეხა, სადაც ახლანდელი „მტრედის ეკლესიაა“ და ესეც ზემო ფარეხა. აქ მევენახეობა იყო განვითარებული და თქვენც გემახსოვრებათ, რომ აქ ვენახი როცა გააშენეს, სამუშაოების დროს ძალიან ბევრი ქვევრი ამოვიდა, ანუ მევენახეობა იყო განვითარებული, აშენებული იყო წისქვილებიც. ამიტომ უნდა განვასხვაოთ, რომ „შუა სერი“ არის ეს ტერიტორია, მაგრამ უშუალოდ სოფელს ჰქვია „მეშურნეთი“, ისტორია არ უნდა წაიშალოს“, – განმარტა სიმონ აფრიამაშვილმა.
რაც შეეხება „შუა სერის“ ეკლესიის მშენებლობას, ისტორიული ტაძარი, 1991 წელს, სოფლის მკვიდრის, პავლე აკოფაშვილის ძალისხმევით აღდგა. როგორც იგი ამბობს, ეკლესიის აღდგენა 1987 წელს, კომუნისტური პერიოდის დროს დაიწყო, ამიტომ, პროცესს თან ერთგვარი შიშიც ახლდა.
"ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მამაჩემი დაკრძალვიდან შემოსული ფული დედას მივეცი და ვუთხარი მიცვალებულებისათვის საწირავი მიეცა, შემდეგ კი ვიფიქრე, რომ ამ ფულით ეკლესიის ნანგრევების შემოღობვა უკეთესი იქნებოდა. მას შემდეგ, რაც ტერიტორიას ღობე შემოვავლეთ, ჩემმა ბიძაშვილმა, ქვის ოსტატმა, გიორგი აკოფაშვილმა ეკლესიის აღდგენა შემომთავაზა. იმ დღიდან მასალის, ტექნიკისა და ხელოსნების მოძიება დავიწყე”– ამბობს, პავლე აკოფაშვილი და ამატებს, რომ ეკლესიის აღდგენას 4 წელი დასჭირდა, რადგან მასალის შეძენა, მოტანა და ხელოსნების დაყოლიება, გარკვეულ წინაღობებთან იყო დაკავშირებული.
დაბრკოლებების მიუხედავად, პავლე აკოფაშვილმა ეკლესია საბოლოოდ 1991 წელს დაასრულა. რამდენიმე წლის შემდეგ კი, მის საკურთხებლად ვატიკანის საელჩოში თხოვნით თავადვე ჩავიდა.
საბოლოოდ, ტაძარი რამდენიმე წლის შემდეგ, 19 მარტს, წმინდა იოსების სახელობის ტაძრის დღესასწაულზე, არალში ჩამოსულმა წმინდა საყდრის ნუნცმა, ჟან პოლ გობელმა, პავლე აკოფაშვილის თხოვნის, წმინდა პავლეს მოციქულის სახელზე აკურთხა.
"შუა სერის" ეკლესიის დღესასწაულად 25 იანვარი არლის ყოფილმა წინამძღვარმა მამა იეჟი შიმეროვსკიმ დააწესა.
თაკო ფეიქრიშვილი
Comments