top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'ჩვენი დროის წმიდანი' - კიარა პეტრილო



"ჩვენი დროის წმიდანი" - ასე უწოდეს კიარა პეტრილოს, რომელმაც უარი თქვა სიმსივნის მკურნალობაზე, რათა არ შეეწყვიტა ორსულობა. მან იცოდა, რომ "ქრისტე სიკვდილზე ძლიერია. სიყვარული სიკვდილზე ძლიერია" და ეს დაამოწმა თავისი ცხოვრებით, როცა ვაჟიშვილის სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარი თავი გაიღო მსხვერპლად.


კიარა პეტრილო (Chiara Corbella Petrillo) 1984 წლის 9 იანვარს დაიბადა რომში. უფროს დასთან ერთად, იგი ადრეული ასაკიდანვე რწმენაში იზრდებოდა.


2002 წლის ზაფხულში, როცა მას 18 წელი შეუსრულდა, მეგობრებთან ერთად გაემგზავრა ხორვატიაში და გადაწყვიტა, მოენახულებინა თავისი და ელიზა, რომელიც იმ დროს მომლოცველობაში იმყოფებოდა მეჯუგორიეში. სწორედ იქ გაიცნო კიარამ მომავალი მეუღლე ენრიკო პეტრილო. კიარაც და ენრიკოც კათოლიკური ქარიზმატული მოძრაობის - ,,განახლება სულიწმიდაში“ წევრები იყვნენ. მათ ჯვარი დაიწერეს 2008 წლის სექტემბერს, ასიზიში. ეს ქალაქი აირჩიეს წმიდა ფრანცისკესადმი განსაკუთრებული თაყვანისცემის ნიშნად, მაგრამ მათი ექვსწლიანი ერთობლივი ცხოვრების გზა იოლი არ ყოფილა. კიარასთვის ის წარმოადგენდა ღვთისადმი ნდობის გამოცდილებას. იგი სწავლობდა უფლის ნების, მისი მოხმობის მიღებას. სწორედ ამ წლებმა, რომლის განმავლობაშიც მათ გვერდით იმყოფებოდა ფრანცისკელი მამა ვიტო, კიარა მოამზადა იმისთვის, რომ მომავალი ტანჯვა მიეღო როგორც სიყვარულის ძღვენი.


ქორწინებიდან ერთი თვის შემდეგ, კიარა უკვე ბავშვს ელოდებოდა. ორსულობის დროს გაირკვა, რომ მისი გოგონა, მარია გრაცია ლეტიცია, ენცეფალიით იყო დაავადებული. ასეთი დიაგნოზის დროს ექიმები აუცილებლად აბორტს ურჩევენ, მაგრამ კიარამ და ენრიკომ უარი განაცხადეს ორსულობის შეწყვეტაზე. ბავშვმა დაბადებიდან მხოლოდ 30 წუთი იცოცხლა. მშობლები მადლიერი იყვნენ, რომ გოგონა ბუნებრივი გზით დაიბადა და შეძლეს მისი მონათვლა. კიარა აღნიშნავდა, რომ ეს იყო საოცრად ლამაზი დრო მისთვის და ენრიკოსთვის, რადგან სიცოცხლე იზომება არა დღეებითა და საათებით, არამედ მარადიული ურთიერთობებით: "აბორტი რომ გამეკეთებინა, ამ დღეს ვერ გავიხსენებდი, როგორც დღესასწაულს, როგორც ჩემი გათავისუფლების წუთებს. ვფიქრობ, შევეცდებოდი, დამევიწყებინა ის, როგორც უაღრესად მტანჯველი დღე. მაგრამ მარიას დაბადების დღეს მუდამ გავიხსენებ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ლამაზს ჩემს ცხოვრებაში. შევძლებ, ვუამბო ჩემს ბავშვებს, თუკი მაჩუქებს უფალი, რომ მათ ჰყავთ არაჩვეულებრივი დაიკო, რომელიც ლოცულობს მათთვის ზეცაში.“


რამდენიმე თვის შემდეგ კიარა ისევ დაფეხმძიმდა, მაგრამ ულტრაბგერამ აჩვენა, რომ ბავშვს ქვედა კიდურები არ ჰქონდა და მისი შინაგანი ორგანოები ძლიერ იყო დაზიანებული, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის ამქვეყნად ცხოვრებას ვერ შეძლებდა.


მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა მშობლებმა ამჯერადაც უარი თქვეს აბორტზე. დიდი სიყვარულით შეხვდნენ ბავშვის დაბადებას და მიუხედავად იმისა, რომ დავითმაც ცოტა ხანს იცოცხლა, მისი მონათვლაც შეძლეს. ენრიკომ ვაჟიშვილს კისერზე ჩამოჰკიდა პატარა ხის ჯვარი ,,T“ (ტაუ- ფრანცისკელთა ნიშანი), ისე როგორც ერთი წლის წინ - მარია გრაციას. დავითის შემყურე კიარა დარწმუნდა, რომ ღმერთი სასწაულებს ახდენს, მაგრამ არა ჩვენი სურვილების შესაბამისად. მისთვის ეს ნიშნავდა, რომ დავითის სიკვდილი იყო არა უბედურება, არამედ სიცოცხლის, მარადიული სიცოცხლის, გამარჯვება.


