top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'ძვირფასო ძმებო და დებო, მადლობა' - მამა პავლე დილი



ამ კატეხიზაციის ციკლს ვასრულებთ იმ სათნოების განხილვით, რომელიც არ შედის შვიდი ფუნდამენტური ან თეოლოგიური სათნოების ჩამონათვალში, მაგრამ ქრისტიანული ცხოვრების საფუძველშივე დევს - ეს არის სიმდაბლე.


ის წარმოადგენს ყველაზე მომაკვდინებელი ცოდვის, სახელდობრ, ამპარტავნების დიდ მოწინააღმდეგეს. როდესაც ადამიანის გული თავმომწონეობასა და ამპარტავნებას უპყრია, ეს გვაჯერებს, რომ თითქოს იმაზე მეტნი ვართ, ვიდრე სინამდვილეში ვართ.  ამ შემთხვევაში სიმდაბლეს ყველაფერი სწორ განზომილებამდე დაჰყავს: ჩვენ წარმოვადგენთ შესანიშნავ, თუმცა შეზღუდულ ქმნილებებს, გვაქვს სიკეთე და ნაკლოვანებები. ბიბლია გვახსენებს დასაწყისიდანვე, რომ ჩვენ მტვერი ვართ და მტვრად ვიქცევით (შდრ. დაბ. 3, 19). სიტყვა "მდაბალი" წარმოდგება ლათინური სიტყვიდან Humus - მიწა. თუმცა, ადამიანის გულში ხშირად ჩნდება ძალიან სახიფათო ილუზია ყოვლისშემძლეობის შესახებ. და ეს გვაყენებს დიდ ზიანს.

 

ამპარტავნების დემონისგან თავის დასაღწევად ძალიან ცოტა კმარა, საკმარისია ცის ვარსკვლავების ჭვრეტა, რომ კვლავ აღმოვაჩინოთ ჭეშმარიტი ზომა, როგორც ამბობს ფსალმუნი: "როცა შენს ცას ვუცქერ, შენი თითების ქმნილებას, მთვარეს და ვარსკვლავებს, რომლებიც შენ დაამკვიდრე: ვინაა ადამიანი, რომ მას გაიხსენებ, და ადამის ძე, რომ მისთვის გეცალოს?" (8, 4-5). ხოლო თანამედროვე მეცნიერება საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო გავაფართოოთ ჰორიზონტი, და კიდევ უფრო შევიგრძნოთ ის საიდუმლო, რომელიც გვარტყია და ჩვენში არის. 

 

ნეტარ არიან, ვინც გულში ინახავს საკუთარი სიმცირის შეგნებას, ეს ადამიანები დაცულნი არიან ამპარტავნებისგან. თავის "ნეტარებებში" იესო სწორედ ამათგან იწყებს: "ნეტარ არიან სულით ღატაკნი, რადგან მათია ცათა სასუფეველი" (მათე 5, 3). ეს პირველი ნეტარებაა, რადგან იგი საფუძველს ქმნის შემდგომთათვისაც: სიმდაბლე, მოწყალება, გულის სიწმინდე გამომდინარეობს საკუთარი სიმცირის შინაგანი შეგრძნებიდან. სიმდაბლე არის ყველა სათნოების შესასვლელი კარი.

 

სახარების პირველ გვერდებზე თითქოს ყველაფრის წყარო სიმდაბლეა და სულით სიღარიბე. ანგელოზის ხარება ხდება არა იერუსალიმის შესასვლელთან, არამედ გალილეაში, რომელიც გაცილებით ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო, ისე რომ ხალხი ამბობდა: "განა რამე კარგი შეიძლება იყოს ნაზარეთიდან?" (იოანე 1, 46). მაგრამ სწორედ აქედან იბადება ხელახლა სამყარო. არჩეული გმირი არ არის პრინცესა, რომელიც ფუფუნებაში იზრდება, არამედ უცნობი გოგონა: მარიამი. ის თვითონ არის განცვიფრებული, როდესაც ანგელოზს მიაქვს მისთვის უფლის ხარება და მის განდიდების საგალობელში, სწორედ ეს განცვიფრებაა აღბეჭდილი: "ადიდებს ჩემი სული უფალს, და სულით მხიარულობს ჩემი სული ღმერთზე, ჩემს მხსნელზე. რადგან მოიხედა თავისი მხევლის დამდაბლებაზე" (ლუკა 1, 46-48). ღმერთს - ასე ვთქვათ - იზიდავს მარიამის სიმდაბლე, რომელიც უპირველეს ყოვლისა შინაგანი სიმდაბლეა. მას იზიდავს ჩვენი სიმცირეც, როდესაც ჩვენ ვითვისებთ ამ სიმცირეს. ცხადია, მას ჰქონდა ბევრი სხვა სიკეთეც, რომლებიც თანდათან იქნება ნაჩვენები სახარების თხრობაში, მაგრამ ერთადერთი, რაც აღინიშნა, არის სიმდაბლე.


