24 აპრილს, კათოლიკე ეკლესია მოიხსენიებს წამებულ წმინდანს, მღვდელ ფიდელ სიგმარინგენელს.
“თუ მომკლავენ, სიკვდილს სიხარულით მივიღებ, ჩვენი უფლის სიყვარულის გამო. ბედნიერი ვიქნები ამ დიდი წყალობისათვის”.
მარკ რეიდი, შემდგომში ძმა ფიდელი, 1577 წელს, ქალაქის მერის ოჯახში დაიბადა. იგი ძმებს შორის ყველაზე ნიჭიერი ბავშვი იყო. სწორედ ამიტომ, მამა მას აძალებდა, რომ განათლება მიეღო.
1604 წელს, ერთმა დიდგვაროვანმა მას თავისი შთამომავლები და შვილები სასწავლებლად მიანდო. ამ პატარა ბავშვებთან ერთად მარკმა ჩამოაყალიბა მოძრავი სკოლა იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში. იგი სახლში მხოლოდ 6 წლის შემდეგ დაბრუნდა, რათა მიეღო იურისტის ხარისხი და გამხდარიყო ღარიბების ადვოკატი.
ადვოკატობიდან უპოვარ ბერობამდე
34 წლის ასაკში, მარკმა ყველას გაოცება მოახერხა – ითხოვა მღვდლად ხელდასხმა, თუმცა უფრო მეტი სურდა; იგი შევიდა ფრაიბურგის კაპუცინელთა ორდენში, რომელიც გაცილებით მკაცრად მიჰყვებოდა ფრანცისკელთა პირვანდელ სულისკვეთებას. აქ მან მიიღო სახელი „ფიდელი“ და დაიწყო ცხოვრება მარხვაში მონანიებითა და ლოცვებით.
მონასტერში იგი სხვადასხავა თანამდებობაზე მსახურობდა. შეისწავლა თეოლოგია და დაინიშნა ველტიკირხენის მონასტრის ზედამხედველად, რომელშიც მისი გამბედაობით და შავი ჭირის ეპიდემიის დროს ავადმყოფთა მსახურებით, მოიხიბლნენ. ძმა ფიდელი სხვებისგან გამოირჩეოდა ძლიერი და ღრმა ფესვების მქონე სიტყვით, რომლითაც მოჰყავდა უამრავი მოქცეული, ისრებივით ერჭობოდნენ მისი სიტყვები ერეტიკოსებს. მისი საუბრები პირდაპირი და უბრალო იყო, გასაგები, როგორც ლიტერატორებისთვის, ასევე გლეხებისთვის, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, იგი ორიენტირებული იყო სიწმინდისაკენ.
მისია შვეიცარიაში
ძმა ფიდელის სიტყვები იმდენად სუფთა იყო, რომ მან მიიღო ძალზედ დელიკატური დავალება - გამგზავრებულიყო რაეტიაში, დღევანდელ შვეიცარიაში, კანტონ გარუბუნდენის, ტიროლისა და ნაწილი ბავარიის რეგიონში საქადაგებლად. ამ მიდამოებში უკვე რამდენიმე წელი ფესვი გაედგა კალვინიზმს, რომელიც ენათესავებოდა პროტესტანტული რეფორმაციის სწავლებას, რომელსაც ხელმძღვანელობდა ფრანგი ღვთისმეტყველი, ჯან კალვინი. აქ კალვინისტებსა და კათოლიკეებს შორის კონფლიქტები ყოველდღიურობის ნაწილი იყო. ძმა ფიდელს, რომელიც ქადაგებდა მამების რწმენაში დაბრუნებას, არც თუ ისე კეთილგანწყობით უყურებდნენ. წირვის დროს მას ვიღაცამ ესროლა კიდეც, თუმცა ფიდელი სულით არ დაეცა, იმის მიუხედავად, რომ იცოდა მისი დღეები დათვლილი იყო.
1622 წლის 24 აპრილს ძმა ფიდელი კალვინისტებისგან მიიღო მოწვევა, რომ სევისში ექადაგა. მან არ იცოდა, რომ მახე დაუგეს. ქადაგებისას დაიწყო ბუნტი, მაგრამ ფიდეს სურდა ქადაგება დაესრულებინა ბოლომდე. როცა ტაძრიდან გამოდიოდა, დაახლოებით ოცმა შეიარაღებულმა ჯარისკაცმა ალყა შემოარტყა და უბრძანეს უარყოფა იმ ქადაგებისა, რომელიც წარმოთქვა, მაგრამ მათ ძმა ფიდელისგან უარი მიიღეს. დაუწყეს თავში ცემა და ხმლებით აკუწვა, მაგრამ მან მოასწრო და თავის მკვლელებს მიუტევა.
ჯერ კიდევ მორჩილებაში ყოფნისას, როდესაც მას სახელად ფიდელი მისცეს, მან გაიმეორა ციტატა გამოცხადების წიგნიდან: “იყავი სიკვდილამდე ერთგული და მიიღებ სიცოცხლის გვირგვინს”. თითქოს ამით ისტორია დასრულდა, მაგრამ ეს ასე არ იყო, რადგან ხშირად მოწამეთა სისხლი ნიადაგს ანოყიერებს. ძმა ფიდელის მოწამეობრივმა სიკვდილმა სასწაულებრივად, დაჩქარებული წესით შეარიგა კათოლიკეები და კალვინისტები, ასევე ბევრი მოიქცა მამების რწმენისაკენ.
შოთა გიქოშვილი
Comments