მოგვიანებით კიარა და ენრიკო უკვე მესამე ბავშვს, ფრანჩესკოს, ელოდებოდნენ. ამჯერად ბავშვი სავსებით ჯანმრთელი იყო, მაგრამ განსაცდელმა ისევ იჩინა თავი: ორსულობის მეხუთე თვეს კიარას ენის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ახალგაზრდა დედა წერდა: "უფალი გვთხოვს, ისევ მივენდოთ მას, (...) და ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ იგი ამჯერადაც დიად საქმეს მოიმოქმედებს“.


კიარამ უარი თქვა ორსულობის პერიოდში მკურნალობაზე, რაც საფრთხეს შეუქმნიდა ბავშვის სიცოცხლეს. იგი ძალიან განიცდიდა იმ ფაქტს, რომ ექიმებს პირველ რიგში მისი გადარჩენა სურდათ და მის ვაჟში მხოლოდ ნაყოფს ხედავდნენ. კიარამ მკურნალობა ფრანჩესკოს დაბადების შემდეგ დაიწყო, მაგრამ დაავადება უკვე გამწვავებული იყო, მეტასტაზები განვითარდა მკერდსა და ღვიძლში, ფილტვებსა და თვალში. განკურნება უკვე შეუძლებელი იყო.


იდგა აპრილი, ვნების კვირა. ენრიკომ ეს სამწუხარო ამბავი მეუღლეს საავადმყოფოს სამლოცველოში შეატყობინა, წმიდა ევქარისტიის წინაშე, და აქ მათ განაახლეს საქორწინო ფიცი. ბოლოს კიარას მხედველობაც გაუუარესდა და საუბარიც უჭირდა, რამაც განსაკუთრებით მტანჯველი გახადა მისი სიცოცხლის უკანასკნელი დღეები. მაგრამ იგი მაინც ბედნიერი და მადლიერი იყო ყოველი წუთისთვის. სიკვდილამდე ერთი დღით ადრე ენრიკომ მას ჰკითხა: ,,კიარა, ნამდვილად მსუბუქია უფლის უღელი?“ და მან მტკიცედ უპასუხა - ,,დიახ“.


კიარა და ენრიკო სიძნელეებით სავსე ამ პერიოდში უფლის მადლის იმედად იყვნენ, რაც მათ ოჯახს განსაკუთრებულ სიმშვიდეს ანიჭებდა. ისინი შეეგუენ იმ აზრს, რომ არასდროს მოხუცდებოდნენ ერთად, კიარა ვერ დაინახავდა, როგორ იზრდებოდა ფრანჩესკო. მეუღლის სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში ენრიკომ ისევე მიიღო ღვთის წყალობა, როგორც თავად კიარამ და თქვა: ,,თუკი იგი იქნება იმასთან, ვისაც ის ჩემზე მეტად უყვარს, მაშინ რატომ უნდა ვწუხდე?“


2012 წლის 12 ივნისს კიარამ უკანასკნელად მიიღო მონაწილეობა წმიდა წირვაში. მეორე დღეს, 13 ივნისს, იგი გარდაიცვალა საკუთარ სახლში, საქორწინო კაბით შემოსილი, ლავანდის თაიგულით ხელში, გარემოცული ოჯახის წევრებითა და მეგობრებით, რომელთაც თავის სიყვარულს უმოწმებდა. წმიდა ფრანცისკა რომაელის (Santa Francesca Romana) ტაძარში სულის მოსახსენიებელ წირვას უძღვებოდა პაპის ვიკარიუსი რომში, კარდინალი აგოსტინო ვალინი, რომელმაც ქადაგებისას აღნიშნა: ,,რაც ღმერთმა მისი მეოხებით მოგვიმზადა, არ უნდა დავკარგოთ“.


კიარა დაკრძალეს ვაჟისა და ქალიშვილის გვერდით, კამპო ვერანოს (Campo Verano) რომის სასაფლაოზე. მას მიენიჭა ტიტული ,,მონა ღვთისა“.


2018 წლის 21 სექტემბერს, ლატერანის ბაზილიკაში ოფიციალურად დაიწყო კიარა კორბელოს ბეატიფიკაციის პროცესი. ,,დიასახლისი, მეუღლე და დედა, უაღრესად მორწმუნე ადამიანი", - ნათქვამია რომის ვიკარიატის ბრძანებულებაში, - "მისი მსხვერპლგაღება დარჩება იმედის შუქურად, ღვთისადმი რწმენის მოწმობად, სიცოცხლის შემოქმედად, მაგალითად სიყვარულისა, რომელიც აღემატება შიშსა და სიკვდილს“.



მოამზადა ვერიკო ნოზაძემ

ჟურნალი "საბა" / ივლისი, 2021 წელი.


Comments


bottom of page