წმ. ვალენტინი, იგივე ვალენტინ ტერნელი (ტერნი, იტალია), ქრისტიანი ეპისკოპოსი და წამებული, წმიდანად იქნა შერაცხული კათოლიკე, მართლმადიდებელი და, მოგვიანებით, ანგლიკანური ეკლესიის მიერ, მიჩნეულია შეყვარებულთა მფარველად.
![](https://static.wixstatic.com/media/3230ff_0d9809ebbd1b4c04a7570166c603b51f~mv2.webp/v1/fill/w_810,h_450,al_c,q_85,enc_avif,quality_auto/3230ff_0d9809ebbd1b4c04a7570166c603b51f~mv2.webp)
უძველესი ისტორიული წყარო, რომელიც გვაწვდის ცნობებს წმ. ვალენტინის შესახებ, V-VI ს-ის ეკლესიის ოფიციალური დოკუმენტია, სადაც საუბარია მისი სიკვდილის წლისთავზე. VIII ს-ის სხვადასხვა დოკუმენტი გვამცნობს რამდენიმე დეტალს მის მოწამებრივ სიკვდილზე: წამება, თავის მოკვეთა და დასაფლავება.
ვალენტინი პატრიცების ოჯახის წარმომადგენელი იყო. ქრისტიანად მოქცეული, სულ რაღაც 25 წლის ასაკში, 197 წელს, ტერნის ეპისკოპოსად აკურთხეს. 270 წელს ვალენტინი, ორატორ კრეტონის მიწვევით, რომში ჩადის სახარების საქადაგებლად და წარმართების მოსაქცევად. იმპერატორმა კლავდიუს II-მ მას რელიგიური მსახურების შეწყვეტა და ქრისტიანობისაგან განდგომა მოსთხოვა, რაზედაც უარი მიიღო; უფრო მეტიც, ვალენტინმა თვით იმპერატორს შესთავაზა გაქრისტიანება. კლავდიუს II-მ იგი შეიწყალა.
ვალენტინი, უკვე მეორედ, კლავდიუსის მემკვიდრის, ავრელიუსის მმართველობისას დაიჭირეს. რომაელმა ჯარისკაცებმა იგი ქალაქგარეთ, ფლამინიას ქუჩაზე გაიყვანეს გასაშოლტად, ვინაიდან შეეშინდათ, ქალაქში მის მომხრეებს ამბოხება არ მოეწყოთ, რადგანაც ვალენტინის მიმდევრების რიცხვი საკმაოდ დიდი იყო.
ავრელიუსის ბრძანებით, ვალენტინი აწამეს273 წლის14 თებერვალს, 98 წლის ასაკში. იგი ფლამინიას ქუჩაზე, ნეკროპოლთან ახლოს, ტერნის ბორცვზე დაკრძალეს. IV ს-ში ამ ადგილზე ბაზილიკა ააგეს, სადაც დაცულია წმიდანის რელიკვიები. როგორც ირკვევა, რელიკვიები ქალაქში ფილოსოფოს კრეტონის მოწაფეებმა – აპოლონიომ, ეფებომ და პროკურომ ჩამოიტანეს; სამივე მათგანი მომავალმა წმიდანმა მოაქცია ქრისტიანულ სარწმუნოებაზე, რის გამო მათაც მოწამებრივი გზით დაასრულეს სიცოცხლე.
![](https://static.wixstatic.com/media/3230ff_386e55d9289b45599b209cce333d6033~mv2.jpg/v1/fill/w_980,h_735,al_c,q_85,usm_0.66_1.00_0.01,enc_avif,quality_auto/3230ff_386e55d9289b45599b209cce333d6033~mv2.jpg)
წმიდა ვალენტინის რელიკვიების მფლობელობაზე მრავალი ეკლესია-მონასტერი აცხადებს პრეტენზიას. 1836 წელს იპოლიტეს კატაკომბებიდან ტიბურტინის გზაზე (ლათ.Via Tiburtina - ანტიკური გზა ძველ რომში) ამოღებულ იქნა ნეშტი, რომელიც წმიდა საყდარმა აღიარა წმიდანის რელიკვიად. პაპმა გრიგოლ XVI-მ ეს რელიკვია გადასცა კარმელელთა ეკლესიას დუბლინში. რომის ბაზილიკაში Santa Maria in Cosmedin დაცულია გვირგვინით შემკული თავის ქალა, რომელიც წმ. ვალენტინს უნდა ეკუთვნოდეს. 2017 წლის თებერვალში 3D-დიზაინერმა სისერო მორაისომ ამ თავის ქალის საფუძველზე აღადგინა წმიდანის სახე.
