ძლიერი მიწისძვრა თურქეთში
- catholic.ge
- Feb 6, 2023
- 1 min read
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. დაიღუპა 500-ზე მეტი ადამიანი, დაახლოებით 3 000 კი - დაშავდა.

ძლიერი მიწისძვრა თურქეთში 2023 წლის 6 თებერვალს, გამთენიის 4:17 საათზე მოხდა. იგი 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა ლიბანსა და ისრაელშიც.
როგორც შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახური (USGS) აცხადებს, მიწისძვრის ეპიცენტრი გაზიანთეპის პროვინციაში, ნურდაგიდან აღმოსავლეთით 23 კილომეტრში იყო, 24,1 კილომეტრის სიღრმეზე.
როგორც გავრცელებული კადრებიდან ჩანს, მიწისძვრის შემდეგ იშლება დაზიანებული შენობები, დაშავებულები კი ყინვაში დახმარებას ელოდებიან.
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუატ ოქტაის თქმით, თურქეთში სულ მცირე 284 ადამიანი დაიღუპა და 2300-ზე მეტი დაშავდა. მეზობელ სირიაში კი სულ მცირე 237 ადამიანი დაიღუპა და 630-ზე მეტი დაშავდა.
მიწისძვრის გამანადგურებელ შედეგებს ეხმაურება საქართველოში წმინდა საყდრის დესპანი, არქიეპისკოპოსი ჟოზე აველინო ბეტანკური:
"დამწუხრებული და შეძრული ვარ, მიწისძვრით გამოწვეული განადგურებით, თურქეთისა და სირიის მხარეებში. ვლოცულობ და ვუსამძიმრებ ოჯახებს, რომლებმაც ახლობლები დაკარგეს. დაე, დაშავებულები სწრაფად და სრულად გამოჯანმრთელდნენ, ხოლო დაზარალებულებს ჰქონდეთ სიმამაცე, რომ ცხოვრება თავიდან დაიწყონ", – წერს იგი.
თურქეთის ხელისუფლებამ განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა და დასახმარებლად საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუს ინფორმაციით, დაზარალდა 10 ქალაქი, მათ შორის გაზიანთეპი, მალათია, ადანა და დიარბაქირი.
ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა კვიპროსზე, ეგვიპტეში, ლიბანსა და ერაყშიც.
Comments