პაპმა ფრანცისკემ გამოაცხადა, რომ წმიდა ოჯახს ეძღვნება სპეციალური წელი, “Amioris Laetitia”. მისი ინაუგურაცია ანუ უფლებამოსილებაში შესვლის სადღესასწაულო ცერემონია, წმინდა იოსების დღესასწაულზე გაიმართება და დასრულდება მსოფლიო ოჯახების მეათე შეხვედრაზე, 2022 წლის ივნისში, რომში.
წმინდა მამამ „ანგელუსის“ ლოცვისას აღნიშნა, რომ ოჯახებში არ უნდა დაგვავიწყდეს სამი სიტყვა: „ბოდიში, გთხოვ, მადლობა“.
„ქრისტეს შობის შემდგომი ლიტურგია, მოგვიწოდებს თვალი მივაპყროთ წმინდა ოჯახს. იოსებს, მარიამსა და იესოს. როგორც ყველა ბავშვი, იესოც საჭიროებდა ოჯახურ სითბოს. ზუსტად ამიტომ, ნაზარეთელი წმინდა ოჯახი ყველა ოჯახისთვის შთაგონების წყაროდ უნდა იქცეს“, - განაცხადა წმინდა მამამ.
პაპმა შეგვახსენა, რომ ყველა ოჯახმა ხელახლა უნდა აღმოაჩინოს ოჯახური აღზრდის ახალი პერსპექტივა, რომელიც დაფუძნებულია სიყვარულზე და იძლევა იმედს. „ოჯახში უნდა სუფევდეს გულახდილი თანაზიარება, სადაც ოჯახი იქნება ლოცვის სახლი, სადაც იქნება წმინდა სიყვარული, სადაც მიტევება აღემატება უთანხმოებას, სადაც ყოველდღიურ საზრუნავს გადაფარავს ურთიერთგაგება და სადაც უსიტყვოდ მიიღებენ უფლის ნებას. ყოველ ოჯახში არის პრობლემები და კამათი, მაგრამ გვახსოვდეს, რომ ვართ მხოლოდ სუსტი ადამიანები“, - ხაზი გაუსვა პაპმა.
„როცა იკამათებთ ოჯახში, დღეს ნუ დაასრულებთ მშვიდობის გარეშე, იცით რატომ? იმიტომ, რომ „ცივი ომი“ მეორე დღეს გაცილებით საფრთხის შემცველია. ეს კი არაფერში დაგვეხმარება. ყოველ ოჯახში უნდა ისმოდეს სამი სიტყვა: მაპატიე, გთხოვ, მადლობა. ითხოვე მორიდებით, ვინაიდან შეუძლებელია მეორე ადამიანის ცხოვრების დამძიმებით, საკუთარის შემსუბუქება. გამოხატე მადლიერება, ვინაიდან მადლიერების გრძნობა მეტყველებს დიდსულოვნებაზე, ითხოვე პატიება და მიუტევე, ვინადიან ხანდახან ჩავდივართ ცუდ საქციელს და ამით შევურაცხყოფთ სხვებს. ნუ დაგავიწყდებათ ამ სამი სიტყვის ხშირად გამეორება და თუ ოჯახში ხშირად ისმის ეს სიტყვები, ის ოჯახი ძლიერია".
პაპის თქმით, წმინდა ოჯახის დღესასწაული გვაძლევს საშუალებას აღმოვაჩინოთ ოჯახური და ცოლ-ქმრული სიყვარულის ახალი იდეალი, როგორც ეს ხაზგასმული იყო Amoris Laetitia-ს სამოციქულო დოკუმენტში, რომლის გამოცხადების მეხუთე წლისთავიც 19 მარტს აღინიშნება. ეს წელი, რომელსაც პაპი დააგვირგვინებს, იქნება უკეთ ჩაღრმავებისა და გააზრების კარგი საშუალება.
„ეს ნააზრევი ხელმისაწვდომი იქნება ეკლესიის საკრებულოებისა და ოჯახებისათვის, რათა თან სდევდეს მათ თავიანთი ცხოვრების გზაზე. ამ წუთიდან მოგიწოდებთ ყველას, ჩაერთოთ ყველა იმ ინიციატივაში, რომელიც იქნება ამ წელს დაგეგმილი და ორგანიზებული წმინდა საყდრის, საეროთა, ოჯახებისა და სიცოცხლის დიკასტერიის ხელმძღვანელობით. ეს პროცესი, მთელი მსოფლიოს ოჯახებთან ერთად, მივანდოთ წმინდა ოჯახს. განსაკუთრებით წმინდა, მზუნველ და მოსიყვარულე იოსებს“, - აღნიშნა წმინდა მამამ.
წყარო: Vatican News
თარგმანი: შოთა გიქოშვილი
Comments