top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმინდა ბონავენტურას მოხსენიება – 15 ივლისი


ბონავენტურად წოდებული ფრანცისკანელი ბერი ჯოვანი ფიდანცა, 1221 წელს ბანიორეჯოში (ვიტერბო) დაიბადა. შეძლებული ექიმის ოჯახში. ჯოვანი (იოანე) ნათლისღებისას დაარქვეს, შემდგომში კი მას სხვადასხვა სახელებს ეძახდნენ: Bonaventura, Bona Ventura, Bona Adventura, Bonafortuna, რომელთაგან საბოლოოდ პირველი მათგანი შერჩა.


იგი სუსტი ჯანმრთელობის ბავშვი ყოფილა და დედას აღთქმა დაუდია, რომ თუ გადაიტანდა ავადმყოფობას, აღზრდიდა მას ღვთის მსახურად. ბანორეჯოში ამ პერიოდში გაჩერებულა ფრანჩესკო ასიზიელი. გადმოცემის თანახმად, აქაურ მღვიმეში მას განუკურნავს ავადმყოფი ბავშვი. მისი სიტყვებია «O buona ventura!» (ო, კეთილო იღბალო!).


როგორც ჩანს, ამ ფაქტმა განაპირობა შემდგომში მისი ბერად შედგომა და ფრანცისკელთა ორდენის წევრად გახდომა.


1225-1234 წწ. ბონავენტურა ფრანცისკანულ მონასტერში სწავლობდა.


1234 წელს პარიზში ჩადის და უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი ხდება, მალე მაგისტრის წოდებას იღებს.


1234 წელს ბონავენტურამ დაიწყო მოღვაწეობა პარიზის ფრანცისკანულ მონასტერში ალექსანდრე ჰალესელის ხელმძღვანელობით, მისი სიკვდილის შემდგომ კი სწავლა ოდო რიგალთან და ვილჰელმ მელიტონელთან გააგრძელა, 1248 წელს ბიბლიური ბაკალავრი გახდა და წმინდა წერილის კურსის კითხვა დაიწყო, 1253 წელს, მას შემდეგ, რაც პეტრე ლომბარდიელის სენტენციების კომენტარები შეადგინა, პარიზის უნივერსიტეტის კანცლერისაგან ღვთისმეტყველების დოქტორის ტიტული მიიღო.


1257 წელს ბონავენტურას ფრანცისკანელთა ორდენის გენერლად ირჩევენ, რის გამოც იგი საბოლოოდ ანებებს თავს პედაგოგიურ საქმიანობას და მთელ თავის ძალისხმევას ორდენის საქმიანობას უკავშირებს როგორც პარიზში, ისე იტალიაში. იგი იცნობდა და ურთიერთობა ჰქონდა რომის პაპებთან – ალექსანდრე IV-სთან, ურბან IV-სთან და კლიმენტი IV-სთან. ამ უკანასკნელმა ბონავენტურა იორკის არქიეპისკოპოსად დანიშნა, თუმცა თავისივე თხოვნით, ძველ თანამდებობაზე დარჩა.


1237 წ. ის პაპმა გრიგოლ X-მ ალბანის ეპისკოპოსად დაადგინა და კარდინალის ხარისხი მიანიჭა. 1274 წელს იგი პაპს ლეონ II-ს საეკლესიო კრების მომზადებაში ეხმარებოდა. ამ დროს მოულოდნელად გაცივდა და კრების ერთ-ერთი სხდომის დროს (15 ივლისს) გარდაიცვალა.


ბონავენტურა კანონიზირებულ იქნა 1482 წ. 14 აპრილს, პაპ სიქსტუს IV-ის ინიციატივით. პაპმა სიქსტუს V-მ იგი 1588 წლის 14 მარტს ეკლესიის მასწავლებლად დაადგინა, ხოლო პიუს X-მ მას ძველი წოდების – doctor devatus (ერთგული დოქტორი) – ნაცვლად doctor seraphicus (სერაფიკული დოქტორი) წოდება მიანიჭა. ის კათოლიკურ ეკლესიაში იხსენიება 15 ივლისს.


ბონავენტურა ამტკიცებდა, რომ ყოველი ქმნილება მატერიისა და ფორმისგან შედგება, ღმერთი კი წმინდა ფორმაა.


- მატერიალურ, სხეულებრივ ქმნილებებში მატერია სხეულებრივია.

- სულიერ ქმნილებებში მატერია სულიერია (სამშვინველი).


ადამიანის სამშვინველი (სულიერი) არ არის წმინდა ფორმა, რადგანაც მასაც გააჩნია მატერია (სული). ადამიანი არის „სული, რომელიც სარგებლობს სხეულით“ და არაა მასზე დამოკიდებული: ამ თეორიის მიხედვით, ადამიანის მთლიანობა საკმაოდ გართულებულია.


ბონავენტურას ძირითადი ნაშრომია „პიეტრო ლომბარდოს მოსაზრებათა კომენტარი“, მის საუკეთესო მისტიკურ შრომად კი ითვლება „გონების გზა ღმერთისკენ“.

არისტოტელეს საწინააღმდეგოდ, ბონავენტურა მიიჩნევს, რომ ყველა სახის შემეცნება არ მომდინარეობს გრძნობებისგან: მაგალითად, სამშვინველი გარეგან გრძნობათა დაუხმარებლად შეიცნობს ღმერთსა და საკუთარ თავს. გრძნობებიდან მომდინარეობს სახეობები, ანუ მსგავსებანი საგნებისა, რომლებიც საგანთა გამოსახულებებია. მაგრამ ამ გრძნობად სახეობებს სამშვინველი ვერ გამოიყენებდა ღმერთის მიერ ბოძებული წარმმართველი ნათლის გარეშე, რომელიც ცოდნის ორგანიზებასა და დაყოფაში უძღვება მას.


ბონავენტურასთვის სამშვინველი სხეულის მამოძრავებელი ძალაა. ის არ არის წმინდა ფორმა (როგორც არისტოტელეს მიმდევრები ამტკიცებდნენ), მას საკუთარი მატერია გააჩნია. ამგვარად, ის სუბსტანციაა, ამ ტერმინის სრული მნიშვნელობით: სხეულისაგან განცალკევებადი, უძლეველი და უკვდავი.


ბონავენტურა აღიარებს შემეცნებაში ადამიანის ინიციატივის უნარსა და მისი ქმედების თავისუფლებას. შემეცნების წარმმართველი ღვთაებრივი შუქი ადამიანის საქციელსაც წარუძღვება. ეს შუქი არის sinderes, გონების ნაპერწკალი: განსჯის ბუნებრივი კრიტერიუმი, რომელიც ადამიანს სიკეთისკენ წარმართავს, ინტელექტის პრინციპები კი, რომლებიც ასევე ღვთიური ნათელმყოფელი ქმედების შედეგად გვევლინებიან, ადამიანს ჭეშმარიტებისკენ მიუძღვიან.


გარდაიცვალა 1274 წელს 53 წლის ასაკში.


catholic.ge

コメント


bottom of page