9 აგვისტოს კათოლიკე ეკლესია აღნიშნავს ევროპის მფარველის, ქალწულისა და წამებულის, წმინდა ტერეზა ბენედიქტა ჯვრისას, იგივე ედით შტაინის დღესასწაულს.
წმინდა თერეზა ბენედიქტა ჯვრისა იყო გერმანელი ებრაელი ფილოსოფოსი, რომელიც კათოლიკედ მოინათლა და კარმელიტელთა მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა. 1942 წელს იგი ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში – ოსვენციმში გარდაიცვალა. კანონიზებულია მოწამე წმინდანად, რომის კათოლიკე ეკლესიაში, იოანე პავლე II-ის მიერ 1998 წლის 11 ოქტომბერს.
წმინდა თერეზა (ედით შტაინი) დაიბადა 1891 წლის 12 ოქტომბერს, გერმანიის ქალაქ ბრესლაუში (დღევანდელი პოლონეთის ქალაქი ვროცლავი), ებრაელების ოჯახში.
იგი თერთმეტი შვილიდან ყველაზე უმცროსი იყო. ედითის დაბადებისას მისი ოჯახი აღნიშნავდა იომ–ქიფურს, უმაღლეს ებრაულ დღესასწაულს, იგივე „გამოსყიდვის დღეს“. ”ყველაფერზე მეტად, ეს დაეხმარა დედას განსაკუთრებით ძვირფასი ყოფილიყო მისთვის უმცროსი შვილი”. მომავალი კარმელიტისთვის სწორედ მისი დაბადების თარიღი იყო „დაპირება“.
ორი წლის იყო, როცა მამა, ზიგფრიდ შტაინი, გარდაიცვალა და მასზე მზრუნველობა მთლიანად დედამ იკისრა. დედა საკმაოდ რელიგიური იუდეველი იყო, თუმცა მოზარდობის პერიოდში ედითმა მიატოვა ებრაული რწმენა.
მან შესანიშნავი განათლება მიიღო: შეისწავლა გერმანული ენა, ფილოსოფია, ფსიქოლოგია და ისტორია ბრესლაუს, გეტინგენისა და ფრაიბურგის უნივერსიტეტებში. დისერტაცია დაიცვა გეტინგენის უნივერსიტეტში თემაზე „ემპათიის პრობლემის შესახებ“ („Zum Problem der Einfühlung“), რის შემდეგაც ედმუნდ ჰუსერლის ყურადღება მიიპყრო და პროფესორის ასისტენტად დაიწყო ფრაიბურგის უნივერსიტეტში მუშაობა.
ედით შტაინი ჰუსერლის გარემოცვაში დაუმეგობრდა კათოლიკეებს, რომლებთან ურთიერთობამ ახალგაზრდა ფილოსოფოსზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მონათვლის სურვილი გაუღვივა.
1921 წელს, მეგობართან სტუმრობისას, ედითმა მთელი ღამე იკითხა მე-16 საუკუნის კარმელიტი მონაზვნის წმინდა ტერეზა ავილას ავტობიოგრაფია. ”როდესაც წიგნი დავასრულე“, – იხსენებს იგი მოგვიანებით – ”ვუთხარი ჩემს თავს: ეს არის სიმართლე”.
1922 წლის 1 იანვარს ბად-ბერგცაბერნის წმიდა მარტინის ტაძარში ედით შტაინი კათოლიკედ მოინათლა და თერეზას სახელი მიიღო.
ედითი მონაზვნად აღკვეცამდე სამეცნიერო საქმიანობას აგრძელებდა: ასწავლიდა სხვადასხვა უნივერსიტეტში, გამოსცემდა მოცულობით სტატიებს, თარგმნიდა თომა აკვინელის თხზულებებს გერმანულ ენაზე და თან ურთავდა კომენტარებს. პარალელურად კი, მონაზვნობისთვის ემზადებოდა.
1933 წელს ნაციზმის აღზევებამ, ედიტის ებრაულ ეროვნებასთან ერთად, ბოლო მოუღო მის პედაგოგიურ კარიერას. დედასთან მტკივნეული განშორების შემდეგ, რომელსაც არ ესმოდა მისი ქრისტიანული მოქცევა, 1934 წელს, იგი შევიდა კარმელიტის მონასტერში, მიიღო სახელი "თერეზა ბენედიქტა ჯვრისა", როგორც ტანჯვის მიმღების სიმბოლო.
ორი წლის შემდეგ, მან პირველი დროებითი სამონაზვნო აღთქმა დადო, სამი წლის შემდეგ კი - სამუდამო აღთქმა.
მიუხედავად სამონასტრო ცხოვრებისა, მას არ შეუწყვეტია სამეცნიერო მოღვაწეობა. რამდენიმე წლის შემდეგ, დაწერა მოცულობითი გამოკვლევა ესპანელი კარმელიტელი მისტიკოსისა და პოეტის, წმიდა ხუან დე ლა კრუსის შესახებ.
1939 წელს ტერეზა ბენედეტამ ნიდერლანდების პატარა ქალაქ ეხტს შეაფარა თავი.
1942 წლის 7 აგვისტოს კი იგი გესტაპომ მონასტრის ეზოში დააკავა და მატარებლის ვაგონით ოსვენციმში გაგზავნა, სადაც 9 აგვისტოს, სხვა ებრაელებთან ერთად, გაზის კამერაში გარდაიცვალა.
1998 წელს, წმინდა იოანე პავლე II-მ იგი წმინდანად შერაცხა, მომდევნო წელს კი, ევროპის თანამფარველად გამოაცხადა.
catholic.ge
Comments