top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმ. პეტრესა და წმ. პავლეს დღესასწაული თბილისში

29 ივნისს, კათოლიკე ეკლესია წმ. პეტრესა და წმ. პავლეს მოიხენიებს. ეს დღე განსაკუთრებულად აღინიშნა თბილისში, მოციუქლთა სახელობის ტაძარში.




ლიტურგია 12:00 საათზე დაიწყო. მასზე იმყოფებოდნენ ეპისკოპოსი ჯუზე პაზოტო, წმინდა საყდრის დესპანი საქართველოში, არქიეპისკოპოსი ჟოზე აველინო ბეტანკური, კათოლიკე სასულიერო პირები, მონაზვნები და მრევლი ქვეყნის სხვადასხვა სამრევლოდან.


ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტმ წირვის აღსრულების უფლება ახლადნაკურთხ მღვდელს, მამა შალვა მარკოზაშვილს გადასცა.


"მონსინიორ ჟოზე, მღვდლებო, ყველა აქ შეკრებილნო, დღეს არის დიდი დღესასწაული მთელი ეკლესიისათვის, ასევე რომში არის განსაკუთრებული მომენტი, სხვადასხვა ქრისტიანები იკრიბებიან. აგრეთვე არის დიდი დღესასწაული აქ ჩვენი, პეტრესა და პავლეს საკრებულოსა და საქართველოს ეკლესიისათვის. დღეს ჩვენ შორის არის მამა შაკო (შალვა მარკოზაშვილი), ახალი მღვდელი. და ეს არის კიდევ ერთი ახალი დაბადებისთვის სიხარულის წყარო, მთელი საკრებულოსთვის.. და დღეს, მე ვთხოვ მას, რომ ეს ევქარისტია წაიყვანოს და ჩვენთვის იქნება დიდი პატივისცემა, რომ იყოს წირვის წამყვანი. ამიტომ, მამაო, გააგრძელე ჩვენი წირვა, ჩვენ ვლოცულობთ შენთვის, ჩვენი ეკლესიისთვის და შენი ყოფნა არის ნიშანი, რომ ჩვენ ვიყოთ შენს გვერდზე", – აღნიშნა ეპისკოპოსმა.


მამა შალვა მარკოზაშვილმა, რომელიც სწორედ წმ. პეტრესა და წმ. პავლეს ტაძრის მრევლი იყო, ლიტურგია განაგრძო. მან საკუთარ სამრევლოში პირველი წირვა აღავლინა.


"მოხარული ვარ, რომ დღეს ვარ თქვენთან ერთად და ამ წირვას ვწირავ თქვენთვის, მთელი კათოლიკური ეკლესიისათვის, მღვდლებისათვის, მისიონერებისათვის, რათა ღმერთმა ასმაგად მოგცეთ იმ სიკეთისთვის, რაც შემეძლო წლების განმავლობაში მიმეღო ამ ეკლესიიდან"...


ქადაგებისას მამა შალვა მოწოდების საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ მისი ცხოვრებისეული რთული გზის მიუხდედავად, მოწოდეის გზას მაინც გაჰყვა.


წირვის დასასრულს სიტყვა წარმოთქვა ვატიკანის ელჩმა:


“პატივი მაქვს გადმოგცეთ წმინდა პეტრე მოციქულის მემკვიდრის, პაპი ფრანცისკეს ძმური სალამი.


ამ დღეებში დავუკავშირდი პაპ ფრანცისკეს და რამდენიმე ბოთლი ქართული ღვინოც გავუგზავნე ამ საზეიმო დღის აღსანიშნად.


წმინდა პეტრე და პავლე მოციქულების დღესასწაული გახლავთ ზეიმი ჩვენი, წმინდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიის დასაბამისა, რომელიც დაფუძნებულია ქრისტეში, მის წმინდა მოციქულებში, მის საიდუმლოებებსა და მარადიულ ქრისტესმიერ მღვდლობაში. მადლობას ვუძღვნით უფალს ნათლობისა და საეკლესიო, საბერმონაზვნო და სამღვდლო მოწოდებათა გამო, განსაკუთრებით საქართველოში. თბილისიდან ვუერთდებით პაპ ფრანცისკეს, რომელიც დღეს რომის წმინდა პეტრეს ტაძარში ზეიმობს დღევანდელ დღესასწაულს, თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა საპატრიარქო გუნდის თანდასწრებით.


ამ დღეებში, ვატიკანში ამ შეხვედრის შესახებ არაერთი სიხარულით, იმედითა და მადლიერებით აღსავსე სიტყვა მოვისმინე მსოფლიოს ყველა კუთხიდან. კათოლიკური ეკლესიის კარი ყველასთვის ღიაა. ეს ერთადერთი გზაა ქრისტიანად ყოფნისა. ქრისტეს ეკლესია სხვაგვარად ვერც მოიქცევა - ღია კარი, შეხვედრები, ქრისტიანული სულისკვეთებით სვლა... თუნდაც თავგანწირვით, უფალთან ამაღლების მგზნებარე სურვილით. განა ქრისტე სხვაგვარად მოიქცეოდა? წმინდა პეტრე და პავლე მოციქულებიც ასე იქცეოდნენ. დღეს ქართველი ერის უმეტესობა ახლებური გრძნობით შესცქერის კათოლიკეებს. გმადლობთ, რომ ემოწმებით ქრისტეს".

–––– ცნობისათვის, ქართველი დიაკვანი, შალვა მარკოზაშვილი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მღვდლად 2022 წლის 28 მაისს ეკურთხა.


მის კურთხევაზე საქართველოდან იმყოფებოდნენ "ნეოკატეხუმენალური გზის" წარმომადგენლები და სასულიერო პირები: კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი, მეუფე ჯუზეპე პაზოტო, საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, მამა ზურაბ კაკაჩიშვილი, მამა მაჩეი მამაი და კამილიელი მამა ზიგმუნტ ნეჯვეჯი.


26 წლის მამა შალვა მარკოზაშვილი 12 სხვა დიაკვანთან ერთად ეკურთხა. იგი მღვდლური სამოსით ბიძამ, მღვდელმა არტურ ავდალიანმა შემოსა.


მამა შალვა ვარშავაში, წმ. აუგუსტინას სამრევლოში გააგრძელებს მუშაობას. ––––



თაკო ფეიქრიშვილი
რობი ზარიძე

Comments


bottom of page