სირიაში, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნის სანაპირო რაიონებში, სადაც ისლამური რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლების, ალავიტები ცხოვრობენ, შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა. შეტაკებები ახლანდელ „სახელისუფლებო ძალებსა“ და ასადის ყოფილ მხარდამჭერებს შორის დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად 1 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ქალები და ბავშვები.

რა ხდება სირიაში? ბოლო დღეებში განვითარებული შეიარაღებული კონფლიქტი ხომ არ დააბრუნებს ქვეყანას სამოქალაქო ომში? ღალატობს თუ არა აჰმედ ალ-შარას ახალი ხელისუფლება საკუთარ დაპირებებს ნაციონალურ გაერთიანებასა და უმცირესობების შემწყნარებლობასთან დაკავშირებით? – ამ კითხვებით ვატიკანის მედიამ ალეპოს სამოციქულო ვიკარიუსსა და სირიაში ლათინ-კათოლიკეთა ლიდერს, ეპისკოპოს ჰანა ჯალუფს დაუსვა კითხვები:
– „სიახლეებს რომლებსაც ჩვენი მორწმუნეებისა და ხელისუფლების ოფიციალური წყაროებიდან ვიგებთ ასეთია – გადაყენებული პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის ერთგული ძალოვნები ცდილობენ შეიარაღებულ აჯანყებას ამჟამინდელი რეჟიმის დასამხობად, ეს ინიციატივა კი შემდეგ სასტიკად ჩაახშეს სამთავრობო ძალებმა. პირვანდელი არეულობიდან გამომდინარე, ინიციატივა დაიგეგმა შეტაკებებამდე რამდენიმე დღით ადრე, ასადის, ალავიტი (ალავიზმი, ისლამში არსებული სექტა) ყოფილი ხელისუფლების წევრების, ჰესბოლას სირიის განყოფილებისა და პროირანული შიიტური დაჯგუფებების მიერ. თუმცა, ეს შეტაკებები შემოიფარგლებოდა ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლით: დაიწყო ჯაბლეში და გაგრძელდა ლატაკიის პროვინციის გასწვრივ, ქალაქ ჰომსის შიდა საზღვრებამდე. არსებული მონაცემებით, შეტაკების პირველ დღეს დაიღუპა 20 ჯარისკაცი, ხოლო მეორე დღეს იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე პირველ დღეს, რასაც მოჰყვა მთავრობის სასტიკი პასუხი, სამწუხაროდ დაიღუპა ასობით ადამიანი. მათ შორის ქრისტიანები, თუმცა არა იმის გამო, რომ ქრისტიანები იყვნენ”, - ამბობს იერარქი.
არის თუ არა ეს სირიაში სამოქალაქო ომის განახლების ნიშანი, ასეთი ომიდან სულ რაღაც სამი თვის შემდეგ?
– ვიტყოდი, რომ – არა. რამდენიმე მიზეზის გამო: პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ძალიან ლოკალიზებული ეპიზოდები, რომლებიც ჯერ არ გავრცელებულა დანარჩენ ქვეყანაში. აქ, ალეპოში, ისევე როგორც დამასკოში, სიტუაცია აბსოლუტურად მშვიდია. მეორეც გასათვალისწინებელია, რომ რეჟიმის ასეთი უეცარი ცვლილება, როგორიც მოხდა 8 დეკემბერს, ასევე ხანგრძლივი სამოქალაქო ომით განადგურებულ ქვეყანას – პოლიტიკური, სოციალური და სამხედრო სიტუაციის სტაბილიზაციისთვის გარკვეული დრო სჭირდება, რომლის დროსაც შესაძლოა წარმოიშვას ძლიერი დაძაბულობა. ასევე მოქმედებს პირადი ინტერესები და შურისძიებას მოწყურებული კლანების ინტერესები. მესამე, როდესაც ვსაუბრობთ „სამთავრობო ძალებზე“, ჩვენ არ ვგულისხმობთ სტრუქტურირებულ არმიას (წინა არმია მზეზე თოვლივით დადნა), არამედ შეიარაღებულ ჯგუფებს, რომელსაც ხელმძღვანელობს ჰაიათ თაჰირ ალ-შამი. ერთიანი ბრძანების გარეშე, ზოგიერთმა ამ ჯგუფმა შეიძლება იმოქმედოს უკიდურესი სისასტიკით ამბოხებულების წინააღმდეგ.
განა ეს არ ეწინააღმდეგება იმ მოწოდებებს ეროვნული დამშვიდებისკენ, რომელიც რეჟიმის შეცვლის შემდეგ, ახალი ხელმძღვანელობის მხრიდან გამოითქვა?
– მგონია, რომ დროებითი პრეზიდენტის ალ-შარას მიერ ამ პერიოდში ნათქვამი სიტყვები წინდახედულობითა და პასუხისმგებლობით გამოირჩევა. ერთის მხრივ, მან განაცხადა, რომ ძველი რეჟიმის ნოსტალგიის მტრული წინააღმდეგობა მოსალოდნელი იყო და მტკიცედ უნდა მომხდარიყო მისი უარყოფა; მეორე მხრივ, ის აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ სირიისთვის სხვა გზა არ არსებობს, გარდა ეროვნული დამშვიდების გზისა – ჩვენს მიწაზე მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფისა და რელიგიური კონფესიის თანაარსებობისა.
რა ხდება სირიასა და ისრაელის საზღვარზე?
– ისრაელი აგრძელებს სირიის ტერიტორიის ოკუპაციას ძველი გოლანის საზღვრის გასწვრივ და როგორც ჩანს, ამას არ აქვს დროებითი ხასიათი. ისრაელი თავის ბოლო სამხედრო მოქმედებებს დრუზების მოსახლეობის დაცვითა და მხარდაჭერით ამართლებს. სუვეიდსა და ჯარამანაში, დედაქალაქის გარეუბანში, ავტონომიური ისლამური დაჯგუფებების მიერ დრუზების წინააღმდეგ, იყო ძალადობის ინციდენტები, რომელთა პრევენცია დამასკოს მთავრობამ ვერ შეძლო. თუმცა, გასარკვევია რა არის ისრაელის რეალური განზრახვა, ასევე გაუგებარია სხვა მოთამაშეების რეალური ზრახვები, რომლებმაც ისტორიული როლი შეასრულეს ამ საჭადრაკო დაფაზე: რუსეთი, შეერთებული შტატები და თურქეთი.
როგორია ქრისტიანების როლი ასეთ არასტაბილურ და დაძაბულ კონტექსტში?
– ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ალ-შარას დაპირებებს, რომ პატივს სცემს ყველა უმცირესობას, იქნება ეს ეთნიკური თუ რელიგიური. ახლა ჩვენც გვინდა ვიხილოთ ახალი ხელისუფლების მხრიდან ამ მიმართულებით კონკრეტული ქმედებები. ახალ სირიაში, ჩვენ გვინდა ვიყოთ არა უმცირესობა, არამედ თანაბარი უფლებებისა და მოვალეობების მქონე ადამიანები. მე, ქრისტიანული კონფესიების სხვა ეპისკოპოსებთან ერთად, ვმონაწილეობდი კონსტიტუციის შემუშავების ყრილობაში. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ჩვენი წინადადებები მშვიდობის, ერთიანობის, დამოუკიდებლობისა და მრავალკონფესიონალიზმის კუთხით. ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას შეუძლია წვლილი შეიტანოს სირიაში მშვიდობის დამყარებაში”, - ამბობს იერარქი.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comments