წმ. ვალენტინის პიროვნება ასოცირდება რომანტიკულ სიყვარულთან და შეყვარებულებთან, მაგრამ დანამდვილებით ვერავინ იტყვის, თუ რად მიაწერენ მას ყოველივე ამას. არსებობს რამდენიმე ლეგენდა; ერთ-ერთის მიხედვით, იმპერატორმა კლავდიუსმა ქორწინება აკრძალა იმ მიზეზით, რომ დაუქორწინებელი მამაკაცები კარგი ჯარისკაცები იქნებოდნენ. ამ დეკრეტის მიუხედავად, ახალგაზრდა მღვდელი ვალენტინი მალულად სწერდა ჯვარს წყვილებს. როდესაც ეს ამბავი იმპერატორმა შეიტყო, ვალენტინი დააპატიმრა. საპატიმროში მას ციხის ზედამხედვლის ბრმა ქალიშვილი შეუყვარდა, რომელიც განკურნა.
ცნობილია ის ფაქტი, რომ 496 წელს, პაპმა გელასიმ გააუქმა ლუპერკალიის(ლათ. Lupercus - ღმერთ ფავნის ერთ-ერთი მეტსახელი) რომაული დღესასწაული და 14 თებერვალი გამოაცხადა წმ. ვალენტინის დღედ, იმ მიზნით, რომ ქრისტიანული სული ჩაედო მასში.
ეს დღე შეყვარებულების დღედ იყო აღიარებული და ყველა ზეიმობდა. მთელ მსოფლიოში შეყვარებულები სასიყვარულო ბარათებსა და საჩუქრებს უცვლიდნენ ერთმანეთს. ამ დღესასწაულის შესახებ უტყუარი ისტორიული წყაროები არ მოგვეპოვება. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თეზისი წმ. ვალენტინის, ანუ შეყვარებულთა დღესასწაულის შესახებ ინგლისელ პოეტს, ჯეფრი ჩოსერს (1343-1400) უნდა მიეწეროს, რომელიც თავის პოემაში ,,ჩიტების პარლამენტი“ ამ დღესასწაულს რიჩარდII ინგლისელისა და ანა ბოჰემიელის დანიშვნას უკავშირებს.
![](https://static.wixstatic.com/media/3230ff_259f76e51ebb4d9ca19ac143be3f0342~mv2.jpg/v1/fill/w_716,h_1024,al_c,q_85,enc_avif,quality_auto/3230ff_259f76e51ebb4d9ca19ac143be3f0342~mv2.jpg)
ისტორიული ფაქტები წმ. ვალენტინის შესახებ არაერთგვაროვანია, მასზე მრავალი ლეგენდა არსებობს, რომელიც უკვე ხალხური ტრადიციის ნაწილად იქცა, მაგრამ ამ ლეგენდებს საფუძვლად შეიძლება ნამდვილი ამბებიც ედოს; ერთ-ერთი ლეგენდა ახალგაზრდა ჭაბუკ საბინოზე, რომაელ ასისთავზე მოგვითხრობს; ერთხელ, ტერნის მოედანზე სეირნობისას, მან მშვენიერი ქალწული, სერაპია შენიშნა და მაშინვე შეუყვარდა იგი. საბინომ სერაპიას მშობლებს მისი ხელი სთხოვა, მაგრამ სასტიკი უარი მიიღო: საბინო წარმართი იყო, ხოლო სერაპია- ქრისტიანი. ეს დაბრკოლება რომ გადაელახა, სერაპიამ თავის შეყვარებულს ურჩია, წასულიყო ეპისკოპოს ვალენტინთან და მონათლულიყო, მერე კი საკუთარი ოჯახის წევრებისთვისაც გაეცნო ეს სარწმუნოება. სიყვარულის გამო საბინო ასეც მოიქცა. სამწუხაროდ, როდესაც ნათლობისთვის ემზადებოდნენ, სერაპია ტიფით დაავადდა. ვალენტინი მომაკვდავი ქალწულის სასთუმალთან მიიხმეს. საბინომ სერაპიას სთხოვა, უარი არ ეთქვა მათ სიყვარულზე, მის გარეშე მას სიცოცხლე მხოლოდ ტანჯვად ექცეოდა. ვალენტინმა მონათლა ჭაბუკი და ჯვარიც დასწერა შეყვარებულებს, აკურთხა მათი სიყვარული და ეს ორი გული სამარადისოდ შეუერთა ერთმანეთს.
სხვა ლეგენდის მიხედვით, წმ. ვალენტინს დიდი ბაღი ჰქონდა, სადაც ნაირ-ნაირი ლამაზი ყვავილი ხარობდა; იგი პატარებს ამ ბაღში თამაშის ნებას რთავდა. მზის ჩასვლისას, ბაღში ჩასულ ვალენტინს ბავშვები გარს შემოეხვეოდნენ ხოლმე ყიჟინით, ისიც დალოცავდა მათ და ყოველ მათგანს ერთ ლამაზ ყვავილს ჩუქნიდა, თან არიგებდა, რომ ყვავილი დედისთვის მიერთმია, ნიშნად მშობლების მიმართ პატივისცემისა და სიყვარულისა. ამბობენ, რომ სწორედ აქედან მომდინარეობს საყვარელი ადამიანებისათვის საჩუქრის მიძღვნის ტრადიცია.
მოამზადა მამა გაბრიელე ბრაგანტინიმ
Comments