ამის შემდეგ მარიამი მოერიდება „სცენაზე გამოსვლას“. მისი პირველი გადაწყვეტილება ანგელოზის ხარების შემდეგ, იუდას მთებში წასვლაა, რათა მოინახულოს ელისაბედი: დაეხმარება მას ფეხმძიმობის ბოლო თვეებში. მაგრამ ვინ შენიშნავს ამ ჟესტს? არავინ, მხოლოდ ღმერთი. ჩანს, რომ ამ ჩრდილიდან ქალწული არასდროს მოისურვებს გამოსვლას. როგორც მაშინ, როდესაც ხალხიდან ქალის ხმა გამოაცხადებს მის ნეტარებას: "ნეტარი არს მუცელი, რომლითაც შენ გიტარებდი, და ძუძუ, რომელსაც სწოვდი!" (ლუკა 11, 27). მაგრამ იესო მაშინვე იძლევა პასუხს: "დიახ, მოწყალე იყვნენ მალე, რომლებიც ღმრთის სიტყვას უსმენენ და [მას] იცავენ" (ლუკა 11, 28). თვით მისი ცხოვრების ყველაზე წმინდა ჭეშმარიტებაც - ღმრთისმშობელი - არ ხდება მისთვის საბაბი ხალხის წინაშე თავის მოწონებისა. სამყაროში, რომელიც უბიძგებს ადამიანს საკუთარი თავის ჩვენებისა, სხვებზე აღმატებულობის დამტკიცებისა, მარიამი ცალსახად მიდის, ღვთიური ნიჭიერების ძალით, საპირისპირო მიმართულებით.


შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ მარიამსაც ჰქონდა რთული მომენტები, დღეები, როდესაც მისი რწმენა წყვდიადში მიმოდიოდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, მას არასდროს შერყევია სიმდაბლე, რომელიც მარიამში იყო კლდესავით მყარი სათნოება. მინდა გავუსვა ხაზი: სიმდაბლე არის კლდესავით მყარი სათნოება: ის ყოველთვის მცირეა, ყოველთვის თავისუფალი საკუთარი თავისგან, ყოველთვის თავისუფალი ამბიციებისგან. ეს მისი სიმცირეა მისი უძლეველი ძალა: ის რჩება ჯვრის ფეხთით, როდესაც იშლება ტრიუმფალური მესიის წარმოდგენა. მარიამი არის ის, ვინც სულიწმინდის მოვლინების წინა დღეებში შეკრებს მოციქულთა ჯგუფს, რომლებმაც ვერ შეძლეს ერთი საათის განმავლობაში ფხიზლობა იესოსთან და მიატოვეს იგი, როდესაც მოახლოვდა ქარიშხალი.


ძმებო და დებო, სიმდაბლე არის ყველაფერი. ის გვიხსნის ბოროტისგან და მის თანამზრახველებად გახდომის საფრთხისგან. სიმდაბლე არის მშვიდობის წყარო მსოფლიოსა და ეკლესიაში. სადაც არ არის სიმდაბლე, იქ არის ომები, უთანხმოება, განხეთქილებები. ღმერთმა მოგვცა მისი მაგალითი იესოში და მარიამში, ჩვენი გადარჩენისა და ბედნიერებისათვის. და სიმდაბლე არის გზაც, რომელიც მიგვიყვანს გადარჩენამდე.

გმადლობთ.


მამა პავლე დილი

Comments


bottom of page