უკრაინაში მშვიდობისათვის ლოცვის დღის სერიოზულად და სიღრმისეულად შესახვედრად (ოთხშაბათი, 2 მარტი: მარხვისა და ლოცვის დღე)
საშიშროებას ჯერაც არ ჩაუვლია, კვლავ ამ მიკროსკოპული და საშინელი მტრის საფრთხის წინაშე ვდგავართ, პანდემიაში რომ გადავეყარეთ და, აი, ადამიანები, უგუნურნი, როგორც უკვე არაერთგზის, კვლავ ერთმანეთს დაერივნენ. ვინაა მართალი? ვინაა მტყუანი? ყველა მართალია და ყველა მტყუანი. ასე ფიქრობენ.
ომი. რა არის ომი? რას გვეუბნება გამოცდილება?
დანამდვილებით ვიცით: ის ნგრევაა. ყველაფრის ნგრევა: საგნების, პიროვნებების. იმედის ნგრევა. ერთმანეთის დაუზიანებლად ერთად ცხოვრების გზების მოსანახად აზროვნების, კვლევა-ძიებების, შრომის, რუდუნების ასწლეულები, სხვების წარმატებით, სილამაზით და სიდიადით გახარების უნარი რამდენიმე საათში ნადგურდება. დიახ, ვინაიდან ომი ყველას გვეხება, იმათაც, ვინც იმ ქვეყნებში ცხოვრობს, სადაც იარაღი მბრძანებლობს, და იმათაც, ვინც სხვაგანაა და ჰგონია, რომ აირიდებს მას. ომი მაღწევს მე, როცა ამა თუ იმ პრობლემაზე ჩემგან განსხვავებული ხედვისა და მიდგომის ადამიანთან შეხვედრა გადამამტერებს მას.
ომი დიალოგის უუნარობას ავლენს. ესაა უუნარობა, რომ თავები იგრძნონ, თუ არა ძმებად, ამ უნიკალური და ძვირფასი თავგადასავლის თანამგზავრებად მაინც, რომელსაც ცხოვრება ჰქვია. ომი მუდამ და მხოლოდ “უსარგებლო ხოცვა-ჟლეტა” იქნება. ომი - ყოველი ომი - ყოველთვის იმ მოწამლული ზღვის ნაპირებთან დაასრულებს მოგზაურობას, სადაც “ყველაფერი დაკარგულია”. ომი მთლიანად სახარების საპირისპიროა. არავისა აქვს მისი დაწყების ლეგიტიმური უფლება!!!
მშვიდობა. მშვიდობას უნდა ესწრაფო. ეძიო, გამოედევნო, სტაცო ხელი, შეაკავო და ააგო. „ნეტარ არიან მშვიდობის მაშენებელნი“. მე რაგვარად ვაშენებ მას ახლა? მხოლოდ მშვიდობაა სიცოცხლე. მხოლოდ მშვიდობაა წმინდა! მხოლოდ მშვიდობა ზრდის და მეტად აადამიანურებს. ომი ამსხვრევს ამჟამინდელი და მომავალი თანაცხოვრების შესაძლებლობას.
მორწმუნენი ლოცულობენ. ლოცულობენ ყველა რელიგიის მორწმუნენი, დღეს მეტად დაძმობილებულნი, ვიდრე ოდესმე, ერთი ღმერთის წინაშე მუხლმოყრილნი, რა სახელითაც არ უნდა მიმართავდნენ მას. მორწმუნენი ლოცულობენ სიტყვებითა და ცრემლებით. ევედრებიან მამას, რომელიცაა ცათა შინა და დედამიწის ყოველ კუთხეში, ნებისმიერი რასისა და მდგომარეობის ადამიანებს თავიდან აარიდოს იარაღის აბსურდული, საშინელი, უთავბოლო, უაზრო უღელი. რა არის ლოცვა? გამოსავალი? სუსტების იარაღი, იმათი, ვისაც არავინ არაფერს ეკითხება და სხვა გზა არ დარჩენიათ გარდა იმისა, რომ ღმერთს სთხოვონ ჩარევა? ვინაა მლოცველი ადამიანი? შეუძლია კი ღმერთს, რომელიც ყოველთვის პატივსა სცემს ადამიანის თავისუფლებას, იტანს და იტანჯება მისი სამარცხვინო საქმეების გამო, ჩაერიოს დღეს?
აქ საიდუმლოს წინაშე ვდგავართ. იესომ თავისიანებს სთხოვა, ელოცათ და ემარხულათ. ისინიც ასე იქცევიან. ჩვენც ასე ვიქცევით. გვინდა, რომ მოვიქცეთ. იესო თავისიანებს დაპირდა, რომ შეისმენდა მათ ტანჯვით სავსე ღაღადს. ჩვენც გვწამს ეს. და კვლავ ვირწმუნებთ, მაშინაც კი, როდესაც ძლიერნი ამა ქვეყნისანი, მიღებულ მანდატს რომ ივიწყებენ და ყურს არ ათხოვებენ იმათი შიშით სავსე ღაღადს, ვისზეც არიან დადგენილნი ხელისუფლებად, უზარმაზარი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესებით დატყვევებულნი, აღარ ისმენენ იმ უპოვართა ძახილს, რომლებიც იხოცებიან.
შეუძლია ლოცვას ომის შეჩერება? რასაკვირველია. ჩვენ გვწამს ეს. რა ფორმით? არ ვიცით და არც გვაინტერესებს. კვლავაც ღმერთს მივენდობით.
შევიყვაროთ, დროისა და სიტყვების მოზომვაზე დროის კარგვის გარეშე. ტანჯვა არ გვაშინებს. ეს ტანჯვა გვაადამიანურებს. გვიყვარდეს და ვილოცოთ. ვილოცოთ დღენიადაგ!
“მშვიდობა თქვენდა” (იო 20,21): ესაა აღმდგარი უფლის ძღვენი! დაე, ის იყოს ძღვენი ყოველი ხალხისთვის.
ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო
Kommentare