წმინდა პატრიკი 385 წელს, რომაულ ბრიტანეთში დაიბადა. მას კელტური სახელი, სუკატი ერქვა. 16 წლის ასაკში მოიტაცეს და ირლანდიაში წაიყვანეს. სუკატი იქ 6 წელი ცხვრებს მწყემსავდა და მალევე შეისწავლა ირლანდიური ენა.
თუმცა სუკატმა გემით ჩრდილოეთ საფრანგეთში გაქცევა მოახერხა. იქ მან მიიღო განათლება იმ დროის ორ ყველაზე ცნობილ მისიონერულ სკოლაში:ერინსა და ოსერში. გაიარა სწავლება მისიონერთა მუშაობისთვის. იყო წმ. გერმან ოსერელის მოწაფე. სუკატი დარჩა იტალიაში და გარკვეული პერიოდი, ტირენიის ზღვის კუნძულებზე ბერების კელიებში გაატარა.
იმ პერიოდში, წმინდა პაპის ცელესტიუს I–ისმიერ წარგზავნილი მისიონერი ეპისკოპოსი, წმინდა პალადი გარდაიცვალა და გადაწყდა, რომ მის ადგილზე პატრიკი წარეგზავნათ. 432 წელს, მას ეპისკოპოსად ხელი დაასხა პაპმა და წარგზავნეს ირლანდიაში. პატრიკმა ირლანდიაში იპოვა ქრისტიანთა მცირე ჯგუფი, თუმცა ისინი იმდროინდელ წარმართთა ზღვაში „პატარა წვეთები“ იყვნენ.
ქვეყანას მართავდნენ ტომთა ბელადები და დიდგვაროვანი ოჯახები. წარმართი მღვდლები ძალიან გაბედულები იყვნენ. პატრიკმა თავისი ზომიერებითა და ნიჭით მოახერხა მათი უმეტესი ნაწილის მოქცევა სარწმუნოებისკენ. მან მოიარა მწვანე კუნძულის სხვადასხვა მხარე, მივიდა მათ მმართველებთან და სთხოვა ნებართვა სახარების ქადაგებისთვის. დააარსა თავისი დედაქალაქი არმაგში, საიდანაც მოგზაურობდა მთელს ქვეყანაში.
ყოფილა შემთხვევები, როცა მისიის შესრულებაში ხელს უშლიდნენ; იყო მისი სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაც. თუმცა მთლიანობაში, თავისმისიას მშვიდ ვითარებაში ასრულებდა. მან მოიპოვა როგორც ცალკეული მმართველების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის კეთილგანწყობა. ზოგიერთი ეთნიკური ჯგუფის მმართველები რომ არ გაეღიზიანებინა, ცალკეული ტომებისთვის დანიშნა ეპისკოპოსები. მღვდლები, რომელთა ამოცანაც იყო ეპისკოპოსების დახმარება, ისევე, როგორც ამას აკეთებდნენ წმ. ავგუსტინე და წმ. გერმანე, რომ მონასტრებს ეცხოვრათ საზოგადოებაშიც. მან ლიტურგიაში შემოიტანა რიტუალი, რომელიც მაშინ ფართოდ იყო მიღებული გალიაში (საფრანგეთი).
მთელი კუნძულის მოსაქცევად წმინდა პატრიკს სჭირდებოდა ძალიან ბევრი ადამიანი. მის მოხმობაზე უამრავი მისიონერი მოდიოდა. თუმცა მისთვის ყველაზე დიდ დახმარებას წარმოადგენდნენ განდეგილი ბერები, სწორედ მათ ადგილებში ჩამოაყალიბა სამწყსოები. ასე, რომ მხოლოდ ირლანდიაში წარმოიშვა უცნაური წესი, სადაც აბატებიიყვნენ ეპისკოპოსები, ხოლო ბერები მათი დამხმარეები.
ამ მისიაში პატრიკისთვის მთავარ დასაყრდენს წარმოადგენდა წმინდა კიერანი. გადმოცემის თანახმად, წმინდა პატრიკმა წმინდა კიერანს გადასცა ზარი, რომლითაც უნდა მოეხმო ბერები და მორწმუნეები ლიტურგიულ ლოცვაზე. ეს იყო ირლანდიის თავისებურება. შემდეგში,ზარის რეკვის ტრადიცია,მთელს ევროპაში გაავრცელეს ირლანდიელმა ბერებმა.
წმინდა პატრიკმა თავისი სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა მონასტრის მშვიდ გარემოში, ლოცვასა და ასკეტიზმში. მოციქულეობრივი შრომით დაქანცულმა,461 წლის 17 მარტს,არმაგში (ულსტერი, ჩრდილოეთ ირლანდია) სული უფალს მიაბარა.მას შემდეგ ეს ქალაქი გახდა ირლანდიის პირმასების დედაქალაქი. პატრიკმა 76 წელი იცოცხლა, მათ შორის 40 წელი გაატარა ირლანდიაში. ირლანდია მას პატივს მიაგებს, როგორც საკუთარ მოციქულს, მამასა და მფარველს. იგი ასევე არის დალაქთა, მჭედელთა, მაღაროელთა, სულით დაცემულთა და შინაური ცხოველების მომვლელთა მფარველი.
იკონოგრაფიაში წმინდა პატრიკი გამოსახულია საეპისკოპოსო შესამოსელში. მისი ატრიბუტიკაა სამყურა ფოთოლი და გველი.
შოთა გიქოშვილი
Comentarios